მთავრდება ყოფიერება თუ იწყება

სასურველია თავდაპირველად გაეცნოთ ამავე საიტზე განთავსებულ სტატიას სახელწოდებით “რატომ დაავადდა სიცოცხლე”, რათა ამ საკითხის გათავისება გაგიადვილდეთ. იხ.: https://Esoteric-writer.webnode.com

(ფრაგმენტი გივი ალაზნისპირელის წიგნიდან “მსოფლიოს დასაბამისეული აღმოჩენა”. IV ტომი. გამოიცა თბილისში 2006 წელს).

გადავწყვიტე პასუხი გავცე საუკუნოდ მიტოვებულ უპასუხო შეკითხვას, რომელია პირველადი, ქათამი თუ კვერცხი. მოდით, ჯერ ჩემს მოსაზრებას ჩამოვაყალიბებ ამ დასაბამისეული გაუგებრობის განმარტების მიზნით, შემდეგ მზად ვარ მკითხველის კრიტიკისთვის. სერიოზულობით ვაცხადებ: ჯერ ქათამი არსებობდა ოდესღაც, მოგვიანებით რაღაც მოხდაო სამყაროში და იძულებული გამხდარა ქათამთა დედოფალი, რათა მას პირველი კვერცხი დაედო. მას მერე ეპოქებმა გადაიარეს... და ადამიანის მოდგმა დაიღალა ამის სწორი პასუხის უშედეგო ძებნით.

ესაა კაცობრიობის ერთ-ერთი დაუდგენელი საკითხი, რომელსაც ვერა და ვერ დაეძებნა ლოგიკური ახსნა. არადა, გაოცებული ვარ, რატომ ვერ განმარტეს წარსულში ასეთი უბრალო რამ, რამეთუ ელემენტარულია. უკვე წარმომიდგენია მომღიმარე მკითხველის შეკითხვა – აბა ის კვერცხი როდის შეიქმნა, საიდანაც პირველი ქათამი უნდა გაჩენილიყო?! – ვიცოდი, ამას შემეკითხებოდით. მაგრამ, დალოცვილებო, ამდენს ვეღარ გავიაზრებდი?

ერთ დღეს, როცა “ძველი აღთქმის” საწყის თავებს ვსწავლობდი ადამიანის წარმოშობისა და განვითარების ქრონოლოგიის დასადგენად, პირველივე ეტაპზე ბიბლიას შევამჩნიე რამდენიმე “უზუსტობა”, რის გამოც ჯერ გული დამწყდა. ეს ხდება 1992 წელს. კერძოდ, მოსე წინასწარმეტყველი ასე განმარტავს კაცთა მიერ ცოლების პირველად მოყვანისა და ქალთა დაორსულების ამბავს: “ხოლო ადამ იცნა ევაჲ, ცოლი თვისი, და მიდგომილმან შვა კაინ” (იხ. “შესაქმესაჲ”, 4-1). ამით კაცობრიობის ისტორიაში საფუძველი ჩაეყარა ოჯახების შექმნის ტრადიციას და შვილთა განმრავლებას სექსუალური აქტით. მაგრამ, მანამდე როგორ და რა საშუალებებით არსებობდნენ ისინი სადღაც იქ, ედემსა თუ სამოთხეში?!

ახლა მეორე ტექსტი გადაიკითხეთ, რომელიც ზედა ციტატის წინ, “ძველი აღთქმის” პირველ თავშია მოსეს მიერ ასე ჩამოყალიბებული: “და გამოიღო ქუეყანამან მწუანვილი თივისა, მთესველი თესლისა ნათესაობისამებრ” (“შესაქმესაჲ”, 1-12). აზროვნების ამ ეტაპზე, თითქოს რაღაც არ გამოდის სწორად დროსთან მიმართებაში. თუ ჯერ ჩვენს მოდგმას არ დაუწყია სექსით განაყოფიერება, ბუნების რა კანონებით დაიბადა იმის წინარე ეპოქაში “თესლის მთესველი”. ვინ არიან ისინი, როგორ, როდის და საიდან მოხვდნენ იქ...

ჯერ მეგონა, მოსეს თეთრი ლოგიკიდან ამოუვარდა ეს საკითხი და თხრობა არასწორად ჩამოაყალიბა. მაგრამ, როდესაც დრო გავიდა და საშუალება მომეცა ზუსტად გამერკვია ადამიანის წარმოშობის კოსმოგონიურ დღეთა ქრონოლოგია, ასეთ დასკვნამდე მივედი: ვიდრე პირველ-ადამი სხეულებრივ, მატერიალურად გამოვლინდებოდეს უზენაესის მიერ სამყაროს შესაქმის მე-6 დღეს, მანამდე უკვე არსებობენ “თესლის მთესველნი”. ეს ხდება სამყაროს შექმნის მე-3 დღეს, ე.ი. უფრო უწინარეს პერიოდში, ვიდრე მათ დაოჯახება და განაყოფიერება დაუწყიათ. თუმცა, ვინ იყვნენ! ალბათ სიტუაციიდან თავის დაღწევის მიზნით პასუხი აქაც ტრადიციულია: ისინი – ღმერთებია, მორჩა და გათავდა! მაგრამ ამდენი? და ღმერთები თვითონ თესენ პურის ყანას?! ნახეთ, რა არ გაითვალისწინეს გარდასული ეპოქების აზროვნების კორიფეებმა, რის გამოც ქათმისა და კვერცხის პერველადობის თემა დღემდე გაუხსნელია.

როდის ჩამოღამდა სამყაროში

გასული ათასწლეულების ლიდერი მწერლები შეფარვით მიგვანიშნებენ, რომ მზე, როგორც ასეთი, არქაულ ეპოქაში ჯერ არ არსებობდა, თუმცა სრულიად სივრცე განათებული ყოფილა კაშკაშა ზეციალით; ასე იწყება ბიბლიის “ძველი აღთქმაც”. მოსე წინასწარმეტყველის თხრობით, ხილული (გარეთა) მზე იქმნება სამყაროს შემყარების მე-4 დღეს, არადა როგორიღაცა ზესინათლე არსებობდაო მანამდეც, შესაქმის პირველივე დღეებში. ყველა გათვლით, შინაგანად ზე-განათებული უნდა ყოფილიყო ადამიანი და ნებისმიერი ბიოლოგიური ორგანიზმი, აღარაფერს ვამბობ მაშინდელი მოსახლეობის ცოდნაზე და შესაძლებლობებზე. უკვე გასაგებია ისიც, რატომ ცოცხლობდნენ იმ ეპოქებში ნამეტანი ხანგრძლივად.

ძველინდურმა სასულიერო ტექსტებმა იციან სივრცის ისტორიის სწორი თავგადასავალი, რომ სამყაროს არსებობის მანძილზე ძირითადად დაფიქსირებულია ოთხი “ჲუგა”, მდგომარეობა. კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი: 1) “სატია-ჲუგა” – პირვანდელი, ყველაზე ზე-განათებული ეპოქა; 2) “ტრეტა-ჲუგა” – შემდეგი, ოდნავ შემუქებული სამყარო; 3) “დვაპარა-ჲუგა” – უკვე საგრძნობლად ჩამუქებული კოსმოსი; და 4) “კალი-ჲუგა”, ანუ ზესინათლის გარეშე დარჩენილი ჩვენი გასაცოდავებული დრო. ეს კი ნიშნავს, მატერიამ განიცადა მატერიალიზაცია, თან ზნეობრივადაც თანდათან განადგურდა არსებობა. მას მერე სივრცეში შეუმჩნევლად ბნელდება, ბნელდება... ე.ი. დასაბამისეული სულიერი სინათლე აკლდება კოსმოსს, დედამიწას, ადამიანს.., და ბოლოს აწმყომ საერთოდ დაკარგა შორეული წარსულის ზე-შუქი. ალბათ ბუნების ეს პროცესია ნავარაუდევი რუსულენოვანი წინასწარმეტყველებით “კონეც სვეტა”, სინათლის დასასრული.

ამას გვიამბობს სამყაროს თავგადასავალზე ინდუიზმის სასულიერო ფილოსოფიაც: “ოქროს საუკუნიდან დღემდე კაცობრიობა თავისი განვითარების გზაზე გადის ოთხ ეპოქას, ოთხ ჲუგას. სულიერების ეს დაღმავალი გზა თანდათან კარგავს ჭეშმარიტებას, ზეცოდნას, სილამაზეს და ინთქმება სიცრუეში, სიზარმაცეში, ჭუჭყსა და სნეულებებში. ოთხ ჲუგათაგან უკანასკნელი – კალი-ჲუგა, დასრულდება მსოფლიო კატასტროფით... დროის გასვლის შემდეგ დედამიწაზე კვლავ გაჩნდებიან ადამიანები და იწყება ოქროს საუკუნე. ყველაფერი თავიდან განმეორდება, რაც უკვე უთვალავჯერ ყოფილა” (რ.ვ. რიბაკოვი. ვივეკანანდას სახელობის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. იხ. “რა არის ინდუიზმი”. ჟურნალიდან “აფრა”, № 4, 1998 წ. გვ. 147).

ისე წარმოუდგენია უმრავლესობას, თითქოს სულიერი სამყარო – აბსოლუტურად ჩვენგან დამოუკიდებელი სუბსტანციაა და ისაა სადღაც “იქ”... ასე არ არის. სულიერი ზესივრცე აქ იყო, ამავე სამ განზომილებაში, ოღონდ დღეს იგი წარმოადგენს სრულიად დროისა და ისტორიის იმ სანაპიროს, ჩვენი ყოფიერების საწყისს ეტაპს. ამრიგად, თავდაპირველად საქმე გვაქვს მეტა (მეტაფიზიკურ) ბუნებასთან, მეტა-მატერიასთან, მეტა-ადამიანთან, მეტა-ცასთან, მეტა-პლანეტასთან...

სინამდვილეში ეს პრობლემა არ მოიცავს საკამათო თემას მხოლოდ ქათმისა თუ კვერცხის პირველადობის დასადგენად. ამავე შინაარსის მქონე გაურკვევლობას ბადებს პირველი ხორბლის მიწიდან აღმოცენების ფაქტი, ხილის პირველი კურკის მიწიდან აღმოცენების ფაქტები, ბოსტნეულის პირველი თესლის ამოზრდის რეალობა, პირველი ხბოს, პირველი კამეჩის, პირველი მტრედის, პირველი ყვავის, პირველი ქვეწარმავლისა და, რაღა თქმა უნდა, უპირველესი ადამიანის საიდანღაც გამოვლინების საიდუმლო. ეს რა სადავოა, თუ არ იყო პირველი ხორბალი, არ იქნებოდა პურის მეორე ყანა, არადა ვიცით, პირველმა ყანამ უნდა მოგვცეს მეორის სათესი ხორბალი; რაკი არ იარსებებდა პირველი თესლი, ვერც ბოსტნეულის მეორე კვალი აღმოცენდებოდა. ესეც ხომ სიმართლეა, გასული წლების ბაღჩამ უნდა მოგვცეს ამის თესლი; თუ სადღაც არ გამოვლინდებოდა პირველი გველი, საიდან გაჩნდნენ დანარჩენი გველები?! და თუ არ იყო პირველადი, დასაბამისეული ადამიანი, ე.ი... მოკლედ, ალბათ გასაგებია. მაშასადამე, მოსაძებნია არა მხოლოდ ქათმისა და კვერცხის, არამედ – ყველაფრის პირველმიზეზი, საიდანაც მოგვიანებით ეს ყველაფერი მრავლდება. მხედველობიდან არ გამოგრჩეთ, რომ ბიოლოგიურ ორგანიზმთა განმრავლების უპირველეს ბიძგს აუცილებლად ესაჭიროება დედალ-მამალი ჯიში, ორივე საწყისი სხეული. წავედით შემდეგ...

დასაბამისეულ ღვთიურ ციალს... – ის არის პარალელური სამყაროების უზენაესი მეტაშრე, – ყველა უძველესი განვითარებული ტომი წარმოგვიდგენს სხვადასხვა სინონიმით. სასულიერო და მითოლოგიური ლიტერატურით დავადგინე, რომ მეტა-სივრცეს, როცა იგი ზე-დადებით ფაზაშია და მასში გააქტიურებულია უზენაესი გამოსხივება, შუმერულად ერქვა “მელამი”, სანსკრიტზე – “ბრაჰმაჯიოტი”, ხოლო სივრცის ყველაზე ხარისხოვან ზე-შრეს ძველქართულენოვანი ბიბლიით ჰქვია “უფალი”. მეცნიერებს ვურჩევ, ზე-ბუნების ამ მოვლენას უწოდონ ასე: “ზეპლაზმა”. უწინ მიაჩნდათ, რომ ის უცნაური და ჩვენგან მივიწყებული უძლიერესი ზეთეთრი ენერგია პირველმიზეზია სიცოცხლისა, ღმერთებისა, ნახევარღმერთებისა და სამყაროს გამოვლინებისა. სხვათაშორის, უზენაესი ციალი აზრთა მეტაფიზიკურ ბიბლიოთეკასაც წარმოადგენს.

როდესაც კოსმიურ სივრცეში გამოაშკარავებას იწყებს მატერიალური ყოფიერება, დროებით უკანა პლანზე გადადის მისი აზრობრივი, სულიერი მდგომარეობა, თითქოსდა უკვდავი სამყარო გარკვეული დროით სცენას უთმობს რეგვენ მატერიას, ოღონდ მაინც იგი ჩუმად აკონტროლებს მოკვდავი სამყაროს ამ უნიჭო ყოფიერებას. ხოლო როცა მატერია ამთავრებს თავის ამბიციურ არსებობას, ისე როგორც ანიჰილირებული ნაწილაკი, ისიც სულიერ მდგომარეობაში გადადის, იქაა სასუფეველი.., უფრო სწორედ, იძულებულია ტალღურ ფაზაში გადავიდეს იმიტომ, სხვა მეტი გზა აღარ დარჩენია, კვდება!

დედამიწის ანიჰილაციის რაობა

ფიზიკოსებისთვის ცნობილია “ანიჰილაციის” პროცესი, როცა ნაწილაკი ანტინაწილაკთან შეხებისას იძენს დემატერიალიზაციის უნარს და მომენტალურად ქრება აწმყოს სამგანზომილებიანი არედან... (“ანიჰილაცია” ნიშნავს რაღაცის გაუჩინარებას. ამ დროს მატერია აღარ არსებობს, რადგან მხოლოდ გამოსხივებით ენერგიაში გადადის). ნაწილაკი ანიჰილაციის მომენტშიც არსებობს, მაგრამ იგი აღარ მოჩანს იმიტომ, რომ სინათლის ხარისხში, სულიერ მდგომარეობაში გადავიდა. ამ დროს ნაწილაკის საზღვრების დადგენა რთულია, იმიტომ რომ, თვით ზესინათლის საზღვრების დადგენაა წარმოუდგენელი.

ვინაიდან მაკრო- მიკროსამყაროები ერთ დიდ კანონზომიერებას ექვემდებარებიან, ოღონდ დროის სხვადასხვა მასშტაბებში, ნაწილაკთა და ანტინაწილაკთა ანიჰილაციიდან გამომდინარე, სავარაუდოა არსებობდეს სამყაროსა და ანტისამყაროს ანიჰილაციაც, რომელსაც გიგანტი მასშტაბებით ვუწოდე უფლის “მეორედ მოსვლა”. ამ დროს, ნაწილაკივით, ზესინათლეში გადადის დედამიწა და ხდება მისი სრული დემატერიალიზაცია. მიმაჩნია, აქ საკამათო არაფერია, აქაური და იქაური ყოფიერება ერთიანი დროის სხვადასხვა პერიოდებში ადგილს უთმობენ ერთმანეთს და ხან ერთი ფაზაა საწყისი ეპოქა, ხან – მეორე. ასე რომ, ბიბლიური ციტატა (“ეკლესიასტე”, 3-15): “რაჲც ყოფილა, უკვე არის; და რაც აწი იქნება, ის უკვე იყო”, აშკარად მიგვითითებს, რომ დრო და ისტორია – მრგვალია! წავედით შემდეგ...

დედამიწის ანიჰილაციის შემდეგ, როცა ჩვენი პლანეტა ზესინათლეში გადავა... – ამ ეტაპზე რა მნიშვნელობა აქვს, როდის მოხდება ეს, – წმიდა წერილების სწავლებით, კეთილი ხალხის სულებიც თავისუფლად გადადიან ზე-ნათელში და, როგორც მოციქული იოანე ამბობს თავისი “გამოცხადების” ტექსტით, მათი იქ ყოფნა გრძელდება ჩვენი დროით დაახლოებით 1000 წელი. ხოლო როდესაც ეს დრო, ე.წ. “ოქროს ათასწლეული” ჩამთავრდება... (სწორი გამოთქმაა “ოქროს ათასწლეული”, და არა დღეს გავრცელებული “ოქროს საუკუნე”), “ძველი აღთქმის” თხრობით, დედამიწა თანდათან იწყებს გამყარებას და ისტორია კვლავ ჩვენი მომართულებით დაიძვრება, ახლიდან. ბიბლიაში მითითებულია, სრულიად ყოფიერების სწორედ იმ პერიოდში იწყება ბიოლოგიური დედალ-მამალი ორგანიზმების დაწყვილება, ახალი ოჯახების შექმნა, შენება და ხალხთა განმრავლება, რაც მანამდე კეთილ სულთა “ოქროს” ათასწლოვან სავანეში, ე.ი. სასუფეველში, არ არსებობს. თუმცა, გავიხსენოთ, წმიდა არსებანი განმრავლების დაწყებამდეც ყველა შემთხვევაში სულიერად არსებობენ იქ, ზე-შორეულ წარსულში. და რადგან იმხანად ზე-ამაღლებული სულები ცოდნის არეალში იმყოფებიან და იციან, რომ “სატია-ჲუგას” გაბზინებულმა ციალმა აუცილებლად უნდა დაკარგოს საუკუნეების მანძილზე ზე-გამოსხივების უნარი, თანდათან ხვნა-თესვაზე გადადიან...

და აჰა, სწორედ ისინი არიან პირველი “თესლის მთესველნი”, რომლებიც უფრო უწინარეს დროში არსებობენ ზე-იქ, უკვდავთა სასუფეველში, ვიდრე მოგვიანებით პირველ-ადამი და ევა განმრავლდებოდნენ სექსით. მანამდე კი, მაცხოვარმა გვასწავლა: “აღდგომასა მას არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდნენ, არამედ ვითარცა ანგელოზნი ღმრთისანი იყუნენ ცათა შინა” (“მათე”, 22-30). ე.ი. მამრობითი და დედრობითი სქესი მეტაისტორიის პირველ მონაკვეთში არ იყო. ხოლო შემდეგ, კიდევ რამდენიმე საუკუნე რომ გავიდაო ჩვენი დროით... – შეგვახსენებს მოსე წინასწარმეტყველი, – “რაჟამს იწყეს განმრავლებად კაცთა ქუეყანასა ზედა და ასულნი იყვნეს მათდა; (2) ხოლო იხილნეს რაჲ ძეთა ღმრთისათა ასულნი კაცთანი, რამეთუ შუენიერ არიან, მიიყვანნეს თავთა თვისთა ცოლებად ყოველთაგან, რომელნი გამოირჩიეს” (“შესაქმესაჲ”, 6-1). ასე რომ, ზე-მოვლენას, როცა ღვთაებრივმა სიკაშკაშემ ჩვენი აწმყოდან გაყვანილი 144.000 წმიდა სული უნდა მიიღოს და დაავანოს თავის კაშკაშა არეალში, ბიბლიით უწოდეს სულთა “პირველი აღდგომა”. ჰოდა, თურმე იქიდან ნელ-ნელა იღებს სათავეს ჩვენი ცოდვილი და უზნეო ცხოვრება. ამრიგად, ბიბლიური აზროვნების მხრივ ჯერჯერობით ყველაფერი ლოგიკურად წესრიგშია. გადავდივარ საუბრის მთავარ საკითხზე.

როდის გაჩნდა ქათამი

დედამიწის “ანიჰილაციის” დროს იგივე ემართებათ დედლებს, მამლებს, პირუტყვს. მაშასადამე, როდესაც ჩვენი პლანეტა ზესინათლეში გადავა, ადამიანთა თეთრ სულებთან ერთად პარალელურად ზე-ნათელში აღწევენ კეთილი თვისებების მქონე ფრინველთა და ცხოვართა სულებიც. დიახ, სასუფეველი არ წარმოადგენს მხოლოდ ღმერთისა და კეთილ ანგელოზთა უზენაეს სავანეს, იქ არიან ბატკნებიც, ქათმებიც და მტრედებიც. ან რატომ არ უნდა მოხვდნენ ისინი იქ, გვატყუებენ თუ სცოდავენ? და როცა ეს დრო, ე.წ. “ოქროს ათასწლეული” ჩამთავრდება და დედამიწა თავის ყველაფერთან ერთად ისევ თანდათან გამყარებას დაიწყებს, როგორც ოდნავ შემყარებული ადამი და ევა იწყებენ პირველი ემბრიონის ჩასახვას სექსის გამოყენებით, ოდნავ შემყარებული ზე-ქათამიც იმავე ეპოქაში წარმოშობს თავის პირველ კვერცხს, რამეთუ იქვეა ცოტათი შემყარებული ზე-მამალი. ამრიგად, ჩვენი მძიმე ისტორიის პარალელურად იწყება ქათამთა მოდგმის თავგადასავალიც, თუმცა მას მერე მათ არსებობაში თითქმის არაფერი შეცვლილა, იყვნენ, არიან და არიან... ასეთია შორეული წარსულის რეალობა.

ამდაგვარი მსჯელობით აუცილებლად შეგვექმნება ილუზიური დასკვნები: ვინაიდან მატერიალური ყოფიერება იწყება იქიდან აქეთ, ე.ი. სულია მატერიის მიზეზი? არავითარი! ამ შეკითხვის სწორი პასუხი ასეთია: როდესაც ამასოფელში ვიმყოფებით, მიზეზი და მატრიცა ვართ მიღმა სოფლის გამოვლინებისა, ძველქართული ბიბლიით ამას ჰქვია “დასაბამი”; როცა იქ მივალთ, მიზეზსა და ზე-მასალას წარმოვადგენთ წუთისოფლის გამოსავლენად, ძველქართული ბიბლიით ამას ეწოდება “შესაქმესაჲ” ანუ “დაბადება”. და რომელია მათ შორის პირველადი, სად იწყება ან მთავრდება ყოფიერება... გააჩნია, საიდან დავიწყებთ ერთიანი დროის ათვლას. თუ დღეიდან უკან გავყვებით შორეულ წარსულს, დღევანდელი ბოლო კვერცხია მაშინდელი პირველი ქათმის მიზეზი; თუ ზე-იქიდან აქეთ გამოვყვებით კაცობრიობის განვითარების.., უფრო სწორედ, ზნეობრივად დაცემის ისტორიას, ამ შემთხვევაში ჯერ იყო ქათამი, მერე გაჩნდა კვერცხი. სულ ესაა.

       *       *       *

(გამოქვეყნებულია რუსეთისა და საქართველოს რამდენიმე გამოცემით).

რაოდენ სამწუხაროა, იმდენი ფული არ მაქვს, რომ ეს გენიალური მიგნება მეთარგმნა ინგლისურად.

 

 

Contact

Esoteric writer 4, Energeticians Str. Zahesi
Tbilisi. Georgia. 0117
+995577458144 Alaznispireli@hotmail.com