ქართული სივრცის ამოუცნობი ფენომენი

(ფრაგმენტი გივი ალაზნისპირელის ხუთწიგნეულიდან “მსოფლიოს დასაბამისეული აღმოჩენა”. ოთხი ტომი გამოიცა თბილისში 1994-2006 წლებში, I, II და III ტომები ერთ წიგნად – მოსკოვში 2002 წელს).

2006 წელს შევიარე ერთ-ერთ ქართულ ტელეკომპანიაში. მათი რადიომაუწყებლობის პრეზიდენტმა და თანამშრომელმა დამისვეს რამდენიმე შეკითხვა ძველქართულ ეზოთერიასთან დაკავშირებით. მიჩვეული ვარ, სადაც მივალ, კითხვების კორიანტელში ვხვდები; რაღა თქმა უნდა, იქაც დედამიწის შიდა არსობრიობის საკითხზე ავლაპარაკდი. ჯერ ყურადღებით მისმენდნენ...

მას შემდეგ, რაც ეზოთერულ სიბრძნეს ვეზიარე, ჩვენი უწინდელი წინაპრების კოსმოგონიური ცოდნიდან გამომდინარე, მოსახლეობას ვთავაზობ ნამეტან უცნაურ კონცეფციებს კავკასიის ტერიტორიის ქვემოთ არსებული უდიდესი სივრცის შესახებ. ამის თეორიულად დასაბუთების მიზნით იმ წლებშივე გამოვიყენე კვერცხის ფენომენი და ასეთი მოსაზრება გამოვთქვი: ვინაიდან, ბუნების სურვილით, ცილა ერთ ადგილზე ოდნავ ჩაღრმავებულია და იქ სიცარიელეა... – ეს კი ელიფსისა და პარადოქსის ერთობლიობის კანონია, – ასეთი სიღრმე უნდა ჰქონდეს ჩვენს პლანეტას. ანუ, რადგან დედამიწაც ელიფსია და შიგნით მასიურია, იმდენად, პარადოქსის წესით, მასაც ექნება ცარიელი ადგილი, სადაც მიწა, კლდე, მაგმა ან ლავა არ არის, თუმცა ის არეალი წყლით არის ამოვსებული. ეს გრანდიოზული ქვედა ადგილი რატომღაც ჩავანებულია კავკასიის ქვეშ (ილუსტრაცია 1). რადიომაუწყებლობის წარმომადგენლები ჩუმად ისხდნენ და ყურადღებით მისმენდნენ.

სტატიების გამოქვეყნება ამ საკითხთან დაკავშირებით 90-იან წლებში დავიწყე. გავიდა დრო… ვინაიდან ახალი თაობა წამოიზარდა და ჯერაც არ იციან, რას ვეწირები ამ დიადი აღმოჩენის სახით, შუახნის მოსახლეობას ვთხოვ, მაპატიოს, თუ ახლა განვლილი წლების პირადი ნაშრომების რამდენიმე ილუსტრაციას გავიმეორებ. მათზეც უნდა ვიზრუნოთ, ვისაც არაფერი სმენია არსით ამ ვეებერთელა მიგნების თაობაზე. ამით პარალელურად ერთგვარი რეზიუმე გამომივა, რა ვთქვი პირადი გაზეთის წინა წლების ნომრებით და აწი საით განვითარდება ჩემი თხრობა. არადა, თქმა ერთია, ამას დადასტურება ესაჭიროება. მოდით, კიდევ ერთხელ მიმოვიხილავ რასთან გვაქვს საქმე აღნიშნული მიწისქვეშეთის სახით.

მითოლოგიური ტექსტები გვატყობინებენ, რომ ჩვენი პლანეტის ერთ გასაიდუმლოებულ რეგიონში, ორ ზღვას შორის არსებობს მივიწყებული მიწისქვეშა სამყაროში ჩასასვლელი კარიბჭე, რაც დიდი ხნის წინათ დაუკეტიათ. ლეგენდების გარდა, IX, X და XII საუკუნეების ძველქართულ რელიგიურ ხელნაწერებში მივაგენი ასეთ ინფორმაციას: ქვემო სივრცე არქაულ პერიოდში წარმოადგენდაო ედემს, საიდანაც დასაბამისეული ადამი(ანი) ამოსახლებულა; ანალოგიურ ამბავს ვიგებთ აგრეთვე ჩვენს ენაზე შემორჩენილი ბიბლიით. ეს – ის ზე-არეალია ამ პლანეტისა, სადაც, კაცობრიობის სულიერი ლიდერების აღწერილობით, გაბატონებულია იდეალური ყოფა; ასეთი რამ ხდება ოდესღაც. რა იყო ამის მიზეზი… ვრცლად აღარ ვისაუბრებ: ძალზედ უწინ, აღნიშნულ წიაღში ციალებდა უძლიერესი ზე-ენერგია, რაც თურმე სფერული სამყაროს აქეთა პოლუსს წარმოადგენს. მაშ, რატომ ამოვიდნენ დაბლითა სივრციდან ხმელეთზე, თუ ისინი უკეთ ცხოვრობდნენ ქვემო სამყაროში?! არსებობს ამ შეკითხვის ოთხი ლოგიკური ვერსია, რომლებიც ერთიმეორეს არ გამორიცხავენ:

პასუხი 1: ადამიანი დაბლითა სივრციდან ამოსახლდა იმიტომ, რომ ეს იყო მათი “კარმა”, ბედისწერა, ბუნების მიერ მომავლის წინაშე წინდაწინ დასახული პროგრამა. და ფაქტები?! ძველქართული ბიბლიის “ძველი აღთქმის” ერთ-ერთ თავს მოსემ უწოდა “გამოსვლათაჲ”, რითაც წინასწარმეტყველმა მიწისქვეშეთიდან ხალხის გამოსვლა-ამოსვლაზე გვანიშნა. ამ სიტყვის შინაარსს ჩააკვირდით – “გ-ამოსვლათაჲ”! ე.ი. ამოვიდნენ, მაგრამ საიდან... ამ ეტაპზე რა მნიშვნელობა აქვს, სოფელ ნუნისშია ეს ამოსასვლელი თუ სხვა ტერიტორიაზე. მთავარი ისაა, ზე-არქაულ ეპოქაში ჩვენი მოდგმა საიდანღაც გამოსულა, რაც აღარ გვახსოვს. რით დავასაბუთებ, რომ ეს მოხდა აქ? წინ გვიდევს ამის დამადასტურებელი რეალური ფაქტები – დმანისის სიახლოვეს მიწაში მიგნებული უძველესი ადამიანის ძვლები. მაშასადამე, მიწისზედა ცხოვრება და ისტორია მართლა აქედან უნდა დაწყებულიყო;

პასუხი 2: ადამიანი ქვედა სივრციდან ამოვიდა იმიტომ, რომ იქაურობამ თანდათან წყლით ამოვსება დაიწყო. მაგრამ, ხომ საოცარია, რა ეჩქარებოდათ ამოსახლება, თუ იქ რამდენიმე საუკუნე კიდევ შეიძლებოდა დადგომა? აქ უკვე სავარაუდოა, ვინაიდან ქვე-ციალის გამოსხივების უნარი იკლებდა, მეტისმეტად წახდა ზნეობრივად იქაური ყოფიერება, რასაც ზოგიერთებმა ვეღარ გაუძლეს, ხელი მოჰკიდეს ცოლ-შვილს, ამოვიდნენ “ქუეყანასა ზედა” (ესაა ქართული მიწის ერთ-ერთი უძველესი სინონიმი) და გარე მზისქვეშეთში, სადმე მიფარებულში შექმნეს პატარა დასახლება. ერთად რომ ვიყოთ, აუცილებლად მკითხავდით – ამის რელიგიური დასტურიც არსებობს?! – რასაკვირველია!

პასუხი 3: ადამიანის მოდგმა “ქუეყანის” (ოდესღაც ქვემოთ დავანებული სულიერი ჯეჯილია, სადაც ხშირად ხვდებიან კლინიკური სიკვდილით გამგზავრებული ვინმეები) სივრციდან ამოსახლდა თუნდაც იმიტომ, როგორც მოსე გვამცნობს “ძველი აღთქმის” ტექსტებით (ნახეთ “შესაქმე”, 13-6), იქ ნამეტანი მომრავლებულა ხალხი... “და ვერ იტევდა მათ ქუეყანაჲ იგი დამკვიდრებად ერთბამად, რამეთუ იყო მონაგები მათი ფრიად და ვერ შემძლებელ იყვნეს დამკვიდრებად ზოგად”, ასეთი ინფორმაცია კი შემონახულია მხოლოდ ძველქართულ ენაზე შემორჩენილ ბიბლიაში. მას შემდეგ, რაც დიდი მიგრაცია დაიწყო და დაბლიდან ამოვსახლდით “ქუეყანასა ზედა”, საქართველოში ქვეცნობიერი გლოვაა. რაც არ უნდა სასიხარულო ამბავი შევიტყვოთ, სული მაინც დამძიმებულია. და რატომ: ქვეცნობიერში გვახსოვს ის ცხოვრება, სადაც არ გშია, არ გწყურია, არ გცივა, არავინ და არაფერი გაწუხებს. ახლა კი ვერც ბევრი ფული გვახარებს, არც დიდი სახლები გვაინტერესებს, არც – თანამდებობა, არც – ფუფუნება. ისინი, ვისაც დღეს ეს ყველაფერი უხარია, ვერ უნდა იყვნენ ქვედა ცის გენეტიკის მატარებელნი და ცდილობენ, ჩქარობენ, ამასოფელში მოასწრონ გალაღებული ყოფა, რის გამოც უამრავ უზნეობას კადრულობენ.

გთხოვთ მე-2 ილუსტრაციას ახედოთ: სივრცის ზემოდან გადაფარებულია გრანდიოზული ხმელეთი; იმავე არეალის ქვემოდანაც ვეებერთელა ხმელეთია დაგებული; იქვეა რაღაცით განათებული მთები, ფართო ხეობა; მზე და მთვარე არსაით მოჩანს; იქ არც რამენაირი ელექტროშენათებაა. იბადება შეკითხვა, რა აციალებს ამ გიგანტ სივრცეს! სხვა-ბევრ ავტორთან ერთად, ამის პასუხს იძლევა იოანე მოციქული: თურმე იმ გადაკარგულ არეს “...არა უხმს (არ ესაჭიროება) მზე ან მთოვარე მნათობად, რამეთუ დიდებამან ღმრთისამან განანათლა იგი” (“იოანეს გამოცხადებიდან”, 21-23). ასეა დახასიათებული ეს მიწისქვეშა დაფარული სივრცე წინაპართა ყველა უძველეს გადმოცემაში. ამავე ნახატის რელიეფიდან გამომდინარე ალბათ გასაგებია, მასში არ მოჩანს “ქუეყანის” ცენტრი; ამ სურათზე თქვენ უცქერდით ქვენა საკრალური სიგანის ერთ-ერთ განაპირა რეგიონს, კიდეს. და რა არის ის დიდრონი აყუდებული სვეტი, რომელიც აქცენტირებულია შუაში? ის არ გახლავთ “სიცოცხლის ხე”. არამედ, როგორც ძველბერძენი ავტორები ახასიათებენ წყალში ჩაძირული ატლანტიდის ცივილიზაციას, მასში უნდა ყოფილიყო ფრიად ვეება ბურჯები, რომლებსაც ზოგიერთ ლიტერატურაში ჰქვია “საისის სვეტები”. აქ შემოგთავაზეთ ერთი ასეთი სავარაუდო სვეტი მათი ვიზუალურად გააზრების მიზნით. რამდენი ასეთი ბურჯი აქვს ამ მიწისქვეშეთს ან დაბლითა სივრცის რა სიმაღლით და პარამეტრებითაა ისინი განლაგებული, ეს ჯერ უცნობია. შეგახსენებთ, მე-2 ილუსტრაცია წარმოგვიდგენს ქვე-არეალს წარღვნამდე, მის ირგვლივ უკვე გამოვლენილია მატერიალური სამყარო და თანდათან კრისტალიზაცია-გამყარებას განიცდის როგორც დედამიწა, ასევე – აღნიშნული მიწისქვეშეთი იქვე აღმართულ მთებთან და მათ შორის დაშვებულ ხეობებთან ერთად.

უცხოელი კოლეგები როგორ დავაჯერო, რომ ძალზედ უწინ ჩვენი მოდგმა დედამიწის შიდა განათებული სივრციდან ამოვიდა ქართულ ხმელეთზე? ამის გასათავისებლად ჩემთვის საკმარისია ერთი საინტერესო ფაქტი: თუ ჩვენი პლანეტის მასშტაბით სადმე ვინმე გარდაიცვალა და ეს აღმოჩნდა კლინიკური სიკვდილი, სხეულში უკან შემობრუნებული ყველა “მგზავრი” ერთსა და იმავეს აღიარებს, ისინი სულით გასრიალდნენ ძალზედ გრძელ შავ გვირაბში და ზე-ნათელში გავიდნენ, სადაც მათ გარდაცვლილთა ნაცნობი ან უცნობი სულები იხილეს. მაგრამ, რა დავასკვნათ ამით: თუ ჩვენი მოდგმა მართლა იქიდან არ ამოვიდა ოდესღაც, ადამიანის სხეულის სიკვდილის დროს მისი სული მომენტალურად რატომ გარბის იქით?! ასე რატომ ეჩქარება სხეულის “მე”-ს, სასწრაფოდ მიატოვოს თავისი გვამი, თანამედროვე სამგანზომილებიანი არსებობა და უცებ, იმ გრძელი ჭის გავლით შესრიალდეს დასაბამისეულ ზე-ნათელში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას არასოდეს არაფერი გაუგონია ამ ჩაბნელებული ზე-გასასვლელის შესახებ. ე.ი. იმ დროებას ვუბრუნდებით, ქვე-ცას, ზესინათლეს, რაც კაცობრიობის ისტორიის წინარე პერიოდს წარმოადგენს. გავა დრო. შემდეგ იქიდან ხელახლა იწყება ამასოფლის ფიზიკური გამოვლინება.., და ასე, წუთისოფელი უსასრულოდ მეორდება, ეს კი წმიდა წერილმა დამიდასტურა: “რაჲც ყოფილა, უკვე არის დიდი ხანია; რაც აწი იქნება, ის უკვე იყო” (“ეკლესიასტე”, 3-15), წრეაო! ჰო მაგრამ, ზე-იქ რატომ არ იწვის ადამიანი? უზენაეს ეპოქაში ჩვენც იმნაირები ვართ და იმიტომ. მერე და მერე ადამიანი თანდათან გამყარდა.

რანაირად წარმოვიდგინოთ ის გრძელი და შავი გვირაბი, მასში გავლით ზეთეთრი სული თან ქვემოთ ეშვება, პარალელურად კი ამავე პროცესს ზე-აღსვლა ახასიათებსო, – მიამბობენ კლინიკურად სიკვდილგადატანილი პაციენტები. ამის პასუხად ძლივს-ძლივს მოვიძიე ილუსტრაციის კომპუტერული ვარიანტი, აგერაა და დააკვირდით: თუ ამასაც წარმოიდგენთ, ვითომ ახლოს დგახართ იქ და მის სიღრმეში იხედებით, მოგეჩვენებათ, თითქოს ეს გვირაბი თან ქვემოთ ეშვება, მაგრამ უფრო სადღაც ზემოთ მიემართება, ყველა შემთხვევაში კი შეჭრილია დედამიწის შიდა არეალში (ილუსტრაცია 3). დანარჩენი თავად განსაჯეთ, მაღლაა ის, ქვემოთ, მარჯვნივ თუ მარცხნივ. ასეა თუ ისე, ეს ფენომენი რეალურად არსებობს და ადამიანთა სხეულებრივი მოკვდინების შემდეგ აწესრიგებს სულთა გამისამართებას მათივე დამსახურებისა და ფერის მიხედვით. ტელე- რადიომაუწყებლობის წარმომადგენლები ისევ მშვიდად მისმენდნენ.

გასულ წლებში, როცა ჩემი წიგნებით ვაუწყე საზოგადოებას, რომ კავკასიის წიაღში დავანებულია რელიგიის დაარსების მიზეზი უფლის ზეციალის სახით, ჩვენი ეკლესიის თანამშრომლებმა შემომიტიეს – რამდენად დამაჯერებელი წერილობითი ინფორმაციები გაგაჩნიაო იმისა, რომ იქ, ქვემოთ ჩარჩენილია წმიდა სამყაროსთან დაკავშირებული ფენომენი?! – ძველქართული ბიბლიის მიხედვით, როცა უზენაესი მოსეს ათ მცნებას აწერინებს... (წავიკითხოთ “გამოსლვათაჲ”, 20-4), ...ეუბნება: “არა იქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოველი მსგავსება, რაოდენი ცათა შინა ზე და რაოდენი ქუეყანასა ზედა ქუე და რაოდენნი წყალთა, ქუეშეთ ქუეყანისა. (5) არა თაყუანი-სცე მათ, არცა ჰმსახურო მათ”. ხალხო! მეცნიერებო! ეს უკვე სარწმუნო არგუმენტია იმისა, ნამდვილად ზე-რაღაც ხდება საქართველოს წიაღში და მომისმინეთ! თუ ქვე-იქ არავინაა, უზენაესი რას და რატომ უკრძალავს მოსეს?! ანდა, აქედან ისრაელში ჩასულ ჩვენიანებს ებრაელები დღემდე რატომ ეკითხებიან ასე – “საქართველოდან ამოხვედი?!” ქვეცნობიერი ფაქტია! შესავალი კი გამიგრძელდება, მაგრამ ვიდრე ყველაფრად საკვირველ ინტერვიუზე გადავიდოდე, მსურს ოდნავ ვრცლად გიამბოთ ეს უძველესი ამბავი, რათა ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს, დედამიწაზე საიდან გაჩნდა ადამიანი (აქ ვერ ჩავტიე. ა. გელოვანის “მითოლოგიურ ლექსიკონში” მოძებნეთ და წაიკითხეთ “ღმერთების ნავი”).

კავკასიის მიწისქვეშეთში რომ მართლა არაამქვეყნიური რაღაც ციალებს, ამაზე ვწერ და ვაქვეყნებ ათეული წლებია და ყველაფერს აღარ გავიმეორებ. სანაცნობომ მკითხა: ნუთუ ეს ადრეულ საუკუნეებშიც იცოდნენ?! იცით რა! არასოდეს მომითხოვია, მენდოთ. მოდით, ამჯერადაც არგუმენტებს წარმოგიდგენთ იმის გასააზრებლად, რაც დრო გადის, ამბავი ამ ეზოთერული წიაღის შესახებ მით უფრო გვავიწყდება. მაგალითი:

საქართველოს უძველესი ქალაქის – უფლისციხის ერთ-ერთი დარბაზის ჭერზე შემორჩენილია მზისმაგვარი გამოსახულება (ილუსტრაცია 4). ალბათ შორეულ წინაპართა მიერ ჩვეულებრივი მზის თაყვანისცემის შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ. როგორ გითხრათ... ამ, არქაული დროის გამოქვაბულში ამოტვიფრულ რელიკვიას არაფერი აქვს საერთო ხილულ მზესთან, ესაა უნივერსალური ქვე-ციალის საკრალური ნიშანი, თუმცა მიწისქვეშა მზის რეალურად არსებობის ლეგენდარული ამბავი მეცნიერებმა იუმორთან გააიგივეს. საიდან აღმოჩნდა დაბლითა სიკაშკაშის სიმბოლური სახე ქართლში, “უფლის-ციხის” ერთ-ერთი ქვაბის ჭერზე, ვინ და როდის ამოტვიფრა ასეთი რამ?! ვიდრე დედამიწის შიგნით გამოკეტილი ზესინათლის რაობას უწინდელ ეგვიპტეში შეიტყობდნენ, მანამდე აქ, ჩვენს შორეულ წინაპრებს სცოდნიათ. ამას ადასტურებს “უფლისციხის” ხანმეტობა, მთელი ეს კომპლექსი ხელოვნურია და მიმაჩნია, კაცობრიობის ერთ-ერთ პირველ მიწისზედა ქალაქს წარმოადგენდა წარღვნის შემდეგ. იმის შესახებ კი, მანამდე სად ცხოვრობდა ადამიანი, ვრცლად ნაამბობია ჩემი ხუთწიგნეულით. ოღონდ მკითხველი უნდა გავაფრთხილო: ოთხივე ტომი გამოილია და მაღაზიებში ნუ ეძებენ, V ტომი კი სტამბისთვის მზად არის და თამამ სპონსორს ელოდება.

ეს როგორ დავიჯეროთ, რომ ამ ფრიად საკრალური ქვეშეთისა და მასში მოკიაფე არაამქვეყნიური შუქის თაობაზე ადრინდელ ეგვიპტეშიც იცოდნენ? დედამიწის შიგნით ჩარჩენილ უზენაეს გამოსხივებას ძველი ეგვიპტელებიც მზის სახით ხატავდნენ (ილუსტრაცია 5). სადაც მიმოიხედავთ, პირადად ვნახე აფრიკაში, დღემდე შემორჩენილ ნაგებობებზე და აკლდამებში მზის გამოსახულებაა დახატული ან ამოტვიფრული, რაც ეგვიპტოლოგებს ხილული მზის იმიტირება ეგონათ. ასე არ არის. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, ამ სურათზე მოცემულია არა იმ მზის გამოსახულება, რომელსაც თითქმის ყოველდღიურად ვხედავთ. ფარაონთა ხანდაზმული ტექსტებით ვიგებთ, ასეთი ფენომენი დაბლითა სამყაროს ანათებდაო; რა საოცარია, უწინ ეს სცოდნიათ ჩვენში.

მე-6 ილუსტრაციით გთავაზობთ დედამიწისა და მისსავე ვირტუალური ბირთვის ურთიერთგანლაგების უბრალო ვიზუალურ მაგალითს. მათი წყობიდან გამომდინარე კი ოდნავ დიდი უნდა იყოს რადიუსით დედამიწის ამ რეგიონის სულიერი საფარველი. დავაზუსტებ: თუ შორეული კოსმოსიდან რეალური აწმყოს ქართულ სივრცეს გამოვხედავდით, იგი დაფარულია მუქი ველით, ამის შედეგად საქართველო განიცდის საშინელ ზემოქმედებას ჩვენს ქვემოთ დაგროვილი გოგირდწყალბადის უხვი ოდენობის გამო (ილუსტრაცია 7). და თუ იქიდან სხეულგარე მდგომარეობით, სულიერად გამოვხედავდით ჩვენს პლანეტას და კავკასიის წიაღში დავანებული საკრალური მზის გამოსხივებას პარალელური შრეების უზენაესი ფენებიდან დავათვალიერებდით... – სიტყვაზე ვამბობ, – აშკარად შევამჩნევთ, ზე-აურა საქართველოს თავზე უფრო მეტია, როგორც ეს ნაჩვენებია მე-8 ილუსტრაციაზე.

ამის თქმა იყო, და საოპერატოროში მყოფმა ახალგაზრდა მამაკაცმა შეიცინა. ჯერ მეგონა, ალბათ ირონიით შეხვდა ჩემს უცნაურ ვერსიებს. მოულოდნელად მეუბნება: “ბატონო გივი! მე ახლა მივიღე დღემდე უპასუხო ერთი შეკითხვის პასუხი”. – რას გულისხმობთ... – და მოსაუბრემ ფრიად გასაკვირი საკითხი ჩამოაყალიბა: “ქართულ სივრცეში განსაკუთრებით შორ მანძილებზე ვრცელდება მაღალი სიხშირის მქონე საინფორმაციო სიგნალები”. – რაო??! უკაცრავად, ხუმრობთ?! – ხელჩანთა გადავხსენი და ჩამწერი ამოვიღე. – გთხოვთ, გაიმეოროთ: რამდენად სიმართლეს შეეფერება, თითქოს მაღალ სიხშირეთა მქონე თანამედროვე აპარატურის გადაცემის უნარი შედარებით დიდ სივრცეში ვრცელდება ჩვენს ტერიტორიაზე, ვიდრე ეს ხდება სხვა სახელმწიფოებში?! – კი, ნამდვილად ასეა!

რასაც ახლა მკითხველი შეიტყობს, საკაცობრიო მეცნიერული აზროვნების ყოველგვარ სტანდარტს სცილდება! ეს ერთი ფაქტიც საკმარისია, რათა თანამედროვეობის ყველა ფიზიკოსის ყურადღება მივიპყროთ. მაშ ასე, ვესაუბრები გიორგი კალანდაძეს (თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელია, მაღალი სიხშირის ტექნოლოგიების ინჟინერ-სპეციალისტი. ფოტოსურათზე თქვენგან მარჯვნივ) და რადიოკომპანია “I-რადიოს” პრეზიდენტს, პროფესიით გეოფიზიკოსს ზურაბ ჭელიძეს (თქვენგან მარცხნივ).

გიორგი კალანდაძე: – როდესაც მაღალი სიხშირის მქონე თანამედროვე აპარატურას ვამონტაჟებთ, მას აქვს თავისი მოქმედების, ინფორმაციის გადაცემის დასაშვები მანძილი და ეს პარამეტრები დადგენილია. მაგალითად, რუსეთში, სადაც უფრო სწორი ტერიტორიაა, ამ აპარატურის სიგნალის გავრცელების უნარი აღწევს დაახლოებით 40 კილომეტრს. ეს გახლავთ სტანდარტი მსოფლიოში.

ზურაბ ჭელიძე: – ბატონო გივი, საუბარია სარელეო ხაზებზე, საიდანაც მაღალი სიხშირეები ვრცელდება. თუ მაღალ ანძებს დავაყენებთ, მისი მოქმედების პარამეტრები ოდნავ გაიზრდება.

გიორგი კალანდაძე: – ავიღოთ ერთი და იგივე ტიპის მიმღები, ერთი და იგივე სიმძლავრის მქონე გადამცემები. თუ ამ აპარატურას აქვს მწარმოებლის მიერ დადგენილი, სიგნალის გავრცელების და გამოლევის დასაშვები პარამეტრები, დავუშვათ 40 კილომეტრი, და ეს ასევე ვრცელდება უკრაინაშიც, ამავე სიმძლავრის მქონე მაღალი სიხშირის გადამცემის სამოქმედო არეალი საქართველოში უფრო ვრცელი აღმოჩნდა. ეს რომ ჩვენთან პირველად დაფიქსირდა, რამდენიმე დღეში გადავურეკე და ჩემს უკრაინელ პარტნიორებს, მაღალი სიხშირის ტექნოლოგიების წარმომადგენლებს გაკვირვებულმა ავუხსენი, ვგონებ მათი ინსტრუქციები არ ემთხვევა მათ მიერ გამოგზავნილი ელექტროაპარატურის სიმძლავრეებს, რადგან აღნიშნულმა დანადგარებმა საქართველოში გადააჭარბეს რეკომენდირებულ სიშორეებს. მაგალითად, პირველ შემთხვევაში სიგნალი გავრცელდა მთა “ცივი”-დან ლაგოდეხამდე; ვიცით, მანძილი მათ შორის დაახლოებით 80 კილომეტრია, დასაშვები სიშორე კი ინსტრუქციებით არ უნდა აღემატებოდეს 40 კმ-ს. მოკლედ, არ დაიჯერეს.

– უკაცრავად... იქნებ ქართულ მთებზე შემოდგმული ანძების გამო ხდება ეს, სიმაღლის გამო?!

ზურაბ ჭელიძე: – მსურს, კიდევ ერთი კომენტარი გავაკეთო: ბატონო გივი! საუბარია მაღალი სიხშირის მქონე ისეთი გადამცემების ანძებზე, რომელთა ურთიერთცქერა, დავუშვათ, აქედან იქითა ანძების მიმართ აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მათ შორის ამობურცულია, მაგალითად, დიდი მთა, კლდოვანი მასა ანდა სხვა რამ უშლის ხელს, სიგნალი ვერ მიაღწევს მეორე ანძას გატყორცნილ სიხშირეთა სწრაფად ჩახშობის გამო. არსებობს მეორე პირობა: რაოდენ მაღალიც არ უნდა იყოს მთა, სადაც ანძა დგას, სიგნალი მაინც ვერ ვრცელდება 40 კმ-ზე მეტად. ამ ტალღას არ აქვს არეკვლის უნარი, მიდის როგორც პირდაპირი სხივი.

გიორგი კალანდაძე: – ამგვარი აპარატურების ფორმულები ერთნაირად მოქმედებს ყველგან, მათ შორის – უკრაინაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში... მაგრამ საქართველოში ხდება სხვა-რაღაც და ჩვენი სივრცე არ ექვემდებარება აღნიშნული დანადგარების ინსტრუქციებს, კერძოდ – 40 კმ-ს.

– ბატონო გიორგი, პირადად არ გამოვრიცხავ, თუ დედამიწაზე არსებობს გეოპათოგენური რეგიონები ველთა უარყოფითი სიხშირეებით და ეს დაფიქსირებულია, მოსალოდნელია “ცივ-გომბორის” ქედის არეალში მოქმედებდეს პირიქით, ველთა გააქტიურებული ნაკადი. სხვა შემთხვევა თუ არის ამ მხრივ ცნობილი?

გიორგი კალანდაძე: – მეორე მაგალითს გეტყვით. კოჯორისა და გუდაურის მთებში დამონტაჟებულ ორ ანძას შორის თითქმის 100 კილომეტრია, მაგრამ სიგნალი მაინც ვრცელდება. ეს კი ნიშნავს, მაღალი სიხშირეების მქონე დანადგარების მწარმოებელთა ინსტრუქციები ყველა შემთხვევაში ირღვევა!

– ვინ აწარმოებს მსოფლიოში ასეთ აპარატურას?

– ამას აწარმოებს შვედეთი, საფრანგეთი; ბევრი სახელმწიფო აწარმოებს ანალოგიურ აპარატურას. მათ შორის, ყველა იძლევა სტანდარტს: 40 კმ სიგნალის მილევის მანძილი. გვთავაზობენ, ყოველი 40 კილომეტრის იქით დავაყენოთ სხვა ანძა სიგნალის გაძლიერების მიზნით. როდესაც ამის თაობაზე პირველად მივმართეთ კოლეგებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ანძიდან ინფორმაცია ვრცელდება 80-100 კილომეტრის მანძილზე, თავდაპირველად ყურადღება არავინ მოგვაქცია. მიიჩნიეს, ალბათ სადღაც დგას სხვა, დამალული ანძა და ქართველები ვხუმრობთ. როგორ დავუმტკიცოთ, ნამდვილად არსად დაგვიმონტაჟებია მათ შორის ფარული ანძა, ბოლოს და ბოლოს, ამას დიდი თანხა ესაჭიროება, მიზანს ვერ ვხედავ. დასაშვებია სიგნალი გავრცელდეს ოდნავ მეტად, თუნდაც – 45 კმ ფარგლებში, მაგრამ ორჯერ მეტი?! ფაქტობრივად კი კოჯორი-გუდაურის მონაკვეთი გამოდის დაშვებულთან შედარებით ორნახევარჯერ შორს. ეს მოვლენა ჯერ ქართულ ჰაერს დავაბრალეთ, ალბათ აქ განსხვავებული ატმოსფეროა. სხვა, მე არ ვიცი, რა უნდა ხდებოდეს.

– იქნებ ძლიერი აპარატურაა შემოტანილი და არ იცით...

– ოჰ, არავითარი! მწარმოებლები აწარმოებენ სიგნალის გადაცემის მხრივ მხოლოდ და მხოლოდ 40-კილომეტრიანი სიმძლავრის აპარატურას.

– დავუშვათ ანალოგიური ანძები დავამონტაჟეთ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე...

– რასაკვირველია, ოდნავი განსხვავება იქნება. დასაშვებია, სიგნალი გავრცელდეს 43-45 კმ-ზე, მაგრამ ამერიკაში ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიაღწევს გადამცემი ანძების სიმძლავრე 100 კმ-მდე, წარმოუდგენელია! სხვასაც გეტყვით: აღნიშნული აპარატურა და ეს ანძები საქართველოში დაგვამონტაჟებინა “ჯეოსელმა”. გაოცდნენ თურქები, როდესაც 100 კმ-ანი “ლინკები” (სარელეო ხაზებია. – გ.ა.) დავუდგით. საქართველოს სივრცის ამ, დღემდე დაფარული ხარისხით კაცობრიობის ყველანაირი სტანდარტი ირღვევა! მაგრამ საოცარი ისაა, რომ მობილური ტელეფონები კარგად მუშაობენ.

– ბატონო გიორგი! ჩვენ რომ ეს ანძები თავისივე დანადგარებთან ერთად აფრიკის “საჰარას” უდაბნოში დავდგათ, თქვენი აზრით, მაინც 100 კილომეტრზე გავრცელდება მათი სიგნალი?

– არავითარ შემთხვევაში, 40-ზე.

– რატომ სერიოზულად არავინ დაინტერესდა ამ საკითხით?

– ვის უნდა ეფიქრა ამაზე, ჩვენ ტექნიკოსები ვართ და გვაინტერესებს ის, რაც შეიძლება ეკონომია გავაკეთოთ ხარჯის მხრივ.

– ბატონო ზურაბ! დავუშვათ, მართლა ვრცელდება სიგნალი 80-100 კილომეტრზე. ამ შემთხვევაში როგორია ტელეგადაცემის ხარისხი?

– თქვენ წარმოიდგინეთ, გადაცემის ხარისხი იგივეა, როგორიც უნდა ყოფილიყო 40-კილომეტრიანი გადაცემის დროს. თუ ერთ შემთხვევაში სიგნალის გავრცელება და მილევა ფიქსირდება მე-40 კილომეტრზე, ჩვენს შემთხვევაში იგივე ხდება მე-100 კილომეტრზე. სინამდვილეში კი, თეორიული გათვლებიდან გამომდინარე, ჩვენს პირობებში სიგნალმა ვერ უნდა გააღწიოს 30-35 კმ-ს, იმიტომ რომ, ორივე ურთიერთმაკავშირებელი ანძა მაღალ მთებზე დგას, ღრუბლებთან შედარებით ახლოს. მიუხედავად ამისა, მათმა საკონტროლო აპარატმა მაინც 100 კილომეტრი დააფიქსირა. ეს გაუკვირდათ სტუმრებს.

– საოცარია! ესე იგი, რა გამოდის, ქართულ სივრცეს ინფორმაციის ზიდვის მხრივ ორჯერ და მეტჯერ-მეტი გამტარიანობის უნარი აქვს, ვიდრე დედამიწის სხვა რომელიმე რეგიონის კერძო სივრცეს?

– ასე გამოდის, მაგრამ ამის რეალური ახსნა დღემდე ვერ მოხერხდა.

გიორგი კალანდაძე: – ეს შევატყობინეთ მწარმოებლებს ერთხელ, მეორედ, მესამედ. ბოლოს და ბოლოს, უკრაინელი სპეციალისტები ჩამოვიდნენ საქართველოში და სპეციალური ხელსაწყოთი გაზომეს ანძებიდან გავრცელებული სიგნალის გადაცემის მანძილი. მანამდე მიაჩნდათ, ჩვენი რელიეფიდან გამომდინარე, სიგნალს უნდა გაეღწია არა უმეტეს 35 კილომეტრზე. როდესაც მათ სპეცსიგნალი გაუშვეს კოჯორის არედან გუდაურის მიმართულებით, იმის დასადგენად, სადამდე აღწევს ანძიდან სხივის სახით გავრცელებული ინფორმაცია... – ამ დროს მანძილი იზომება ანძიდან ანძამდე, მთიდან მთამდე, – მოხდა სტუმრებისთვის საოცარი რამ: მათმა საკონტროლო აპარატმაც იგივე სიშორე დააფიქსირა! ეს რომ ნახეს, უკან დაბრუნდნენ და ამ აპარატურის ინსტრუქციებში ინფორმაცია შეცვალეს: ნაცვლად 40 კილომეტრისა წააწერეს გავრცელების უნარი 100 კმ და გაყიდეს. მაგრამ აღმოჩნდა, როცა იგივე სიმძლავრის დანადგარები სხვა სახელმწიფოებში დაამონტაჟეს, ანძებმა მათ ტერიტორიებზე ინფორმაცია ვერ ზიდეს 100 კილომეტრზე და სიგნალი ყველა შემთხვევაში მაინც 40 კმ-ზე გავრცელდა. კინაღამ შეიშალნენ! დღემდე არ გვაქვს პასუხი, რა ხდება ამ მხრივ საქართველოში და რა გამონაკლისს უნდა წარმოადგენდეს ქართული არეალი.

ზურაბ ჭელიძე: – ბატონო გივი! მე, როგორც ფიზიკოსი, ამ საკითხს ასე განვმარტავ: როდესაც საქმე გვაქვს დედამიწის ბრტყელ ან მთაგორიან რელიეფთან, ეს ყველა შემთხვევაში მოგვცემს განსხვავებას იმ მხრივ, რომ... დავაკვირდეთ, ისეთი სურათი იქმნება, თითქოს აღნიშნულ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე დამონტაჟებული სარელეო კომუნიკაცია უფრო უკეთ მოქმედებს მხოლოდ იმიტომ, რომ ანძები დგას შედარებით მაღალ მთებზე. მაგრამ ცნობილია, რაც მეტად მაღლა, ღრუბლებისკენ დაიდგმება ანძა, სიგნალი მით უფრო დაზიანებადია, იმიტომ რომ, იქ ჰაერის ტენიანობა მეტია და პირიქით, ხელს უშლის ანძის მოქმედებას ინფორმაციული სიხშირეების გავრცელებაში; რადგან მეტია წინააღმდეგობა, სიგნალის მილევის უნარიც დიდდება.

– ბატონო გიორგი, კვლავ თქვენ უნდა მოგმართოთ შემდეგი შეკითხვით: პირადად თუ გიმუშავიათ ამავე განხრით სხვა სახელმწიფოში და იქ თუ დაგიმონტაჟებიათ ანალოგიური მონაცემების მქონე მაღალი სიხშირის აპარატურა?

– კი, უკრაინაში ვმუშაობდი. იქ არის ერთ-ერთი ფირმა, რომელიც დაკავებულია მაღალი სიხშირის ტექნოლოგიებით. დღესაც მათი ფირმის წარმომადგენელი ვარ საქართველოში. დიდი ხანი ვიმუშავე უკრაინაში, დაახლოებით 7 წელიწადი.

– ვიმეორებ: ასეთი ანძები მათ ტერიტორიაზე დაგიმონტაჟებიათ?

– რა თქმა უნდა! მაგრამ მათთან ყველაფერი ნორმალურად მუშაობს და ფორმულები ყოველთვის ერთმანეთს ემთხვეოდა. ჩვენთან კი ეს საკითხი ანომალიის ტოლია, თუმცა ამის განმარტება დღემდე არ გვქონდა.

– კოჯრიდან გუდაურის ანძამდე დაახლოებით 100 კილომეტრია. რომ ყოფილიყო 110, 120 კმ...

– უკვე არ გამოვრიცხავ, სიგნალს მაინც მიეღწია შედარებით შორ მანძილზეც!

– კიდევ ერთი შეკითხვა: თუ სწორად მივხვდი, საუბრით ვეხებით იმ ტიპის სარელეო ანძებს, რომლებსაც ინფორმაცია გადააქვთ მხოლოდ სწორ მანძილზე. მაგრამ! თუ გაქვთ შემჩნეული სხვა- ისეთი შემთხვევა, როდესაც შედარებით დაბალი სიხშირის სიგნალები ანომალიის მსგავსად ვრცელდება ჩვენს ირგვლივ ქალაქად, სოფლად, უბანში, ოთახში. მხედველობაში მაქვს თუნდაც “ჯეოსელის” ქსელის სიხშირეები.

– იქ უკვე სხვა პროცესები მოქმედებს. სხვათაშორის, თქვენ ახლა დასვით მართლა საინტერესო კითხვა იმ მხრივ, რამდენად ანომალიის დონეზე ვრცელდება ქართულ სივრცეში მობილური აპარატებისთვის განკუთვნილი სიგნალები. დროული შეკითხვაა! თუ, დავუშვათ, ამ კატეგორიის სიხშირეებიც უხვად განიბნევიან ჩვენს სივრცეში და “ჯეოსელის” წარმომადგენლებმა არ იციან, ამ შემთხვევაში ანძები მეტი ინტენსივობით დაგვასხივებენ. ალბათ ქართულ სივრცეში მათი აპარატურებისა და ანძების ზემოქმედების უნარიც გაზრდილია. მართალი გითხრათ, ჯერ არ გამიზომია ეს პარამეტრები. ახლა გამახსენდა, “ჯეოსელსაც” ჰქონია ისეთი შემთხვევები, რის გამოც თვითონვე გაკვირვებულები არიან, რატომ უნდა გავრცელებულიყო დიდ მანძილზე მათ მიერ გაშვებული სიგნალები, მაგრამ ამ მოვლენას ვერც მათ მოუძებნეს საღი პასუხი.

– ბატონო გიორგი. ნუთუ თქვენს უცხოელ კოლეგებს დღემდე არ გასჩენიათ ამ უცნაური პროცესების განმარტების სურვილი?

– მათ ეს მოვლენები ახსნეს იმით, რომ საქართველოში გაიშვიათებულია ჰაერი, რის გამოც საქმე გვაქვს ერთგვარ ვაკუუმთან, თქვენი სივრცე თითქმის ვაკუუმს უახლოვდებაო. თუ მართლა ასეა, ახსნა ესაჭიროება ამასაც. სხვათაშორის, ვიდრე თქვენს ვერსიას მოვისმენდი ჩვენი ტერიტორიის ქვეშ არსებული, როგორიღაც მიწისქვეშა გამოსხივების თაობაზე, ეს რეალობა მეც ქართული ჰაერის გაიშვიათებას მივაწერე. თუმცა, აქ სხვა, ბუნების ალბათ უფრო დიდსა და დაფარულ მოვლენას აქვს ადგილი. მართლა საოცარია!

*       *       *

ვისაც ეჭვი ეპარება, დამიკავშირდეს ტელ.: 5-77 458-144 და აუდიოჩანაწერს მოვასმენინებ.

ამავე საკითხის ინგლისური ვერსია ნახეთ:
https://ecoteric-writer.webnode.ru/about-earths-core-and-magnetic-field/
 
რუსული ვერსია:
https://vk.com/Alaznispireli
или:
https://www.facebook.com/groups/493542784029566
или же:
https://ecoteric-writer.webnode.ru
https://ecoteric-writer.webnode.ru
 
(გაგრძელება იხ.: https://esoteric-writer.webnode.com/საით-იცქირებიან-ვარსკვლავები/).

 

Contact

Esoteric writer 4, Energeticians Str. Zahesi
Tbilisi. Georgia. 0117
+995577458144 Alaznispireli@hotmail.com