საერთაშორისო უზნეობის მიზეზი

ამ ნოვაციის ავტორმა რედაქციაში წარმოგვიდგინა გასული წლების ამერიკული ქართულენოვანი გაზეთი „ივერია“, საიდანაც ერთ-ერთი სტატიის შესავალს გთავაზობთ (# 56. 2004 წ. გვ. 18): „აღმოჩენა, რომელზედაც ახლა უნდა გაგესაუბროთ, აშკარად სენსაციური მიგნებაა ფიზიკაში. ეზოთერიკოსი მწერალი გივი ალაზნისპირელი ამ დღეებში ქალაქ ჯერსი-სიტის გამომცემლობაში გვესტუმრა და თავისი 'გახსნილი სივრცის თეორია' გაგვაცნო. თემა ასეთია: «დღეს კოსმოსი შავია და ცივი. მაგრამ თუ უკან დავიხევდით დროში, შორეულ წარსულში სამყაროს მთელი სივრცე კაშკაშებს... თუკი ცივი სივრცის თანამედროვე შავ ველს რამენაირად გავსერავთ, წარმოქმნილ ნაპრალში გამოასხივებს არქაული დროის ზესინათლე». ამ კონცეფციის ავტორი მიიჩნევს, რომ ანალოგიური რამ ხდება ცაში ელ-ჭექის მომენტში. ნიუ-იორკისა და პეტერბურგის ორი გაზეთი, ამ ქართველი მწერლის ასეთ უცნაურ გააზრებას ასე ასათაურებს: «გადატრიალება ფიზიკაში»! თუმცა, ხომ საოცარია, ბატონი გივი არ გახლავთ ფიზიკოსი“.

გასულ წლებში ეს თემა გამოქვეყნდა „ასავალ-დასავალშიც“ (1999 წ. # 31. გვ. 8). რადგან ბატონმა გივიმ აღნიშნული საკითხი განავრცო, გადავწყვიტეთ, მისი ეს თეორია კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენი საზოგადოების გონიერ ნაწილს. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

 

სივრცის თავგადასავალი

 ფრაგმენტი გივი ალაზნისპირელის ხუთწიგნეულიდან

„მსოფლიოს დასაბამისეული აღმოჩენა“

(ოთხი ტომი გამოიცა თბილისში,

I, II, III – მოსკოვში 2002 წელს). 

ალბერტ აინშტაინს ჰკითხეს, როგორ ყალიბდება დიდი აღმოჩენები. მან უპასუხა: „ასე, მაგალითად: ყველამ იცის, რაღაც შეუძლებელია. მაგრამ გამოჩნდება ვინმე უმეცარი, რომელმაც არ იცის, რომ ეს შეუძლებელია, და აკეთებს მას“. ასეთი რამ მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. ახლა გიამბობთ ამბავს, როგორ მივაგენი ადამიანის ზნეობის დეგრადაციის მიზეზს და რატომ გონება ვერ ჩაავლეს ჩემს ამ მოსაზრებას დღეის ფიზიკოსებმა, რითაც პარალელურად გაირკვა, საიდან ვლინდებიან სინათლის ნაწილაკები ჩვენს რეალურ აწმყოში. ეს გახლავთ სივრცის თავგადასავალი. იმდენად აქტუალური თემაა, ეს რომ მეცნიერებმა გაიაზრონ, მათი შემეცნების უნარი შეიცვლება.

ბატონო გივი. ბუნება რომ გადაირია, ვამჩნევთ. გვაინტერესებს, თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე, რა არის ამ ყველაფრის მიზეზი?

– როცა ბიბლიის კითხვა დავიწყე, ჯერ კიდევ სიჭაბუკეში დამაინტერესა წმიდა ტექსტების ერთმა დეტალმა, რასაც იმ წლებში ახსნა ვერ მოვუძებნე. ეს გახლავთ ორად ორი სიტყვა „უკუნითი უკუნისამდე“. იცის კი ვინმემ, უწინდელებმა რა გვითხრეს ამით?! დავიწყე ხანგრძლივი ფიქრი, რითაც ჩემში ნამეტანი უჩვეულო კონცეფცია ჩამოყალიბდა. კერძოდ...

ერთხელ... – ეს იყო 1995 წელს, – ქართველ მეტაფიზიკოსთან მივედი და გავაცანი ჩემი „გახსნილი სივრცის თეორია“. ძველინდურ რელიგიურ ტექსტებში ამოვიკითხე, რომ სამყაროს არსებობის განმავლობაში დაფიქსირებულია ოთხი „ჲუგა“ (მდგომარეობა): 1) „სატია-ჲუგა“ – თავდაპირველი, ყველაზე განათებული ეპოქა; 2) „ტრეტა-ჲუგა“ – ოდნავ შემუქებული სივრცე; 3) „დვაპარა-ჲუგა“ – უკვე ჩამუქებული კოსმოსი; და 4) „კალი-ჲუგა“ – ჩვენი დრო, როცა სულ ერთია, გაახელ თუ არა თვალს უფანჯრო ოთახში, მაინც არაფერი ჩანს ცხვირწინ. ეს ინფორმაცია ამოვიღე 5000 წლის წიგნიდან „ბჰაგავად-გიტა“ (იხ. „ჲუგას“ ცნება). დააკვირდით, ძველინდუსთა ცოდნის თანახმად როგორ თანდათან გაშავებულა სივრცე. რა მოხდა ამის შედეგად... სანსკრიტული ტექსტებით ვიგებთ: „კოსმოსში უმაღლესი ენერგია უმდაბლესი ენერგიითაა დაფარული“ (წიგნიდან „უფალი ჩაიტანიას მოძღვრება“. ქართ. გამოც. გვ. 113).

რატომ ენდობით ინდუსთა რელიგიას?

– ეს არის უზენაესის სწავლება. რა მნიშვნელობა აქვს, ქრისტეს ვუწოდებთ მას თუ ქრიშნას, ერთი და იგივე ზე-პიროვნებაა, უფალი-ღმერთი, ვინც განვლილ ეპოქებში პარალელური სივრცეებიდან ეცხადებოდა რჩეულებს, ამ ყველაფერს ასწავლიდა და, ვინაიდან იგი ზე-სულია და წერა არ შეუძლია, ისტორიის ლიდერებს ავალებდა, რათა ეს ყველაფერი ან თიხის ფილებზე ამოეტვიფრათ, ანდა ეტრატზე დაეწერათ; ეს განმეორდა იოანე მოციქულის შემთხვევაში. ძველისძველი ტექსტების კითხვისას ყურადღება მივაქციე, რომ ზე-ის, მთლად დიდი, თავის მოწაფეს გამოცხადებით აცნობიერებს: – იცოდეთ, სივრცეში ბნელდება, გულმავიწყობა ვითარდება და აზროვნებით იქამდე დაეცემით, იმასაც ვეღარ გაიხსენებთ, ვინ ვარ და სად ვარ! – ფრიად დავინტერესდი, საიდანაც ჩემი ეს თეორია აღმოცენდა. ამრიგად „დიდი ღამის“ გარდა... – მხედველობაში მაქვს სამყაროში დღეს გაბატონებული მინუს 273-გრადუსიანი სიცივე და სიბნელე, – სადღაც უნდა არსებობდეს „დიდი დღე“, რომელიც უძლიერესი სიკაშკაშეა.

სად გაქრა „სატია-ჲუგა“, როგორც თქვენ ამბობთ, ძველქართულად „სასუფეველი“, რატომ ვერ ვხედავთ მის ციალს?

– იგი რეალურ აწმყოს წარმოადგენდა ოდესღაც, ძალზედ უწინდელ ეპოქებში. ის არის ჩვენთვის პარალელური სივრცეები როგორც წარსულში, ასევე – მომავალში, რამეთუ დროც მრგვალია და დაუსრულებლად მეორდება წუთისოფლის ერთი და იგივე ციკლი. კარგად მახსოვს, ძველინდუსთა ასეთმა სწავლებამ იმ წლების ჩემი მსოფლმხედველობა შეცვალა. ჯერ ეს რად ღირს, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ სულიერი სამყარო, რასაც ვერა და ვერ მივაგენით და დღესაც არ ვიცით, სად გადაიკარგა ის ზესინათლე, სადაც გარდაცვლილის სულს ვაცილებთ ლოგოსით... – ვამბობთ-ხოლმე: „ნათელში იყოს“, – ყოფილა ჩვენი მატერიალური ცხოვრების ზე-საწყისი ეტაპი, ჩვეულებრივი სამგანზომილებიანი არე, ოღონდ ეს ხდება ძალზედ შორეულ წარსულში.

ბატონო გივი. რა არის „დიდი ღამე“?

– მკითხველი ზოგჯერ ვერ არკვევს, რით განასხვაოს ერთმანეთისგან დიდი და ჩვეულებრივი, 12-საათიანი ღამე. გთავაზობთ ილუსტრაციას 1: შეხედეთ, მიუხედავად იმისა, ამ ფოტოკადრის მიხედვით მზე დედამიწის ერთ მხარეს ანათებს და პლანეტის ნახევარზე დღეა, ეს ყველაფერი დავანებულია უდიდეს სიბნელეში! ამ საყოველთაო უკუნეთს ვუწოდე «დიდი ღამე», რომელმაც ოდესღაც «დიდი დღე» შეცვალა. ეს ტერმინი კი ვაჟა-ფშაველას დავესესხე, ერთი ლექსით ამბობს «დიდი დღის დიდო ღამეო...». თურმე რასთან გვაქვს საქმე: ვთქვათ, საათის ისრები დავაბრუნეთ პირიქით, დროც ავიყოლიეთ და მივქრივართ არქაულ წარსულში. რაც უკან გავსრიალდებით წარღვნამდე არსებულ ეპოქებში, სივრცეში მოიმატებს «სატია-ჲუგას» ზე-შუქი, ხოლო იმის იქით მთლიანად კაშკაშებს სამყარო! ის გახლავთ მითოლოგიური ხანა, რასაც «მეტაისტორია» ვუწოდე. და თუ იქ ისევ მარჯვნივ დავაბრუნებდით მექანიკური საათის ისრებს, სიტყვაზე ვამბობ, ისევ ჩვენს ჩაბნელებულ აწმყოში აღმოვჩნდებით.

რა დავასკვნათ ამით?

– სამყარომ და დედამიწამ საშინელი დეგრადაცია განიცადა!

და ჩვენს ცივილიზაციას უარყოფთ?

– არა. საქმე ის გახლავთ, დიდ პროგრესს კი მივაღწიეთ, მაგრამ უცნობია ყველაფრის არსობრიობა. მაგალითად, მიუხედავად იმისა, ჯიბეში მიდევს პლასტმასის ერთი ბეწო კოლოფი და შემიძლია ამით ნიუ-იორკში გადავურეკო ახლობელს, არავინ იცის, უკაბელო ტელეფონი როგორ გადასცემს ინფორმაციას; არსობრივად არც ისაა ცნობილი, რატომ ცხელდება ნებისმიერი კომპუტერის პროცესორი.

ამბობთ, წარღვნამდელ სივრცეს რაღაც ანათებდა უმზეოდ. საჭიროა ამის დამადასტურებელი არგუმენტირება, ბატონო გივი.

– ფაქტების გარეშე არასოდეს ვწერ. მაგალითად, გასული ეპოქების ავტორები მიგვანიშნებენ, რომ მზე არქაულ ეპოქებში არ არსებობდა; ასე იწყება ბიბლიაც. მოსეს თხრობას რომ დააკვირდეთ, «ძველი აღთქმის» საწყისი ტექსტებით მზე იქმნება სამყაროს შესაქმის მხოლოდ მეოთხე დღეს. ამხელა რანგის წინასწარმეტყველი კი გვატყობინებს, როგორიღაცა ზესინათლე არსებობდაო შესაქმის პირველივე დღეს. მაშ, რასთან გვაქვს საქმე?! არც ვიცოდით, არც სურთ ამის გაგება.

სამყაროში რა ასხივებდა იმხანად?

– მატერიის საწყის ეპოქებში, როცა წუთისოფელი ვლინდება, თვით სივრცე ყოფილა თვითმნათი, რასაც სამყაროს ძალწირების ძლიერი ვიბრაცია განაპირობებდა. მოდით, ფიზიკოსებს ტერმინი დავესესხოთ და სივრცის ზე-იმ მდგომარეობას ჩვენც «ტალღა» ვუწოდოთ. მას შემდეგ კოსმოსში ბნელდება, ბნელდება და.., სამწუხაროდ, ჩვენმა აწმყომ საერთოდ დაკარგა შორეული წარსულის ზესინათლე. ალბათ ბუნების ეს პროცესია ნავარაუდევი რუსულენოვანი ძველი წინასწარმეტყველებით «კონეც სვეტა», იგი აღსრულდა! ზესინათლის გარეშე ადამიანი აზროვნებით და ზნეობრივად განადგურდა, რის გამოც ჩვენი არსებობა ნებისმიერ დარგში დაავადდა. ეს არის მიზეზი, რამდენჯერაც არ უნდა შეცვალონ პრეზიდენტი მდიდარ სახელმწიფოებშიც კი, საქმე წინ ვერ მიდის და მათი მოსახლეობა პროტესტის ნიშნად ქუჩებში გამოდის. იცოდეთ, ეს უარესად განივრცობა! ფაქტია, აგრესია დაერია სრულიად მოსახლეობას და კატასტროფულ არეულობას განიცდის ყოველი ქვეყანა. აზროვნების ქაოსში ვიძირებით და დედამიწაზე არ დაიძებნა სწავლული, ვინც ამის მიზეზებს ახსნიდა. არადა, სადაც ასეთი ამბები ამოვიკითხე, იქვე წერია «წამალი», როგორ დავაღწიოთ თავი ბოლო ჟამის უზნეობის შემოტევას, მაგრამ ვინ გისმენს!

ნუთუ მეცნიერებმა არ იციან ეს...

– წლებია, ჩემს გაზეთებს უფასოდ ვურიგებ თითქმის ყველა უნივერსიტეტში რექტორებს, პროფესორებს, ფიზიკოსებს, ასტროფიზიკოსებს... არც წაიკითხავდნენ. «გახსნილი სივრცის თეორია» გამოვაქვეყნე სხვადასხვა სახელმწიფოს პრესაში, მაგრამ სამყაროს ძალწირების პასიურობით იმდენად დაითრგუნა სწავლულთა აზროვნებაც კი, დღემდე არავინ დაინტერესდა ამით. აი, რა დაგვმართა «კალი-ჲუგას» უკუნეთმა სიბნელემ.

რამდენად დამაჯერებელი ფაქტები გაქვთ მოძიებული, რომ უწინდელ ეპოქებში უფრო მეტი სინათლეა დედამიწაზე?

– ჯერ რელიგიით დავიწყებ. დროის ბიბლიისეული ქრონოლოგიით, დაახლოებით 7500 წლით უკან ადამი და ევა არ კვდებიან. განა რა ხდებოდა იმ პერიოდის ამ პლანეტაზე ისეთი, თუნდაც ედემისა თუ სამოთხის არეალში, რომ ხალხი არ კვდებოდა. ბოლოს და ბოლოს, განმარტება ესაჭიროება ამასაც: თურმე ისტორიამდელ ეპოქაში დედამიწაზე დავანებულია «სატია-ჲუგა», პირვანდელი, ე.ი. სამყაროს ყველაზე გაკაშკაშებული ფაზა. აი, რატომ არ კვდებოდა ადამი-ანი. მეორე დამადასტურებელი ფაქტი...

თანამედროვე აზროვნება მიიჩნევს, მედიცინა დაიბადაო მაშინ, როცა განვითარდა ადამიანი. იცით რამხელა შეცდომაა?! პირიქით, მედიცინა განვითარდა იმიტომ, არქაული ზესინათლის გაუჩინარებით სიცოცხლე დაავადდა და ორგანიზმებში თავი იჩინა გაშავებული სივრცის ერთ-ერთმა თვისებამ, ორგანულმა დაავადებამ. ადამიანი იძულებული გახდა დასახმარებლად მიემართა ბუნებისთვის და მაშინდელი მცენარეებით სხვადასხვა წამალი მოიგონა. ასეთია წარსულის სიმართლე. მესამე ფაქტი იმისა, რომ სივრცე თანდათან გაშავდა: ნებისმიერის თქმით, მისი ბავშვობა და ადრინდელი წლები უფრო ამაღლებულია ზნეობრივად, ვიდრე ეს ხდება დღეს. ამას ყველა ეპოქის გონიერი ამჩნევდა, არსებობა დაუძლურდა, მაგრამ რატომ... ჩვენს პლანეტას თანდათან მოაკლდა შორეული წარსულის ღვთაებრივი ზესინათლე. იმიტომ გვსიამოვნებს ძველი ხელნაწერებისა და ისტორიული ამბების კითხვა, რომ ამ მომენტში გასული ეპოქების ველთან მყარდება ქვეცნობიერი კონტაქტი. შემდეგ...

ადამიანმა შექმნა წიგნი. და გიფიქრიათ, რა მიზნით?! ინდოეთში ცნობილია, «კალი-ჲუგას», ე.ი. ყველაზე მეტად ჩაბნელებული კოსმოსის ერთ-ერთი თვისებაა მეხსიერების დაქვეითება. დაგვავიწყდა, ვინ არის ღმერთი, სად არის, რას ნიშნავს უფალი, რა განსხვავებაა ღმერთსა და უფალს შორის, რატომ ააგეს პირამიდები, საიდან ანათებს ელვა, რა წარმოადგენს სინათლის მიზეზს... ფაქტი ასეთია: ამერიკელმა ფიზიკოსებმა აღიარეს, მიუხედავად თანამედროვე მიღწევებისა, სინათლის ფოტონის წარმოჩენის რეალური მექანიზმი ჯერაც უცნობიაო.

უწინ სცოდნიათ, რაც მეტად ჩამობნელდებოდა სამყაროში, მით უფრო დედამიწის მოსახლეობის მომდევნო თაობები ვეღარ გავიხსენებდით უწინდელი წარსულის ამბებს. ამის გამო უძველესი ადამიანი იძულებული გახდა შეექმნა დამწერლობა და ძველთა ნააზრალი ჯერ თიხის ფილებზე ამოეტვიფრა, მოგვიანებით – ეტრატზე გადაენახა. ჩვენ კი წიგნის დაბადება ადამიანის განვითარების ერთ-ერთი საფეხური გვეგონა. არ არის ასე. ჩვენ შეცდომით შთაგვაგონეს წარსული; ცოდნის მხრივ არასწორად ვართ აღზრდილები; სიცოცხლის ევოლუციის ისტორიასაც დამახინჯებული ფორმით გვასწავლიან. სინამდვილეში ზესინათლის გაუჩინარებით სულიერად ვეცემით, რასაც ახალგაზრდა თაობების საერთაშორისო უზნეობა ადასტურებს. ამრიგად, ოდესღაც არსით დიდია ადამიანი. მაგრამ, როცა აზრების შორ მანძილზე გადატანის უნარი დავკარგეთ, ტელეფონი მოვიგონეთ; მზერით ვეღარ ავწიეთ მძიმე ტვირთი და ამწე შევქმენით... და როცა შორეული კოსმოსის დათვალიერების ნოსტალგიამაც შეგვიპყრო, საფრენი აპარატები გავაკეთეთ.

თუ აზროვნებით დავეცით, როგორ შეიქმნა ჩვენი ცივილიზაცია?

– ეს განაპირობა მდაბიო არსებობის დასასრულმა. ბუნებაში მოქმედი «ორი ბოლოს მსგავსების კანონით», ვინაიდან იქითა, მატერიის დასაბამი დიდ ცივილიზაციას წარმოადგენს, ადამიანს აქეთა ბოლოშიც ერთგვარი პროგრესი უნდა განეცადა ერთი განსხვავებით: მეცნიერებმა კი სასწაულებრივ დონეს მიაღწიეს, მაგრამ არაფრის რეალური არსი დღეს ცნობილი არ არის, ეს ყველაფერი განტოლებებით აზროვნების შედეგია. მოკლედ, თანამედროვე ცოდნა – ადამიანის მოგონილი ცოდნაა, რამაც ეს ცივილიზაცია განაპირობა, თუმცა უკვე ჩიხში არიან და თქვეს. ნახეთ, რას აღიარებენ თავად: აკადემიკოსმა ივერი ფრანგიშვილმა დაასკვნა: «სასწრაფოდ შეიქმნას ახალი ფიზიკა... წინააღმდეგ შემთხვევაში ამ საგანმა ვერ ახსნა ბუნების ფარული მოვლენების ორი-სამი პროცენტიც კი»! (მისივე წიგნიდან "Системный подход и повышение эффективности управления". Изд. "Наука". Москва. 2005 г., стр. 44).

ბატონო გივი! რას უწუნებთ ფიზიკოსებს?

– ჯერ ხომ კლასიკური ფიზიკა თეორიულით შეცვალეს, «კვანტური ფიზიკა» უწოდეს და ეგონათ, ყველაფერი გაირკვეოდა. მაგრამ აღმოჩნდა, ამით კლასიკური ფიზიკა უნდა უარყონ, მათ შორის აშკარა შეუთავსებლობა დაფიქსირდა. ახლა თქვეს, ვერც კვანტურმა ფიზიკამ გაამართლაო და ისევ ნიუტონისა და აინშტაინის ტრადიციულ აზროვნებას უბრუნდებიან. და თუ ქალაქ ჟენევას ქვეშ ჩაშენებულ კოლაიდერში პროტონისა და ანტიპროტონის შეჯახებით უწვრილესი ნაწილაკი დაიბადა, რითაც, მათი თქმით, სამყარო უნდა წარმოშობილიყო (?), აინშტაინის რამდენიმე განტოლება იმსხვრევა. ეს უკვე მეცნიერული ქაოსია!

სწავლულებმა არც ელ-ჭექის წარმოჩენის რეალური მიზეზები იციან. მაგალითად, მუქი ფერის ღრუბლები შეგროვდა. გაიელვა. ცაში შეინიშნება ბზარი. ჩემი აზრით, ამ დროს სივრცის პარალელური შრეებიდან გამოვლინდება არაამქვეყნიური სინათლე და წარმოადგენს იმ ზესინათლის ფრაგმენტს, რითაც სამყარო გაბრწყინებულია ისტორიამდელ ეპოქებში. აი, რაში მდგომარეობს ჩემი ამ თეორიის ორიგინალობა: მიგნებულია გამოსხივების მთავარი ბაზა და სინათლის ნაწილაკთა იქიდან აქეთ ამოვლინების რეალური მიზეზი! (კომენტარი ფიზიკოსთა საყურადღებოდ: რადგან ეთერმა თავისი ელვარება ათასწლეულების განმავლობაში თანდათან დაკარგა და გაცივდა, დღეს მას განვიხილავ როგორც ბნელ გარემოს, რითაც თანამედროვე სფერული სამყაროა ამოვსებული).

ელვის ფენომენს როგორ განმარტავენ მეცნიერები?

– სპეციალისტთა ახსნით, დადებით და უარყოფით მუხტებს წარმოშობენ ღრუბლები, ელ-ჭექიც მათი განმუხტვის შედეგიაო. თითქოს! ძველი ცოდნით კი ქუხილის წინარე პერიოდში აწმყოს ცაში გროვდება მხოლოდ მორუხო უარყოფითი მუხტი, ამიტომაა წვიმის ღრუბელი მოშავო ფერისა, ხოლო დადებით პოლუსს პოულობს «დიდი ღამის» გაღმა არსებულ ზე-განათებულ სივრცეში. ეს იწვევს დღეს დაფარული დიადი დღის პაწია ეპიზოდის რეალურ აწმყოში წამიერ გამოვარდნას, მომენტალურ გამოლეწვას, რომლის აღქმას ვასწრებთ. აი, რა განაპირობებს ელვას. ზე-ბუნების ეს პროცესი ზოგჯერ ღრმად ჰხევს უკვე გაცივებულ ეთერულ სივრცეს, ზოგჯერ – სუსტად! ეს დამოკიდებულია ჩვენი და ფარული შრეების მუხტების კონცენტრაციაზე და მათი კონფლიქტის ხარისხზე.

როგორ წარმოვიდგინოთ სივრცის გახსნის კადრი?

– მე-2 ილუსტრაციას დახედეთ. სიბნელეა. ე.ი. ცივა. თუ ამას შევძლებდით, თანამედროვე ველში თითები შეგვეყო და შავ სივრცეს ორ ადგილზე პატარა მონაკვეთს გამოვგლეჯდით, მიღმადან გამოაფრქვევს თვალისმომჭრელი ციალი. სინათლის სიმძლავრე და მისი ტემპერატურა კი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ღრმად შევყოფდით თითებს დღეის ბნელ და ცივ ველში. აი, საიდან ვლინდება სფერული ელვაც («შაროვაია მოლნია») და ფოტონი; თურმე სად ყოფილა მიმალული სინათლის კვანტის მთავარი საწყობი.

როცა ელექტროშემადუღებელი აპარატით ლითონზე მუშაობენ, ამ პროცესს ახასიათებს თვალისმომჭრელი ნათება (ილუსტრაცია 3). მაგრამ, არსობრივად საიდან წარმოიშობა ეს ძლიერი სინათლე, მეცნიერულმა სამყარომ არ იცის. ამ დროს ხვრელის სახით იხევა ცივი ეთერული ველი, საიდანაც არქაული მდგომარეობა ვარვარებს. მიუხედავად იმისა, ეთერი კაშკაშებს ოდესღაც, მისი ზემოქმედებით ლითონი დღეს განიცდის მაშინდელი პლაზმის ზემოქმედებას და ცხელდება. ამრიგად, დაახლოებით 20-22 წლით უკან ფიზიკოსთა წრეებს შევთავაზე ახალი პოსტულატი: დღეის კოსმოსს არ გააჩნია თავისი სინათლე და სიმხურვალე; ნებისმიერი ხარისხის სითბოც და შუქი ნასესხებია ზეგანზომილებიანი შრეებიდან, რომლებსაც «პარალელურ სივრცეებს» ვუწოდებთ. ჩემი აზრით, სინათლის რეალური წყარო – ძალზედ უწინდელი წარსულია!

თანამედროვე შავი ეთერული ველი იხსნება ლაზერითაც (ილუსტრაცია 4). ფაქტია, სადაც მისი სინათლე გაივლის, კვეთს ყველაფერს. მაგრამ თვითონ ლაზერის სხივი კი არ სერავს მატერიას, იგი წარმოადგენს არაამქვეყნიურ ღარს, ზე-მილს, რაშიც ფრიად წარსულის მიღმიერი ციალი წარმოჩინდება. სხვათაშორის, დედამიწაში არსებობს ერთი ძალზედ გასაიდუმლოებული საკრალური ადგილი, სადაც ეთერი ახლაც თავის პირვანდელ მდგომარეობას ინარჩუნებს, კაშკაშებს! ეს ხდება პლანეტის შიგნით. ბზინავს იქაურობა!!! (ილუსტრაცია 5).– მე-6 ილუსტრაციას დახედეთ: სანთელი აინთო, ირგვლივ განათდა, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ სანთლის ალმა გაანათა ოთახი?!

ასე არ არის, ბატონო გივი?!

– ჩვენ მხოლოდ გვეგონა ასე. ნათება ამ შემთხვევაშიც პარალელური სივრცეებიდან გამოვლინდება, ოღონდ – ბლაგვი ხარისხით. ამ დროს სანთლის ალი ცივ სივრცეს ეხმარება, ეთერულ სიბნელეს არღვევს და ადგილს უთავისუფლებს ნათელს, რომელიც მანამდე არ ჩანდა დღეს გაბატონებული კოსმიური წყვდიადის გამო. ძველინდურ ლიტერატურაში ნათქვამია: «კი არ იბადება ნათელი, არამედ თავისუფლდება». ე.ი. პარალელური სივრცეების გამოსხივება მანამდეც არსებობს თუნდაც ოთახში, მაგრამ არ მოჩანს იმიტომ, მთელი ირგვლივეთი «კალი-ჲუგას» სიბნელითაა დათრგუნული. უწინდელი წარსულის ნებისმიერი ხარისხის ფარული სინათლის წარმოსაჩენად საჭიროა თანამედროვე სიბნელის «მიწევ-მოწევა» და კოსმოსში ოდესღაც დავანებული ზეციალის წინა პლანზე წარმოჩინება... მერე ჩანს. ამრიგად, სინათლე ანათებს და არა ცეცხლი, ისინი სხვადასხვა სუბსტანციებია. ცეცხლის ალი – სწრაფად მოძრავი ელასტიკური სარკმელია, რომელშიც ვხედავთ სამგანზომილებიანი ყოფიერების იქით დავანებული ცხელი ეთერის კადრებს. უწინ ბერები სანთლის ალზე ლოცულობდნენ იმიტომ, ასე უკეთ ისმის გაღმა სოფელში აქ მორწმუნე ადამიანის ვედრება და შემდეგ ამას იმ ეპოქის ზე-ენერგია აღასრულებს ჩვენს დროში.

წეღან კომპიუტერის პროცესორი ახსენეთ...

– ბნელი ეთერი ირღვევა პროცესორებშიც და დღეის ადამიანი ამით ახერხებს პარალელურ სივრცეებთან დაკონტაქტებას. ეს ხდება როგორც კომპუტერებში, ასევე – უკაბელო ტელეფონებში. ე.ი. ინფორმაციასაც ფარული ზესივრცე ინახავს და ავრცელებს. მაგრამ, მეცნიერულ გაუგებრობას ადგილი აქვს აქაც, რამაც დასაშვებია დიდი საშინელება განაპირობოს!

რა ხდება ასეთი, ბატონო გივი!

– მკითხველი ამას პირველად გაიგებს. დავაკვირდეთ: რელიგიის ლიდერები გვირჩევენ, თუ გსურთ რაიმე შესთხოვოთ უფალს, სანთელი აანთეთ და ილოცეთო! თურმე რა ხდება და აზრზე არ ვართ... ამ დროს სანთლის ალით შედარებით იოლად იწერება ფარულ ზესივრცეებში ჩვენი თხოვნა, რის რეალიზაციასაც უფ-ალი განაპირობებს როგორც ზე-ენერგია. სინათლის ძლიერი ხარისხის სახით კი საქმე გვაქვს ისეთ მოვლენასთან, რომელსაც სურვილების რეალიზაცია შეუძლია. მაგრამ... !!! წარმოვიდგინოთ, კომპუტერით ამონტაჟებენ ახალ ფილმს დედამიწის ან რომელიმე ქალაქის ნგრევის სიუჟეტებით. ვინაიდან მოქმედ პროცესორში ჩარღვეულია დღეის შავი ველი და ამის გარეშე იგი ვერ ფუნქციონირებს, კინორეჟისორი ასეთი ფილმის შინაარსით თავად აკოდირებს ზე-სივრცეებში ამ პლანეტისა და ქალაქების ნგრევის რხევებს, რასაც ხვალ-ზეგ აუცილებლად ამავე აზრის რეალიზაცია მოჰყვება.

დაუჯერებელია! და ამას უფალი დაუშვებს?

– უფალი, როგორც ცნობიერი ზესინათლე, ბალღივითაა, მიამიტი. არ იცის, რა უნდა მოიმოქმედოს. ის იმას აღასრულებს, რასაც მასში ჩააკოდირებ. ოღონდ, ეს უნდა გავიაზროთ, წვერებიან ღმერთზე კი არ გესაუბრებით, ეს გახლავთ ენერგიების უზენაესი ხარისხი. ამაშიც დაგარწმუნებთ: გასულ წლებში ქართული ერთ-ერთი ტელეარხით რამდენჯერმე გადაიცა რეკლამა, სადაც ვითომ თბილისის სატელევიზიო ანძა იწვებოდა. არ გასულა რამდენიმე თვე და ჩვენს ანძას მართლა ხანძარი გაუჩნდა. ანალოგიური რეკლამა უჩვენეს მოსკოვშიც, იქ ვიყავი, ვითომც «ოსტანკინოს» ანძა იწვებოდა. გავიდა რამდენიმე თვე, მისი «დაწვის» ფანტომი ამოქმედდა და 2000 წელს მთლად ამოიბუგა იგი! არც ნიუ-იორკს დაადგება კარგი დღე, სხვადასხვა ფილმებით მერამდენედ «დაანგრიეს» ეს საწყალი ქალაქი. სხვა მაგალითს გავიხსენებ...

როცა სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღეს სახელწოდებით „იაპონიის დაღუპვა“ (საიტების საძიებელში ჩაწერეთ „гибель японии фильм“), რის მიხედვითაც მათი ქვეყნის დიდი ნაწილი წყალში იძირება, იმთავითვე ვიცოდი, რომ იაპონიას სერიოზული რაღაც დაემართებოდა! ის, რაც 2011 წელს იქ მოხდა, იცით. და რა გგონიათ, მათი უბედურება ჩამთავრდა?! ოღონდ, რაც უფრო დიდ მასშტაბებთან გვაქვს საქმე, ზესივრცეებში ჩაწერილი აზრის რეალიზაციას მით მეტი დრო ესაჭიროება. აღარაფერს ვამბობ იმ კინორეჟისორის გონებრივ სიბეცეზე, ვინც დიდი ფულის მოგების მიზნით ფილმი «2012» გადაიღო. ეს ფანტომიც უკვე მუშაობს! რასაკვირველია, დაფარულ სივრცეებში უამრავ ინფორმაციას ვწერთ უკაბელო ტელეფონებითაც, რამეთუ მათ პროცესორებშიც თანამედროვე ბნელი ეთერია ჩარღვეული, ამიტომ ასხივებენ ისინი და ეს არის მიზეზი მათ ირგვლივ წარმოჩენილი ძლიერი ელექტრომაგნიტური ველისა.

ერთი შეკითხვაც: თუ ზენათელი არსებობდა ოდესღაც, დღეს როგორ ვხედავთ მის სიკაშკაშეს თუნდაც ელ-ჭექის მომენტში?

– ელვის ნაპრალში გამონათებული ციალი არ ემორჩილება ჩვენს დროს და ძალზედ შორეული წარსულის სულ სხვა ეპოქიდან ანათებს! სხვათაშორის, როცა ერთხელ ფიზიკის ინსტიტუტში ვთქვი ეს, რომ ელვის ბზარში ვხედავთ რამდენიმე ათასი წლის წინანდელ ციალს, ფიზიკოსმა გია დვალმაც ირონიით შეიცინა; როცა ლექცია დაიწყო და მან თქვა, რომ აფეთქებული ვარსკვლავის (?) შუქის ჩვენამდე მოღწევას ესაჭიროებაო 15.000.000.000 წელიწადი და მხოლოდ ახლა ვხედავთ მის სინათლეს, ამას ყველა მეცნიერი სერიოზულად შეხვდა. საოცარი ხალხია! ჩემი «7000 წელი» გაუკვირდათ, დვალის «15 მილიარდი წელი» კი სიმართლეა?!

დიდი საოცრება მესმის თქვენგან, ბატონო გივი! როგორ წარმოვიდგინოთ თეთრი ველის მდებარეობა შავი ველის ქვეშ?

– ანთებული სანთლის გამოსახულებას დახედეთ (ილუსტრაცია 6): ნახეთ, როგორ ამოწვა მისმა ალმა ოთახის შავი ფლუიდი, რის გამოც იქვე სინათლეა წარმოჩენილი და, გვეჩვენება, თითქოს ადამიანს ხელის «ჩაყოფა» შეეძლოს მასში. დიდხანს უცქირეთ ალის ხვრელს, ნათელი მოჩანს სიღრმიდან, თითქოსდა თეთრი არეალი შავის იქითაა, თქვენგან იქით, შავის ქვეშ. აშკარად საქმე გვაქვს გამოსხივებათა შრე-სართულებთან. აქედან გამომდინარე, ანალოგიური შინაარსის ნახატები და ფოტოსურათები წარმოადგენენ არა ორგანზომილებიან, არამედ – სამგანზომილებიან სიბრტყეებს. ამჯერად ელვის ნაპრალში ჩაიხედეთ, მის ბზარში (ილუსტრაცია 7), შეხედეთ, შიდა იქაურობა კაშკაშებს! რელიგიის წარმოშობის მიზეზსაც ის ელვარება წარმოადგენს, რათა ადამიანის მიძინებული ქვეცნობიერება (სულის მეხსიერება) ზე-მიღმიერ სივრცეებში დიდი ხნით უკან ჩარჩენილ არაამქვეყნიურ სიკაშკაშესთან დააკონტაქტოს, ხორციელი სიკვდილის შემდეგ კი ადამიანის სული «სატია-ჲუგას» – სასუფეველის ციალს შეერწყას. ამრიგად, კოსმოსი ისეთია ისტორიის სხვადასხვა ეპიზოდში, რომელი ეპოქის როგორი ველიც აქტიურობს მასში; როგორიცაა კოსმოსი, ისეთები ვართ ჩვენც. ზნეობა დავარდაო?! რას ერჩით ადამიანს, სამყაროს ძალწირებია დღეს პასიური. არადა, მსუბუქი გამოსავალი არ-სე-ბობს!

რატომაა, როგორც ამბობთ, «დიდი დღე» ცხელი?

– ერთი წუთით... კარგი რაღაც გამახსენდა და ახლავე გეტყვით: ცნობილია, სინათლის ფოტონის სიჩქარე წამში 300.000 კილომეტრია. მაგრამ, როცა ჩემში სივრცის თავგადასავალი ჩამოყალიბდა და დავადგინე, რომ დროში უკან დახევით სამყაროს სიმთა ვიბრაცია უფრო გაიზრდება და მათი აქტიურობა მოიმატებს, მეცნიერთა წინაშე გასულ ათწლებშივე ჩამოვაყალიბე ერთი ასეთი შეკითხვა: რომელი ათასწლეულის სინათლე ივარაუდა ბატონმა აინშტაინმა? ჩემი აზრით, რაც უფრო ადრინდელი ეპოქების სივრცის რელაქტიური გამოსხივების გავრცელების უნარს გავზომავდით, მაშინდელი ფოტონის სისწრაფე და ტემპერატურა გაიზრდება და დასაშვებია არქაული მეტაეპოქების ციალის სიჩქარე მყისიერი, ნულის ტოლი აღმოჩნდეს, რისი ვარაუდიც მხოლოდ ახლა დაუშვეს ცერნის მიწისქვეშა ვეება ლაბორატორიის ფიზიკოსებმა.

და ამას როგორ დაუდასტურებთ მეცნიერებს, რომ სინათლის სიჩქარე სხვადასხვაა?

– ელემენტარულად. რაც უფრო მაღალ სისწრაფეს მიაღწიეს ინფორმაციათა კომპუტერით დამუშავების მხრივ, მისმა პროცესორმა მით მეტი გამაგრილებელი მოწყობილობის მასზე დამონტაჟება მოითხოვა, არადა ვერ უძლებს, დაიწვება. აი, ფაქტი!

ესე იგი...

– რაც მეტია აზრის გავრცელების სიჩქარე, მით უფრო მაღალ ტემპერატურასთან გვაქვს საქმე. რა მკითხეთ წეღან?!

რატომაა «დიდი დღე» ცხელი?

– იმიტომ, რომ «დიდი ღამეა» ცივი, ესეც ერთგვარი პოლუსებია. დავაკვირდეთ: თუ არსებობს ადამიანი, ჩვენი სულიერი კაშკაშა სხეული კი დაფარულია ჩვენშივე და არ ჩანს. არის სამყაროც. რატომ არ უნდა არსებობდეს მასში მისივე კაშკაშა სულიერი მდგომარეობა, რომელიც ასევე დაფარულია და არ მოჩანს. რა ვთქვი გაუგებარი ან არალოგიკური!

ბატონო გივი! თქვენ ხშირად იშველიებთ ჩვენთვის უცხო რელიგიების ძველ ტექსტებს. თუ არის ეს ცნობილი მართლმადიდებლურ ლიტერატურაში?

– რასაკვირველია! ვინაიდან სამყაროს მატერიად გამოვლინებიდან დღემდე სივრცეში თანდათან ბნელდება, სივრცის ყველაზე ჩაბნელებულ ფაზას ჩვენმა წინაპრებმა უწოდეს «უკუნითი უკუნისამდე». ე.ი. სცოდნიათ, რომ ბოლო ჟამში ჩვენს ზნეობას უკუნეთი გაანადგურებდა. უზენაესი ამიტომაც ეუბნება აბრაჰამს – წუთისოფლის მიწურულს ქალაქებში ათი მართალი აღარ დაიძებნებაო! – მოვედით! აგერაა რელიგიური სიბეცის ფაქტი: ნაცნობს კბილი ასტკივდა და სტომატოლოგთან არ წავიდა, ჩემი მოძღვარი თბილისში არ გახლავთ და მისგან ლოცვა-კურთხევა ვერ ავიღეო. ხვდებით, ალბათ, რა ხდება მოსახლეობაში! გონებრივი სიბეცის სხვა მაგალითს გავიხსენებ: ფიზიკოსმა გურამ კოპაძემ თავისი გაზეთით გამაკრიტიკა ამ თეორიისთვის, მაგრამ რისთვის მაკრიტიკებდა, არ გამოუქვეყნებია. ვერ მიხვდა, რომ მკითხველს ჯერ ჩემი მოსაზრება უნდა წააკითხოს. ამავე დროს რუსეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს მასალა დაიბეჭდა მათი ქვესათაურით «გადატრიალება ფიზიკაში». უარესს გეტყვით...

გასული წლების საქართველოს საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა, ანა ჟვანიამ ინტერნეტით და მოსკოვური წიგნებით საერთაშორისო მასშტაბით გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია და გიჟად გამომაცხადა. ის გამოცემები დააფინანსა «იუნესკო»-სა და დიდი ბრიტანეთის საელჩომ მოსკოვში. წარმოგიდგენიათ?! ახალგაზრდა გოგოა და რა უბედურ დღეშია აზროვნების მხრივ. შემდეგ ეს ვიღაც ანა ჟვანია წლების განმავლობაში წარმოადგენდა ჩვენი განათლების მინისტრის პირველ მოადგილეს (!). და გჯერათ, ის ქართველების სწორ განათლებაზე ზრუნავდა?! ჩემისთანა კაცზე რომ ვინმე იტყვის, თითქოს «ფსიქიკურად ავად ვარ» და ამას საერთაშორისო სააგენტოებით გაავრცელებს, ის უნდა გამოცხადდეს ერის მტრად და საქართველოდან გავაძევოთ. ალბათ ნაციონალური პარტიის წარმომადგენლებმა არც იციან, გასულ წლებში ეს ანა ჟვანია და დავით ბერძენიშვილი აგენტები ყოფილან რუსეთის «ფონდ გლასნოსტის» ორგანიზაციისა და აქედან აწვდიდნენ ინფორმაციებს, საიდანაც ჩემი პიროვნების დამამცირებელი სისულელე გავრცელდა. რამდენჯერაც ორივეს დავურეკე, ყურმილი დამიკიდეს, თავის კაბინეტში არ შემიშვეს. მსურდა, წარმოადგინონ ფსიქიატრთა ოფიციალური დასკვნა ჩემი სულიერი ანომალიების შესახებ. მაგრამ, რა უნდა მიჩვენონ, ასეთი რამ არ არსებობს! აი, «კალი-ჲუგას» კიდევ ერთი შედეგი.

სამწუხაროა. კი მაგრამ, მეცნიერებს როგორ დაარწმუნებთ სამყაროს თანდათან ჩაბნელების ალბათობაში, ინდოელების რელიგიური ტექსტებით?

– არა. ლოგიკური ფაქტებით. ჯერ ერთი, თუ თავად აღიარებენ, ყველაფერი დიდი აფეთქებით დაიწყო და სჯერათ, რომ ენერგია არასოდეს იკარგება, ერთი ასეთი შეკითხვა უნდა შევკადრო: სად არის დღეს «დიდი აფეთქების» მუხტი გადანახული, გაქრა?! როგორ გაქრებოდა, წინ გვიდევს «ენერგიის მუდმივობის კანონი». ან რატომ იწყებენ სამყაროს პირველად გამოვლინებას «დიდი აფეთქების» შემდეგ. თუ იმის იქით არაფერი არსებობდა, რამ იფეთქა! სამყაროს წარმომავლობის ასეთი განმარტებაც ერთგვარი სიბეცეა. ამას გარდა...

ცის მეცნიერები თავდაპირველად მიიჩნევდნენ: კოსმიური სივრცის მინიმუმი დაბალი ტემპერატურა წარმოადგენსო მინუს 272 გრადუსს ცელსიუსით, ასე გვასწავლეს სკოლაში. გავიდა წლები. გამოქვეყნდა ოდნავ განსხვავებული დასკვნა, რომ შორეული სივრცის ტემპერატურა შეადგენს მინუს 273 გრადუსს. მაგრამ, მერე და მერე დაასკვნეს და შეერთებულ შტატებში ყოფნისას იქაურ პრესაში წავიკითხე: ნასა-ს უკანასკნელი მონაცემებით, სპეციალისტებმა კოსმოსის მინიმუმ სიცივედ აღიარეს მინუს 273,15 გრადუსი, თან უკვირთ, ამ მხრივ რა შეეშალათ გასულ წლებში. ოღონდ, კი არ მოგვატყუეს, შეცდნენ, იმ მხრივ, სამყარო კიდევ ცივდება. ეს უკვე მეცნიერული დასტურია. სიტყვას გაძლევთ, წუთისოფელი რომ განივრცოს, უახლოეს წლებში კოსმოსში კიდევ დაიწევს სივრცის ტემპერატურა, რაც უარესად დააკნინებს ადამიანის ფსიქიკას და ჩვენი მოდგმა ჯერ სრულ ანარქიამდე მივა, შემდეგ – საერთაშორისო ისტერიკამდე! ამ დროს სხვადასხვა სახის რამდენიმე გამოსავალი არსებობს და 25 წლის განმავლობაში არავის უკითხია ჩემთვის, რაში მდგომარეობს ეს. აი, რა დაემართა ადამიანს. ანდა, სპეციალისტები ამას როგორ აარიდებენ თავს, ოკეანოლოგებმა დაადგინეს, დაახლოებით 600 წლით უკან გრენლანდიაში (თარგმანი «მწვანე მიწა») ყინული არ ყოფილა. ფაქტი და ასეთი?!

ვთქვათ, თქვენი ეს მოსაზრება სივრცის თანდათან გაცივების თაობაზე სიმართლეა. ამ ეტაპზე რას გვაძლევს ეს?

– სინათლის კვანტის მიზეზების გააზრების გარდა, მხოლოდ ჩემი «გახსნილი სივრცის თეორიით» გაირკვა ქათმისა და კვერცხის პირველობის საკითხი; პირველი ხორბლის საიდანღაც მოტანის საკითხი; ყველა სახის ხილის კურკისა და ბოსტნეულის პირველი თესლის წარმოჩენის საკითხი, ან ვისგან დაორსულდა ბიბლიური ევა, როცა ადამიც მიიცვალა და, დედისა და მისი ვაჟიშვილების გარდა, დედამიწაზე ჯერ არავინ იყო. ეს ყველაფერი ჩემს ხუთწიგნეულშია.

თუ შეგიძლიათ, ვიზუალურად წარმოგვიდგინოთ, როგორ დაბნელდა სამყაროში...

– თუ არ დაგღალეთ, ილუსტრაციებით ვნახოთ, რა დაგვემართა ათასწლეულების განმავლობაში. უწინდელი კოსმოგონიური ცოდნის მიხედვით, გარკვეულ პერიოდში ერთხელ დედამიწას ახასიათებს ფაზის გამოცვლა, ზე-მდგომარეობაში გადადის და მერე ახლიდან იწყებს მატერიად გამოვლინებას. ბიბლიითა და ინდუიზმის ფილოსოფიის მიხედვით, ასეთი რამ მალე ელის ამ პლანეტას. შევეცდები, ანიმაციის მსგავსი კადრებით წარმოგიდგინოთ ერთიანი სივრცის ჩამობნელების ვიზუალური ისტორია: უფლის მეორედ მოსვლის დროს, რაც დედამიწის ანიჰილაციას გამოიწვევს, ჩვენი პლანეტა იხსენებს ზე-ფაზას, გამოსხივების მდგომარეობაში გადადის და ნეტარი სივრცეების ზეგავლენას განიცდის. თუ როგორ წარმოვიდგინოთ ერთად დადებითი და უარყოფითი დედამიწა, ურომლისოდაც დიადი ანიჰილაცია ვერ მოხდება, ამას ფიზიკოსებს შეხვედრისას გავუმხელ. ოღონდ, ვერ დავადგინე, რა პერიოდის შემდეგ ხდება ზე-იქ კეთილ ადამიანთა სულთა პირველი აღდგომა, საიდანაც, ბიბლიით, ჩვენი ცივილიზაცია იწყება. ზოროასტრიზმით 12.000 წელს ვარაუდობენ. მოსემ თავისი აღწერილი «სამყაროს შვიდდღიანი შესაქმის» ქრონოლოგია მხოლოდ 7000 წლით შემოფარგლა... (წმიდა წერილით «ერთი დღე უდრის 1000 წელს»), «ძველი აღთქმის» ეზრა წინასწარმეტყველის ტექსტებით კი გამოდის: დიადი ანიჰილაციის შემდეგ, ანუ სასუფეველში სულთა პირველი აღდგომიდან დღემდე გასულია დაახლოებით 8000 წელიწადი! თუკი ასეა, შეკითხვაზე, სწავლულებმა საიდან მოიტანეს «დედამიწის ღერძის 26.000-წლიანი პრეცესიული მოძრაობა წრიულ კონუსზე», გაუგებარია და პასუხი არ მაქვს.

სხვა წარმოდგენა აქვთ ამაზე სპეციალისტებს. ერთ დღეს ერთმა ფიზიკოსმა მომახალა: «ოთხი კი არა.., დედამიწაც ათი მილიარდი წლისაა»!!! თუმცა, რაც ნაკლებს ვიტყოდით, მით უფრო გაეხარდება ქალბატონ დედა-მიწას, მანდილოსნები ხომ სასტიკად ვერ იტანენ განვლილი წლების სიუხვეს. იუმორით ვიტყვი ერთსაც, ჩაგეღიმებათ: გასული საუკუნეების ერთ-ერთი ქართველი ავტორი გვაუწყებს, რომ იტალიის დედაქალაქი «რომი აღეშენა წელსა დასაბამითგან 3199 შინა, ჰრომულოსის მიერ, რომლისა გამო სახელიცა უწოდა რომი» (ი. ბატონიშვილი. «ხუმარსწავლა». II ტ. გვ. 321). ნახეთ, სად მივედით თანამედროვე მეცნიერთა აზროვნებით: თუ მათი დასკვნებიდან გამომდინარე დავუშვებდით, რომ დედამიწა მართლა ათი მილიარდი წლისაა და იტალიის დედაქალაქი დაარსებულა «დასაბამითგან წელსა 3199 შინა», სინამდვილეში დღეს ქალაქი რომი ყოფილა ცხრა მილიარდ ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი მილიონ ექვსი ათას რვაასი წლისა (!). მოგწონთ ასეთი ლოგიკა? ამგვარი გათვლებით თვითნებურად გამოირიცხება მსოფლიოს არქეოლოგიური აპარატის სენსაციური დასკვნა, რომ «საქართველო – პირველი ევროპელის სამშობლოა... აქ აღმოჩენილი უწინდელი ადამიანის ძვალი ორი მილიონი წლისაა»! და ეს გვიხარია?! თუ დღეის სწავლულთა გათვლებსა და ძველქართულ ტექსტებს შევაჯერებთ, გამოდის, ვიდრე დმანისს «ზეზვასა» და «მზიას» ოჯახი მოევლინებოდეს, მანამდე იტალიის დედაქალაქი «არსებულა». მოკლედ, დედამიწა თანდათან ემსგავსება სოფლის იმ ბებერ დედაკაცს, თავის წლოვანებას რომ ვეღარ იხსენებს.

ერთ დღეს ქვინსის დასახლების 108-ე ქუჩაზე ვიდექით. ეს ხდება ნიუ-იორკში. ჩემმა ნაცნობმა ქართული წარმოშობის იქაური ებრაელები გამაცნო, ერთმანეთს ებრაულ ახალ წელს ულოცავდნენ. რა დროა-მეთქი თქვენი კალენდრით? – ვკითხე ერთ-ერთს. – დასაბამიდან 5765 წელი შესრულდაო, – ამაყად მიპასუხეს. – თქვეკაი ხალხო... – ჩამეცინა, – რა გიხარიათ, თქვენივე მეცნიერები ამტკიცებენ, სამყარო ათი მილიარდი წლისაა! ახლა ამბობთ, დასაბამითგან სულ რაღაც 5765 წელი გასრულებულა. და ამ გაუგებრობას ულოცავთ ერთმანეთს?! სადაა აქ საღი ლოგიკა!

ისე არ გავიგოთ, თითქოს სამყარო და დედამიწა 8000 წლის იქით არ არსებობენ... ასე არ არის! ჩვენი ცივილიზაციის კალენდრით დადგენილი ეს 8000 წელი ეკუთვნის მხოლოდ დედამიწას და წარმოადგენს მის ინდივიდუალურ დროს. სამყაროს ირგვლივ არსებული მეტადროის ხანგრძლივობა კი ძალზედ ვრცელია, ფაქტობრივად, ვერ დავითვლით. ამ პლანეტის ანიჰილაცია მეორდება და მეორდება. როცა ეს ხდება, უხეშ მატერიად დაკონსერვებული დედამიწა წყლის სრული მასით თავის დასაბამისეულ მდგომარეობას იხსენებს და იმდენად დიდ ენერგიად გარდაიქმნება, სამყაროს სივრცეს ავსებს! მერე ყველაფერი ახლიდან, ისევ იმ სინათლიდან იწყებაო.

სხვა რით დაასაბუთებთ, რომ დედამიწის ინდივიდუალური დრო დაახლოებით 8000 წელია?

– როდესაც შორეული წარსულის ცნობილი პერსონაჟების გენეტიკური ქრონოლოგია შევისწავლე.., ე.ი. თუ ბიბლიის ტექსტებში შემონახული ინფორმაციებით, დიდმამათა სიცოცხლის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, უშეცდომოდ ავითვლით დროს ადამის გარდაცვალებიდან დღემდე, არც ძველქართული ქრონიკონით, არც ბიზანტიური, და არც ძველებრაული კალენდრით არავითარ შემთხვევაში არ გამოდის დედამიწა ოთხი მილიარდ ხუთასი მილიონი წლის, როგორც ამას მეცნიერები ვარაუდობენ. ბატონი ადამი თავისი მეუღლითურთ იმხანად ჯერ უკვდავია. ეს ნიშნავს, სულ რაღაც 8000 წლით უკან ისინი დღემდე გადაკარგული ედემის ზესინათლეში იმყოფებიან. შემდეგ რაღაც მოხდაო სამოთხის «გველთან» დაკავშირებით... – გვამცნო მოსემ, – და ისინი გარდაიცვალნენ.

ხალხმა ვერ გაიგო, როგორ წარმოვიდგინოთ სამყარო მისი თეთრი და მუქი ფაზებით. ამის უკეთ გასააზრებლად გთავაზობთ რამდენიმე კადრს, რათა მეხსიერებამ შეიხსენოს, სინამდვილეში რა მოხდა შორეულ წარსულში და ზე-როგორ ვლინდება ყველაფერი. თუკი ამას დავიჯერებთ, სამყაროსა და დედამიწის მეტაისტორია დიადი სინათლიდან იწყება და ამას ამბობს მოსეც... (იხ. ბიბლიის დასაწყისი), ადვილად მივხვდებით, წუთისოფლის თანამედროვე უზნეობაც დიდი სინათლით უნდა ჩამთავრდეს. აი, რატომ გვიახლოვდება ზე-ელვარე «პლანეტა ნიბირუ», შუმერულად «ნებირუ». მათივე განმარტებით მარდუქ-ღმერთის უზენაეს ფაზას წარმოადგენსო. არ შეშინდეთ! იგი მატერია არ არის და ჩვენი პლანეტა არ დაიღუპება, ოღონდ დიდ განკითხვას განაპირობებს! ცოტაც დაითმინეთ... როცა «მზე-ნიბირუ» მოგვიახლოვდება, ვნახავ, სად ერთ-რამეში შეძვრება საქართველოს დაუძინებელი მტერი. მოკლედ...

გადავდივარ ანიმაციაზე. ვითომ მე-8 ილუსტრაცია გადაღებულია მაშინ, როცა სამყარო კაშკაშებს. ამ გამოსახულებით მოჩანს რაიმე? – ციალის გარდა არაფერი! ან რა უნდა დავინახოთ, ის სხვა განზომილებაა. ასეთია ერთიანი სივრცე მსოფლიო წარღვნის იქითა პერიოდში. მაგრამ, ისე არ გაიგოთ, თითქოს ეს ხდება სადღაც... არავითარი! სადაც დღეს სამყაროა თავისი ყველაფრით, აქვე ასხივებს მაშინდელი «სატია-ჲუგა». მის ტემპერატურას ნუ იკითხავთ, ზე-ვარვარებს! ამ მხრივ საქმე გვაქვს განუყოფელ ტალღასთან, რაშიც ანიჰილაციის მომენტში გარდაისახებიან ნაწილაკებიც.

ახლა მე-9 ილუსტრაციას დახედეთ, რაღაც გამოჩნდა, თუმცა სურათზე ჯერაც შეინიშნება დიდი გამოსხივების ზეგავლენა. ამით ვიგულისხმე ზე-ეპოქა დაახლოებით 8000 წლის წინ. ჩემი აზრით, ასეთად დავინახავდით ამ პატარა მდინარეს, რასაკვირველია – მზის გარეშე. ვინაიდან იმხანად მთა და ბარი ვლინდება, მაშასადამე «სატია-ჲუგას» თავისი სიკაშკაშე ჩაუმთავრებია, სივრცის ტემპერატურამაც ოდნავ იკლო, მაგრამ იქაურობა ჯერ მაინც გავარვარებულია.

ბატონო გივი! იქ რატომ არ იწვის ადამიანი?

– იმ ეპოქაში ჩვენც იმნაირები ვართ. ამიტომაც იყვნენ უკვდავნი. შემდეგ 900-800 წელი ცხოვრობდნენ... ჩამობნელდა თუ არა კოსმოსში და, თქვა ღმერთმა ჩვენს მომართ: «იყვნენ დღენი მათნი ასოც წელ» («ძველი აღთქმიდან», იხ. «შესაქმე», ანუ «დაბადება», 6-3). თუმცა, მას მერე ეს წლებიც გვაკლდება, ე.ი. სივრცე უარესდება. მაშ, თუ ისტორია თავდაპირველად უკვდავებით იწყება, ეს მაინც დავადგინოთ, სად-რომელი ეპოქიდან დავიწყოთ ყველაფრის მატერიად აღქმა, რათა იმის იქითა სივრცეებს ვუწოდოთ «მეტაფიზიკური», შემდეგ ეტაპს – «ზე-ფიზიკური», ხოლო მას აქეთა არსებობას – «ფიზიკური».

მე-10 კადრი ასახავს დროს, როცა დასაბამისეულ ციალს კიდევ მოაკლდა სიკაშკაშე და აჰა, ზე-ბუნება ბუნებას ემსგავსება, ე.ი. თანდათან ვლინდება დედამიწა როგორც ანიჰილირებული ვეებერთელა «ნაწილაკი». იოანე მოციქულის თქმით, სწორედ იმ პერიოდში ხდება 144.000 წმიდა სულის პირველი აღდგომა, სადაც საყოველთაო ნეტარება სუფევს – არ კვდებიან, არ შიათ, არ სცივათო. და ვინ არიან ისინი? ვინც ჩვენს დროში დიდი დაცემა დაითმინა: ბოლო ჟამიდან ზე-მასში სულიერად შემგზავრებული და ფანტომის სახით იქ დავანებული დადებითი ადამიანები.

ალბათ მკითხავდით – იქნებ ეს მე-10 ილუსტრაცია გამთენიის მზეზეა გადაღებული... – არა! ისტორიის საწყის ეტაპზე სამყარო თვითმნათია მზის სინათლის გარეშე. რომც იყოს, მზე იქ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც 3000-ვატიანი მძლავრი მანათის გვერდით ჩართული ფანრის პატარა 3-ვატიანი ნათურა, გაანათებს? შემდეგ დროით აქეთ და აქეთ კოსმოსში უფრო ბნელდება...

მე-11… მე-13 ფოტოები დავაფიქსირე უმზეოდ, ღამდებოდა, რის გამოც მე-14 კადრი მუქია. რატომ ბნელა იქ, უმზეოდ გადავიღე და იმიტომ?! ეს არ გახლავთ სრულფასოვანი პასუხი. მე-15 ილუსტრაციის მიხედვით სპეცგანათების გარეშე კამერამ ვერაფერი დააფიქსირა იმიტომ, სრულიად ჩამობნელდა სამყაროში, რის გამოც ეს ფოტოსურათი არ ვარგა. ე.ი. რაც უფრო შორეულ წარსულში მზის ჩაურევლად «ღამით» გადავიღებდით ბუნებას, მით უკეთესი ხარისხის ფოტოსურათებს მივიღებდით. დროით იმის იქითა ყოფიერება კი აბსოლუტურ პლაზმაში გადადის.

მაშინდელ რეალურ აწმყოში გაბატონებულია ძლიერი სინათლის მხოლოდ ერთი დიადი კვანტი ღვთაებრივი ზესინათლის სახით, რომლის საზღვრების დადგენა წარმოუდგენელია. ეს რაც შეეხებოდა დედამიწას. ამჯერად გამოსახულებათა მასშტაბებს გავზრდი და დაათვალიერეთ სამყაროს გამოვლინების ქრონოლოგია. ოღონდ, დროის მსვლელობას გავყვები დღეიდან უკან და გავაცნობიეროთ, საიდან რაში გადადის შავი კოსმოსის ხარისხი.

მე-16 ილუსტრაციის თანახმად ეს ხდება აწმყოში, სადაც დავანებულია დიდი ღამე.

მე-17 სურათი ოდნავ ბაცია. ეს იყო დროება, როცა «დვაპარა-ჲუგა» მთავრდება. ამით ვივარაუდოთ სივრცე დაახლოებით 5000 წლით უკან, საიდანაც დღეს მომხდარი ბირთვული კატასტროფის დროს გამა-გამოსხივება ვლინდება. რატომ გვავნებს იგი? ფიზიკური სხეულების ზე-ხარისხი დავკარგეთ და იმიტომ. გამა-სხივები მას უფრო ემტერება, ვინც სულიერად არ ვარგა და უზნეოა.

მე-18 გამოსახულებით კი საქმე გვექნებოდა დღეიდან უწინ, ალბათ 7000 წლით უკან არსებულ არაამქვეყნიურ ნათებასთან...

ხოლო მე-19 ილუსტრაციით წარღვნის წინარე პერიოდი უნდა წარმოიდგინოთ, ე.წ. «ტრეტა-ჲუგა». მას იქით და იქით კი სამყარო ზე-კაშკაშებს, როგორც ამას მოსე წინასწარმეტყველი აღწერს: «თქუა ღმერთმან: იქმენინ ნათელი! და იქმნა ნათელი» («შესაქმე», 1-3).

დაიწყეს თუ არა ქალაქ ჟენევას ქვეშ ცერნის კოლაიდერის მშენებლობა, იმ წლებშივე წავილაპარაკე ფიზიკოსებთან, რომ მათი ექსპერიმენტი ვერ გაამართლებდა. რატომ... ამ მხრივაც კიდევ ერთ მეცნიერულ უბედურებასთან გვაქვს საქმე: თუ გასხივოსნებული წარსულის უზენაესი პიროვნება და რელიგიის ყველა ლიდერი ამას გვასწავლის, რომ თავდაპირველად სამყარო ჯერ ფანტომია და გავარვარებული ზესინათლიდან იღებს სათავეს, სწავლულებმა რატომ დაიყვანეს ტემპერატურა კოლაიდერის გრძელ მილში მინუს 272 გრადუსამდე? და ფიზიკოსები ამით აპირებენ, პროტონების აჩქარებითა და შეჯახებით ყველაფრის წარმოშობის მიზეზებს უნდა მივაგნოთო! (???). ეს ნიშნავს, მათი გათვლებით სამყარო დასაბამს იღებს აბსოლუტური სიცივიდან. გჯერათ?! ეს იმას მაგონებს, მოხუცის განვლილი ცხოვრება უკან დავაბრუნოთ, ის ნელ-ნელა დაპატარავდეს და ბოლოს სამშობიაროში, დედის საშვილოში აღმოჩნდეს. ეგრე სად არის, ხალხო, პირიქით მოხდა, პირიქით! ყველაფერი პლაზმიდან დაიწყო და ზესინათლის კრიზისით ბოლოს ქაოსამდე დახვალთო, როცა დიდი სიტყვა უნდა ითქვას დედამიწაზე, როგორ ვლინდება სამყარო დასაბამში. ჟენევას წიაღში რას ეძებენ, ეს დალოცვილები, ეზოთერულ ცოდნას გადახედონ, სამყაროს წარმომავლობა შავით თეთრზე წერია. რით ვერ გაირკვა: როცა დიადი ანიჰილაცია ხდება უფლის «მეორედ მოსვლის» სახით, ვიდრე სასუფეველში ადამიანის პირველსული გამოვლინდებოდეს, მანამდე ზე-საწყის ყველაფერს დღევანდელი ლოგოსის ვიბრაცია ავლენს იქ და აწესრიგებს, რაშიც ჩაწერილია, როგორ დაიწყო სამყარო. ამიტომ თქვა მოციქულმა «პირ-ველითგან იყო სიტყუაჲ» («იოანე», 1-1). მაშ, ზე-ეტაპზე ვის როგორ და სად უნდა ეთქვა პირველი სიტყვა, თუ ჯერ დედამიწა ვლინდება, შემდეგ – ადამიანი! (ენციკლოპედიაში «ქაოსის» ცნებას გაეცანით აუცილებლად).

აი, თანამედროვე სწავლულთა აზროვნების დონე, რაში გახარჯეს ათი მილიარდი დოლარი. ამ დროს რამდენჯერ ვუთხარი ამის შესახებ გია დვალსაც, სად-როგორ, როდის და რა პირობებში ვლინდება ყველაფერი, მაგრამ ძველქართული ეზოთერიის გაგონება არ სურს! რატომ ვერ ხვდებიან, თუკი პროტონთა ხელოვნური დაძგერებით უწვრილესი ნაწილაკი დაიბადა და მან განაპირობა სამყაროს წარმოშობა, ამ შემთხვევაში ჯერ აგური უნდა შეიქმნას, შემდეგ – მისი მკეთებელი! სწორია?! ფიზიკოსებმა რომ ჩემზე კარგად იციან თავისი საგანი, ფაქტია, ოღონდ თვითონ ფიზიკაა დღეს აბერაციული, ესეც იციან და აღიარებენ, მაგრამ თავი ვერ დააღწიეს.

ბატონო გივი...

– ისეთი ინერცია ავიღე თხრობით, ძალიან გთხოვ, არ გამაჩერო.

სად ააგეს ბაბილონის გოდოლი

კვლავ დედამიწის განვითარების.., უფრო სწორედ, ზნეობრივი დაცემის ქრონოლოგიას წარმოგიდგენთ. ვნახოთ, რა დაემართა ჩვენს პლანეტას მისი ბოლო ინკარნაციის განმავლობაში: ძველქართული სასულიერო ტექსტებით, მოსეს განმარტება სამყაროს თავდაპირველი გამოვლინების თაობაზე ასეთია: «დასაბამად ჰქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ. (2) ხოლო ქუეყანა იყო უხილავ და განუმზადებელ» («შესაქმე», 1-1). ამრიგად, პირველად იქმნება არა ჩვეულებრივი «ცა და მიწა», როგორც ეს ბიბლიის თანამედროვე გამოცემებში ჩაგვიწერეს; ცა როგორ უნდა შეიქმნას, თუ ყველაფერი უკვე არსებულ ცაში ხდება, არამედ ჯერ დაბლა არსებული სულიერი «ცაჲ და ქუეყანაჲ» ვლინდება, რითაც წინასწარმეტყველმა კავკასიის ქვეშ ჩაკარგულ, დედამიწის ვირტუალურ ბირთვზე მიგვითითა, ის არისო თავდაპირველად წარმოებული, საკრალური ცაჲ, რასაც უწინ ჩვენში ასო იოტას გამოყენებით წერდნენ.

ისევ მე-15 სურათს დახედეთ. მოჩანს რაიმე? არაფერი! ამიტომ ამბობს მოსე, სამყაროს დვრიტა – «ქუეყანა იყო უხილავ». რა უნდა ჩანდეს, თუ დღესაც და იმხანადაც «ქუეყანა» ჯერ «უხილავ და განუმზადებელია». ხომ საინტერესოა, თუ დედამიწა და მის შიგნით განთავსებული მისივე ბირთვი სფერული სივრცის ეპიცენტრს არ წარმოადგენს, ვის აქვს ამის საღი პასუხი, ღმერთი ან ზე-ბუნება რატომ ავლენს მას პირველ რიგში სამყაროს მატერიად დაწყების ეტაპზე, რითაც გეოცენტრიზმის რეალობასთან აღმოვჩნდით. გადის რამდენიმე საუკუნე...

შევეცდები სხვა ილუსტრაციით წარმოგიდგინოთ შემდეგი ეპოქა და შეხედეთ, როგორია ეს პლანეტა იმ პერიოდში (იხ. მე-20 გამოსახულება). დააკვირდით, ოდნავ შემყარებული და სულიერად ქათქათა დედამიწის შიგნით (ქვემოთ) მოჩანს ზე-ჯეჯილი, ღვთიური ყანა, სადაც კლინიკური სიკვდილის პერიოდში ჩვენი ეპოქის დადებითი სულებიც ხვდებიან. ასე ვლინდება თავდაპირველად ედემის სივრცე, რომელიც დროის გასვლასთან ერთად თანდათან ჩამუქდება და ბოლოს ჯოჯოხეთის სტატუსს იძენს. ძველად ინდოეთში «სანატანა» ეწოდებოდა სულიერ ზეცას (იხ. «ბჰაგავად-გიტა». ქართ. გამოც. გვ. 13), სადაც აზრობრივი, მანანის პურის ყანა ბიბინებსო. პითაგორას ეპოქაში მარად არსებულ დაბლითა ცას უწოდეს «შორეული ცა», ის გახლდათ უკვდავთა სამყოფელი. ამავე მიწისქვეშეთს კი ძველ ჩინეთში «აკრძალული დასავლეთი» ერქვა. ამრიგად, რაკი ბიბლიური «შესაქმის» მე-4 დღის აღწერილობით «ღამის» ფენომენი შემოდის, და სამყაროს დიდმა ჰარმონიამ მზის წარმოჩენის აუცილებლობა განაპირობა, ესეც თვალნათლივ ადასტურებს ჩემი «გახსნილი სივრცის თეორიას», რომლის მიხედვით ოდესღაც გავარვარებული ეთერი თანდათან გაცივდა. ასე განვლო 1000-მა წელმა. ადამიანის მოდგმის პირველსულებმა ოდნავ გამყარება განიცადეს; დედამიწა თავის მომავალ უზნეო ყოფას იხსენებს; იწყება მოსახლეობის მსუბუქი კინკლაობაც, მიუხედავად იმისა, ეს მიწისქვეშეთი იმხანად უფლის სავანეს სტატუსს ინარჩუნებს. ეპოქები გადის...

დაბლითა მოსახლეობა სამოთხისკენ ამოსასვლელად დაიძრა. მაგრამ სად იყო იგი? მე არ გეტყვით, წაიკითხეთ: «და დაჰნერგა ღმერთმან სამოთხე ედემს აღმოსავალით» («შესაქმე», 2-8. თანამედროვე ბიბლიაში აქ გამოყენებულია სიტყვა «აღმოსავლეთი», უნდა იყოს «აღმოსავალი», ანუ ამოსასვლელი). რა გამოდის, თუ სამოთხე შედარებით ზემოთაა, სად ყოფილა ედემი?! რასაკვირველია, დედამიწის შიგნით, ოღონდ დღეს ქვე-იქაურობა ამოვსებულია გოგირდწყალბადოვანი გახურებული სითხით, გახრწნილი კვერცხის სუნი აქვს და ის საშინელი წყალი საქართველოს ხმელეთის უამრავ ადგილზე ამოიღვრება. ერთი კია, ეს ავადსახსენებელი ცხელი სითხე კანის ბევრ დაავადებას კურნავს, ქრონიკულ ფსორიაზსაც კი!

ვინაიდან ოდესღაც სიკვდილის ფენომენიც ვლინდება, რამეთუ ზეციალი იკლებდა დაბლითა სამყაროშიც, «ქუეყანის» ლიდერებმა გადაწყვიტეს ძალზედ მაღალი მთა-გოდოლი აეგოთ (ილუსტრაცია 21). მოსე გვიამბობს: «თქუეს, მოვედინ, ვიშენოთ თავთა თვისთათვის ქალაქი და გოდოლი, რომლისა თავი იყოს ვიდრე ცადმდე» («შესაქმე», 11-4). ასე იწყება ბაბილონის გოდოლის გრანდიოზული მშენებლობა, მაგრამ დღემდე ვერ მივხვდით, სად მოხდა ეს, მიწის პირზე თუ მიწის წიაღში. რატომ ააგეს ის? ჯერ დაიცათ...

მთა-გოდოლი დასრულდა (ილუსტრაცია 22). ზედვე დააშენეს ქალაქი ბაბილონი. მახვილი თვალი შეამჩნევს, «ქუეყანის» მთელი არეალი შიგნით ჯერ გასხივოსნებულია, დედამიწის ირგვლივ კი სივრცეში შეღამებულა. ე.ი. მეტაისტორიის იმ პერიოდს შემდეგი ჲუგას – «ტრეტა-ჲუგას» ჩამუქებული ველი შეეპარა. კიდევ რამდენიმე საუკუნე გავიდა და... ჩვენმა პლანეტამ გრავიტაციის უნარს უმატა, რის გამოც მანამდე ჰაეროვანმა წყალმა ქვემო მიმართულებით დინება დაიწყო. ეს ნიშნავს, დაბლითა იქაურობა თანდათან ივსებოდა. როგორ აღვწერო, ჯერ ბრწყინავს იქაურობა! იმხანად ეს ხდება მხოლოდ დედამიწის ვირტუალურ ბირთვში და «ქუე-ყანა» კიაფობს ეგვიპტელთა მიერ აღწერილი «რა»-ს ზეციალით. მას მერე ნათელი-იგი მცირდება, მცირდებაო... და სამყაროს შესაქმის პირველსავე დღეს არსებული სიკაშკაშე თანდათან ტოვებს მაშინდელ რეალურ აწმყოს. გადის დრო...

რაც უფრო წყლით ივსებოდა დაბლითა არეალი, ქვემო ქალაქები და დასახლებული ობიექტები იტბორებოდა, იქ მყოფი მოსახლეობაც სანაპიროებიდან უკან, «ქუეყანის» კიდეებისკენ იხევს. იმ პერიოდს ასე აღწერს ეზეკიელი (26-19. ჩემი ხაზგასმულია), უზენაესი ემუქრება: «ოდეს დაგდვა შენ, ქალაქი მოოხრებულ, ვითარცა ქალაქნი არდამკვიდრებულ. აღმოყვანებასა შინა ჩემგან შენ ზედა უფსკრულისასა და დაგფარნოს შენ წყალმან მრავალმან»! მოკლედ, მთავარ ქალაქსა და ქალაქებს წყალი დაფარავსო და მიმართულებას აძლევს ერთ-ერთ ლიდერს, საიდან ამოვლენ ისინი, უფსკრულით უნდა ახვიდეთო! ენით აღუწერელი სიმდიდრით ნაგები ქვედა ქალაქები კი წყლით დაიფარება, მათ შორისაა ატლანტიდა. თუ ხვდებით, რა იცის ძველმა ქართულმა ბიბლიამ, რაც დღეის გამოცემებით აბსოლუტურად იგნორირებულია.

გასულ ათწლეულებში იმდენი ვთქვი ამ დაფარული არეალის თვითგანათების მიზეზებზე ჩემს მიერ გამოქვეყნებული სტატიებით, მკითხველი თავად მოძებნის პასუხს: ეს გახლავთ სფერული სამყაროს აქეთა პოლუსის ციალი, უზენაესი მზეჲ – «რა-მზე», რაც სივრცის ძალწირების აქ თავმოყრისა და მათი ძლიერი ვიბრირების შედეგია. შუმერებმა ამ გამოსხივებას უწოდეს «მელამი», ძველ ინდოეთში – «ბრაჰმაჯიოტი». რატომ ააგეს უზარმაზარი გოდოლი? დაბლითა სივრცეში შედარებით გვიან ჩაბნელდა სამყაროს ძალწირების პასიურობით, ვიდრე – გარეთ, დანარჩენ ხმელეთზე, რასაც იმ ჟამის ცოდნის ეპიცენტრში მყოფი ლიდერები წინდაწინ გაითვლიდნენ. ამის გამო, სანამ კავკასიის ქვეშეთი წყლით ამოივსებოდა, ისინი არ ჩქარობენ ხმელეთზე ამოსახლებას.

23-ე ილუსტრაციის მიხედვით, ქვემო სამყაროში ჩაგროვილი წყალი ჯერ არ ამოსულა «ქუეყნის» იმ დონემდე, რათა ბაბილონი დაეფარა. თუმცა, ამ კადრს დააკვირდით: იქაურობას უკვე ეტყობა მუქი ველის შემოტევა, რის გამოც ზემოთ ამოსახლება გადაწყვიტეს, ჯერ იმიტომ, ყველაფერი წყალში იძირებოდა; თან იცოდნენ, წარღვნა ახლოვდებოდა. რჩეულნი კი, ვისაც ახლოს მიესვლებოდა დაბლითა სამყაროს ზე-ცენტრში გოდლის თხემზე დავანებულ «რა-მზე»-სთან, ისევ ბაბილონში მოსახლეობდნენ იმ ეპოქის მთავარ ღვთაებასთან ერთად, იქ ჯერაც ასხივებდა უფლის ციალი. აი, რატომ ააგეს ესოდენ მაღალი მთა-გოდოლი. მათი მიზანი უნდა ყოფილიყო, რაც შეიძლება ხანგრძლივად დარჩენილიყვნენ დედამიწის შიგნით ძლივსღა არსებული ზეციალის არეალში, რათა ლიდერებს ღმერთკაცობა და უკვდავება შეენარჩუნებინათ, არადა მოკვდებოდნენ. მოკლედ, ამოვსახლდით... წარღვნამაც გადაიარა...

დაიწყო ახალი ცხოვრება. მოვედით დღემდე, ეს უკვე ჩვენი მდაბიო ცივილიზაციაა, როცა «კალი-ჲუგას» კულმინაციით სიცოცხლე დაავადდა და ყოველდღიურად ვეცემით. სივრცის ძალწირების ვიბრირების დეგრადაციით იმდენად დაუძლურდა ნოვაციათა ამოქმედების უნარი, წერე, თქვი და ილაპარაკე რამდენიც გსურს, მათი რეალიზაცია აღარ ხდება. ამრიგად, კაცობრიობის რეალური წარსულიდან გამომდინარე, «ისტორია, რომელიც ლიტერატურის ყველაზე გულუბრყვილო ჟანრია» (პოლ ვალერი), არასწორად ჩამოყალიბდა, რაც ქართულმა ენამ იცის: «ისტ-ორია», ერთი ნამდვილიო, მაგრამ მივიწყებული, მეორე – დღეს აღიარებული ვერსია. ამან მოგვიანებით შექმნა «ძველი საბერძნეთი – ახალი დროის ყველაზე მშვენიერი გამონაგონი» (პოლ ვალერი), რომელსაც ჩვენმა ენათმეცნიერებმა მსოფლიო კულტურის აღორძინებისა და ქართული აზროვნების განვითარების მიზეზები მიაწერეს. რაც შეეხება ყველასგან იგნორირებულ საწყალ საქართველოს, ცოტაც და.., დარწმუნდებით, ყველაფერი იბერიიდან დაიწყო, რასაც დმანისში მიგნებული უძველესი ადამიანის თავის ქალებიც ადასტურებენ. არადა, ახალგაზრდობაშივე ვწერდი ამას, ჩვენი მიწა-წყალი ყოფილა კაცის მოდგმის მიწისზედა სამშობლო!

მიუხედავად იმისა, წარღვნამდელი ადამიანი საბოლოოდ ამოსახლდა ედემიდან, ახალმა თაობამ წარღვნის შემდეგაც იცოდა დედამიწის შიდა სივრცეში დავანებული სიწმიდე და ისევ ქვეშეთის წიაღში ჩამარხულ ზე-დიდებას ეთაყვანებოდნენ – უფალს, რაც მისი პირველადი მნიშვნელობით სინათლის უზენაეს ხარისხს წარმოადგენს. იქიდან მოგვდევს დღემდე ჩვენ და ისლამის მოდგმას ლოცვის დროს შუბლით მიწისპირზე დამხობა, თითქოს ქვეცნობიერად პლანეტის წიაღში ჩარჩენილ ზე-რაღაცას ვცემთ პატივს. სხვათაშორის, «ქართლის ცხოვრებაში» ამის შესახებ ნათქვამია: «დამარხულ არს ქუეყანაჲ ესე მსახურად ღმრთისად» (ტომი I. თბილისი. 1955 წ. გვ. 119). თუ აქ ნაგულისხმევია ერთი ჩვეულებრივი სახელმწიფო, ამიხსენით, დედამიწის სად-რომელი ქვეყანაა დღეს დამარხული, თანაც – «ესე მსახურად ღმრთისად»!

მე-5 ილუსტრაცია აგერაა, ხელმეორედ ჩავსვი. ეს გვიამბობს ქვეშეთის ყოფიერების გვიანდელ ეტაპზე. კიდევ მეტად იმატა დაბლითა სივრცეში «კალი-ჲუგას» შავმა ფაზამ და... ახედეთ, როგორ უახლოვდება უარყოფითი ფლუიდი ქვენა სივრცის ზენა ცენტრს. დააკვირდით, რაოდენ ვიწროვდება სამყაროს აქეთა პოლუსის ზე-ხვრელი, და გოგირდწყალბადოვანი შავი მასა ბაბილონის «მოსახრჩობად» მიიწევს, რომელიც უკვე დაიტბორა. აკი გითხარით, ოდესღაც მოკაშკაშე ედემი თანდათან ჯოჯოხეთის წყვდიადმა შეცვალა, მათი არეალი კი ერთი და იგივეა. ჰოდა, ამაზე გვანიშნა მოციქულმა იოანემ: «დაეცა, დაეცა ბაბილონი დიდი და იქმნა სამკვიდრებელ ეშმაკთა და საყოფელ ყოვლისავე სულისა არაწმიდისა და საყოფელ ყოვლისავე მფრინველისა არაწმიდისა და თავშესაფარ ყოველსა მოძულებულისა» («გამოცხადება», 18-2). აი, მშვენიერი ფაქტი ქართული ეზოთერული აზროვნების სასარგებლოდ. თუ ვცდები, ნუთუ ის გრანდიოზული გოდოლი და დიადი ბაბილონი ავი სულებისთვის ააგეს?! ე.ი. ჯერ ვარგოდა...

დღეს «ქუეყანის» სივრცე გაბინძურებულია გოგირდწყალბადით. მუქი ველით მთლიანად ჩაშავებულია არა მხოლოდ ქვედა არეალი, არამედ სულიერად გაშავებულა დედამიწის ირგვლივეთი. განსაკუთრებით გაუბედურებულია ჩვენი პლანეტის აღმოსავლეთ ნახევარი ქვეშეთის ჩვენკენ არსებობის გამო. ამან გაამსუნაგა ხალხი; ამიტომ დაეცა საზოგადოების ზნეობა და, თუ ატყობთ, რაოდენ დაითრგუნა ცნობილ მეცნიერთა გონებაც, ეხვეწები მოგისმინონ, ეუბნები, აუხსნი... ვერ იგებენ! სხვადასხვა სახელმწიფოში რომ სამოქალაქო ამბოხება იწყება, ქუჩაში გამოსულ აგრესიულ სახეებს დააკვირდით ტელეეკრანზე, ჯერ ხომ რა დამართნია ადამიანს, ან ვინ აპირებს იმათ ხელისუფლებაში მოსვლას, და შეგზარავთ!

ბატონო გივი. სად მივალთ თქვენი ასეთი ფანტაზიით?

– ნიბირუს ფენომენთან: მალე მეორე მზეს დაინახავთ ცაში! მხოლოდ ასე უნდა ავუხსნა ცის სპეციალისტებს, ზე-რა ფენომენია იგი, რამ წარმოშვა სივრცეში, რატომ მოიწევს აქეთ ან რას გამოიწვევს მისი განმუხტვის პროცესი ქართული მთების ერთ, ძალზედ გასაიდუმლოებულ ადგილზე.

==========================

ეს კონცეფცია სივრცის თანდათან ჩაბნელების

თაობაზე გამოვაქვეყნე გაზეთებში: საქართველოში

«გაუხმაურებელი ფაქტები» (1998 წ. ## 42,43,44. გვ. 11);

«აია-ს ტაძარი» (1999. # 2. გვ. 2); «ასავალ-დასავალი» (1999.

# 31. გვ. 8); «ნეზრიმაია სილა”. მოსკოვი. 2001 წ. # 2. გვ. 3;

«მოსკოვსკი კომსომოლეც”. 2002 წ. # 285. გვ. 5; «ანომალია”.

პეტერბურგი. 2002 წ. ## 19-270, 20-271. გვ. 6; ამერიკის შეერთე-

ბულ შტატებში «ვ ნოვომ სვეტე”. 2002 წ. # 7-363. გვ. 24... და სხვა.

 

ამ ვრცელი სტატიისა და ილუსტრაციების

გადაბეჭდვა ჟურნალ-გაზეთებში შეიძლება

ნებისმიერ სახელმწიფოში, ოღონდ – შემოკ-

ლების გარეშე! ჩემი ჰონორარი აუცილებელი

არ არის.

პატივისცემით, ავტორი.

ტელ.: +995 5-77 458-144

E-mails: alaznispireli@hotmail.com

givi144144@gmail.com

English versions:

https://esoteric-writer-com.webnode.ru

or go:
 

Русская версия (Russian version):

https://www.facebook.com/groups/493542784029566

или

https://vk.com/Alaznispireli

 

Contact

Esoteric writer 4, Energeticians Str. Zahesi
Tbilisi. Georgia. 0117
+995577458144 Alaznispireli@hotmail.com