უდიდესი მიგნება, რომელიც კაცობრიობის აზროვნებას შეცვლის!

ეს უცნაური ჰიპოთეზა გასულ წლებშივე გავრცელდა საქართველოს პრესის სხვადასხვა გამოცემაში. ჯერ ერთ-ერთი დიდტირაჟიანი გაზეთის რედაქციის შესავალს გაეცანით:

„გივი ალაზნისპირელის ამ მოსაზრების მიხედვით, სამყაროში არსებობს ჩვენთვის უცნობი, თვალით უხილავი, ხისმაგვარი უზარმაზარი “ღერძი”, რომელიც უხსოვარი დროიდან საქართველოზე პროექცირდება. ვინაიდან ამის გადამოწმების არანაირი შანსი არ არის, მისი ეს ვარაუდი – ვარაუდად დარჩა ათეული წლების მანძილზე. ახლა ირკვევა, გარდა ძველი წერილობითი არგუმენტებისა, რომლებსაც ის ამჯერად გვთავაზობს, ბატონმა გივიმ მოიფიქრა და სურს, თავისი კონცეფცია დაასაბუთოს ექსპერიმენტულად. დავუშვათ, შემოწმდა და სიმართლეა. რასთან გვექნება საქმე, ზე-სენსაციასთან? დედამიწის ყველაზე დიდ აღმოჩენასთან? ასტრონომიული სამყაროს გადატრიალებასთან, პლანეტის მოსახლეობის მსოფლმხედველობის ევოლუციასთან თუ ეს გახლავთ, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი კაცის ილუზია?!“

რა ხანია ვცდილობ, საზოგადოება დავარწმუნო, თუ ჯერ ბებერი იბერია არ გამოვა უმძიმესი სიტუაციიდან, ვერც მსოფლიოს ეშველება და მოსალოდნელია საერთაშორისო ცხოვრების გაუარესება! ამას ვსწავლობ ბოლო 30 წლის განმავლობაში და პარალელურად სტატიებს ვაქვეყნებ სხვადასხვა სახელმწიფოს პრესაში, საიტებზე; უამრავ ინფორმაციას ვაწვდი სპეციალისტებს ინტერნეტით. თუმცა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს რატომღაც ყველა თვალს არიდებს ქართული სივრცისა და ეზოთერული მიწისქვეშეთის ფენომენს. ალბათ ჩემს სისტემატურ მკითხველს დააინტერესებს, დღეს რით გავაკვირვებ მათ. ეხლა ნახავთ, რაოდენ სერიოზულ მეორე შემთხვევასთან გვაქვს საქმე... (პირველი მეცნიერული ფაქტი სათაურით “კიდევ ერთი დიდი სენსაცია” აქვეა, ნახეთ: https://Esoteric-writer.webnode.com). თავდაპირველად მოკლე შინაარსს ვთავაზობ მათ, ვინც კრიზისს განიცდის თავისუფალი დროის თვალსაზრისით. რეზიუმე ასეთია:

ერთხელ ასტროფიზიკოსებს წავეკამათე, რაც შორს გავალთ საქართველოდან, უცხოეთის დაუსახლებელი ტერიტორიებიდან უღრუბლო, უნისლო და უმთვარეო პირობების დაცვით, ღამის ცაზე არ გამოჩნდება იმდენი მოციმციმე მნათობი, რამდენიც ქართული მიწიდან მოჩანს. სხვათაშორის, ძალიან არ გაუცინიათ, არადა სწავლულები ამის მეცნიერულ დასაბუთებას მოითხოვენ. მაინც, რასთან გვაქვს საქმე? არ დაგზარდებით, დღეს ამ თემას განვავრცობ და გასული საუკუნეების ქართულ წერილობით არგუმენტებს ამჯერად თანამედროვე ფაქტებს დავამატებ.

ვინაიდან ასტრონომებმა ქართული ცის ვარსკვლავთა სიუხვე ატმოსფეროს გაიშვიათებით ახსნეს, მაგრამ ასე არ არის, ამის გასარკვევად მათ საზოგადოებას ვთავაზობ: მოდით, დიდი ექსპერიმენტი ჩავატაროთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს ძველქართული ეზოთერული სიბრძნის ვარგისიანობა. თუკი აღმოჩნდება, რომ ვცდები, ე.ი. ჩვენი გენიოსი წინაპრები შემცდარან; თუ ამან ვერ გაამართლა, სიტყვას ვდებ ერის წინაშე, ხელს ავიღებ უწინდელების ცოდნის პროპაგანდაზე რეალურ კოსმოგონიასთან მიმართებაში და მეც უნიჭო ბიზნესზე გადავალ. რაში მდგომარეობს ამ ექსპერიმენტის მიზანი...

ჯერ არ ვიცი, ამერიკელები დაინტერესდებიან თუ – რუსები, მაგრამ მადლობა უფალს, დღეის მსოფლიოს შესწევს უნარი ეს დაკვირვება ჩაატაროს. კერძოდ, რუსეთისა და ნასა-ს ასტროფიზიკოსებს ვთავაზობ, დედამიწიდან გაუშვან კოსმოსური ხომალდი, რაზედაც წინდაწინ იქნება დამონტაჟებული მაღალხარისხოვანი ფოტოდანადგარი. შორს გასვლა არ გვაწყობს, ოღონდ საფრენი აპარატი უნდა გასცდეს ატმოსფეროს უკანასკნელ შრეს – იონოსფეროს, რათა მეცნიერებს არც ერთი შანსი არ დავუტოვო იმის სათქმელად, ქართული მიწიდან ვარსკვლავების სიმრავლე თითქოს ატმოსფეროს გაიშვიათებით აღიქმება. აი, რაში მდგომარეობს ამ ექსპერიმენტის მიზანი. ახლა დავაზუსტებ:

ჩაბნელებული ცის კადრების გადაღების დაწყებამდე, ხომალდი უნდა შეჩერდეს, ე.ი. “დაეკიდოს” სივრცის მიმართ ისე, რომ იგი დარჩეს ღამის არეალში 24 საათის განმავლობაში. ექსპერიმენტი დაიწყონ ღამის 3:00 საათზე თბილისის დროით და ცის თაღის პირველი კადრი გადაიღონ საქართველოს თავზე სივრცის რაც შეიძლება ტევადი რაკურსით, ესაა მთავარი. შემდეგი კადრი უნდა დაფიქსირდეს ანალოგიური მასშტაბით ერთი საათის შემდეგ, ღამის 3:00-ზე, როცა თბილისში უკვე გამთენიის 4:00 საათია. მიუხედავად იმისა, ამ დროს საფრენი აპარატი “დაკიდულია” და სივრცის მიმართ არ მოძრაობს, დედამიწის ბრუნვის გამო მისსავე წარმოსახვითი სადღეღამისო ღერძის გარშემო, ხომალდი უნებლიეთ აღმოჩნდება ერთ-ერთი შემდეგი მერიდიანის გასწვრივ, დაახლოებით.

კიდევ ერთი საათის შემდეგ, ე.ი. ღამის 3:00 საათზე თბილისის დროით, კამერამ დააფიქსიროს სხვა კადრი... და ასე. როცა იმ ხომალდიდან ფოტომასალას მივიღებთ დედამიწაზე და წინ გვედება სრული დღე-ღამის ყოველ ერთ საათში გადაღებული 24 ვარსკვლავიერი სურათი, კაცობრიობა აღმოჩნდება გრანდიოზული სიახლის წინაშე: ცაზე განფენილი ვარსკვლავების ოდენობა გამოსხივების უნარის მხრივ 24 საათში იცვლება! პირველი 12 საათის განმავლობაში ჯერ იკლებს, შემდეგ ემატება, ან ჯერ ემატება, მერე იკლებს. მნათობთა ციალის ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, საქართველოდან დაიწყება ღამის ცის გადამოწმება თუ – წყნარი ოკეანედან.

ერთი რამ უნდა დავაზუსტო: კი არ ქრებიან და იბადებიან ვარსკვლავები, არამედ ნებისმიერი 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს მათი გააქტიურება-გაპასიურება და ეს იწვევს სფერული სამყაროს იქითა მხრიდან ზე-ხვრელებში (ვარსკვლავებში) გამონათებული პლაზმის მომატებას ან დაკლებას. და რა არის ამის მიზეზი? ჯერ არ ვიტყვი, მთლად მიისაკუთრებენ ჩემს თეორიებს, ამ თვალსაზრისით “გამძარცვეს”! ანდა, როცა სპეციალისტები ძველთა გეოცენტრიზმს სრულად აღადგენენ, ამას თავად მიხვდებიან. მაგალითების სახით გთავაზობთ ორ კადრს (ილუსტრაციები 1, 2): ასე შეიძლებოდა ღამის ფონზე რამდენიმე ვარსკვლავის გააქტიურებისა და გაპასიურების ვიზუალური აღქმა. ეს არის მიზეზი იმისა, რომ, მნათობთა გამონათების სიმძლავრის მხრივ, საქართველოდან უფრო ბევრი და, მათ შორის, ძლიერი ვარსკვლავი მოჩანდეს. მე ვთქვი. აწი მათ ვუთმობ სიტყვას, შეამოწმონ. ახლა შედარებით ვრცლად ვიტყვი, თუმცა ეს ამბავი დაბეჯითებით აღწერილია ჩემი ხუთწიგნეულით.

დიახ, 30 წელი გავიდა, რაც ჩემი პირველი ინფორმაცია ეუწყა პრესით საზოგადოებას იმის თაობაზე, რომ ვგონებ სამყაროს არასწორად შევიმეცნებთ. მას მერე ვწერ, ვწერ, ვაქვეყნებ... მკითხველს გაუკვირდება, ნუთუ კიდევ დამრჩა სათქმელი?! ჯერ სადა ხართ! მე თუ მკითხავდით, არ დამიწყია. მოკლედ, ახალგაზრდობაში ვეცნობოდი შუმერულ ტექსტებს, სადაც ამოვიკითხე ასეთი რამ: “კოსმიური ხის ამოძირკვა – სამყაროს კატასტროფად, ცად და მიწად დამყარებული წესრიგის მოშლად და ქაოსის შემოტრიალებად არის დასახული” (ციტატა პროფესორ ზურაბ კიკნაძის წიგნიდან “შუამდინარული მითოლოგია”. გვ. 128). იცის კი ვინმემ, რა თქვა ამით შუმერმა? გავიდა წლები... და ერთ დღეს სივრცის ამ უცნაური ფენომენის დედამიწაზე პროექციის ეპიცენტრში მოვხვდი. ეს მართლა საოცრებაა! მსურს, გიამბოთ ამბავი, რაზედაც წინა წლებში თავი შევიკავე. ამას ვინ დამიჯერებს, ისეთი რამ დაფიქსირდა ერთ ღამეს საქართველოში, ხარაგოულის მთებში:

ის-ის არის, ლაზარეს აღდგინების ჩვენეულმა ვერსიამ პირველად გაჟონა გაზეთში, ერთ-ერთ ასვლაზე სოფელ ნუნისში ძმაკაცის ავტომობილი დაზიანდა, მისი შერემონტება კი გვიან ღამით დავასრულეთ. როგორც იქნა, ღვთისმშობლის ეკლესიამდე ავაღწიეთ და იქ დავდგით კარვები. იქვე მიყრილ-მოყრილი მორებით “სკამები” მოვამზადეთ, ცეცხლი ავანთეთ, მის ირგვლივ შემოვსხედით და ვივახშმეთ. ერთად ვიყავით გიორგი მაზიაშვილი, მისი აწგარდაცვლილი ცოლი – ლეილა, არქიტექტორი გია პარკაია, მე და ჩემი მეუღლე, რომელმაც გადაღლილობის გამო მალევე ჩაიძინა კარავში. კოცონთან დავრჩით ოთხნი. ღამის ორი ან სამი საათი იქნებოდა. ჩვენს შორის დუმილმა დაისადგურა.

უეცრად... თითქოს მომეჩვენა, დასავლეთის მთების მხრიდან უჩვეულო მკრთალმა სინათლემ უხმოდ ჩამიქროლა და გაქრა. ჯერ არავის ვუთხარი. არ გასულა სამიოდე წუთი და ეს განმეორდა. კვლავ სიჩუმე ვამჯობინე, რამეთუ ნამეტანი ჩამოშავებულიყო ირგვლივეთი. როცა იგივე განმეორდა მესამედ, უნებურად დამცდა – ვაა, ეს რა ხდება! – და ლეილამ გაიცინა – შენც შეამჩნიე?! რა არის ეს! – ერთმანეთს გაკვირვებულები ვუცქერდით. – არ მინდოდა ამის დიდი ხმით თქმა, ჩემი სტუმრები არ შევაშინო-მეთქი... – დაბალი ხმით ჩაილაპარაკა გიორგიმ, – თქვენც დაინახეთ? საიდან რა სინათლე გვირტყამს შუაღამით?! – გაოცებულმა ვიკითხე, არადა ამის დაფარვას აზრი არ ჰქონდა. იმავე დროს გია პარკაიამ ჩაიცინა – არც მე მინდოდა რაიმეს თქმა, მაგრამ ნახეთ, რა ხდება?!

ოთხივე წამოვდექით და ვიცქირებოდით დასავლეთის მიმართულებით, სადაც ძალზედ შორს, უნაგირის მსგავსი ორი დიდი მთის გასწვრივ ერთ-ერთი გააქტიურებული ვარსკვლავი ციალებდა. – ნუთუ რომელიმე მნათობმა იფეთქა? – აშკარად შევნიშნეთ, მკრთალი და არაამქვეყნიური სინათლე რომელიღაც თანავარსკვლავედის არედან “გვირტყამდა”. სინამდვილეში, მისი კონცენტრაცია საქართველოს ქვეშ არსებულ, იმ დიდრონი სიცარიელისკენ მიილტვოდა, რაზედაც სხვა სტატიებით გესაუბრეთ, ჩვენ ზე-ალი მხოლოდ მიწის პირზე პორციებად ქროლის მომენტში შევამჩნიეთ. დღესაც ვერ გეტყვით, რა მოხდა იმ ღამეს კოსმოსში, მაგრამ ოთხი ადამიანი რომ დამოუკიდებლად დააფიქსირებს ამას, ჯგუფური ილუზიის ალბათობა გამორიცხულია.

თუ ახლა ამას რომელიმე ასტრონომი კითხულობს, შევებრალები. მათი სწავლებით, ნებისმიერი ახალი ვარსკვლავის “აფეთქების” (?) მომენტიდან, მისი სინათლის დედამიწამდე მოღწევას ესაჭიროება უამრავი სინათლის წელიწადი! აბა რა გითხრათ... ისე როგორც საქართველო არ არის ვიეტნამი, ასევე არასწორია ცის შემსწავლელ მეცნიერთა ეს დასკვნა. ისინი პირად თეორიებს აწარმოებენ თანამედროვე სინათლის აინშტაინისეული გათვლებით და მხოლოდ ახლა მოვიდნენ აზრზე, უნდა არსებობდესო სინათლის ისეთი ხარისხიც, რომლის სიჩქარე მყისიერია. დაიბადება შეკითხვა, სოფელ ნუნისთან რა დავინახეთ ოთხივემ. აქ იწყება კიდევ ერთი დიდი ამბავი, რამაც ამ სტატიის ესოდენ ამბიციური სათაური განაპირობა. კერძოდ...

გადაკარგული ცივილიზაციების დღემდე შემორჩენილი ცოდნის მიხედვით, სამყაროს ჰქონია გამხმარი ხისმაგვარი დიადი “ღერძი”, რომლის ზე-ენერგია ნებისმიერი 24 საათის განმავლობაში გააქტიურება-გაპასიურებას განიცდის. როცა კოსმიური “ხე” შედარებით აღგზნებულ ფაზაშია... (ამ პერიოდში საქართველოში შუაღამეა), შორეული სივრცეების იმ უხილავი მოვლენის სხივები რატომღაც ქართული სივრციდან უფრო აღიქმება, ისინი – ვარსკვლავებია. უწინდელი ხალხის მიერ ეს პროცესი აღწერილია როგორც გრანდიოზული ხე, რაც ბიბლიაში შემორჩენილია “სიცოცხლის ხის” სახელით. წინაპრების განმარტებით კი ჩვენი პლანეტის წმიდათაწმიდა საიდუმლო, ანუ კაცობრიობის ევოლუციის მთავარი მიზეზი დედამიწაზე მიმალულია იქ, საიდანაც ყველაზე ბევრი ვარსკვლავის დანახვა შეიძლებაო (!).

ჯერ ის ვნახოთ, სხვა-როგორი სინონიმებით იყო ძველად ცნობილი სამყაროს ეს უხილავი მოვლენა, მერე თავად მიხვდებით, ამ საკითხს პირველ რიგში ფიზიკოსები უნდა სწავლობდნენ. მაშ, ასე: “ხე შემეცნებისა”, “სვეტი ცხოვრისა” და “ნათლისვეტი” (ადრეულ ქართლში); “ცის ჭადრის ხე”, “ალვის ხე” და “ციური კედარი” (უწინდელ სვანეთში); “ჯა-რი” (მეგრულად “ჯა” – ხე), და “დიდა ხე” (დედა ხე); “რა-ჯა” (“სინათლის ხე” ძველ ინდოეთში); “ხე ფრენისა” (ამავე დროს ეგვიპტის ერთ-ერთი ცნობილი პირამიდის სახელია); “დიმ-გალ” (“სამყაროს დიდი ღერძი” ადრეულ შუმერებში); “ლის ხე” (ძველ ჩინეთში); “ტამარინდის ხე” (ქრშნას დროინდელ ინდოეთში, ამ “ხის” ძირში იშვაო ქრიშნა); “ბოთჰის ხე” (ბუდას პერიოდი, რომლის ქვეშ დაბადებულა თავად ბუდაც); “იგდრასილის ხე” (“კოსმიური ხე” მასონთა ენციკლოპედიით); “სიბრძნის ხე” და “სამოთხის ხე” (“ძველი აღთქმით”); “ჰამადრის ხე” (ბერძნული მითოსის მიხედვით); “სრულყოფის ხე” (ძველი ქართული სიბრძნიდან); “გიშ-ქურინ-ენქი-ქე” – “ენქის არწივის ხე” და “აბზუს წმიდა ხე” (უძველესი შუმერიდან. არადა როგორ ჰგავს ერთმანეთს შუმერთა “ქე” და ქართული “ხე”); “საკრალური ხე აშვატთჰა” (იხ. ძველინდუსთა “რიგ ვედა”); “ციური სიმაღლის ხე” (პოლინეზიერთა მითოსია). რომელი ერთი გავიხსენო, კითხვით დაიღლებით (მონახეთ ა. გელოვანის “მითოლოგიური ლექსიკონი”, ცნებები “სიცოცხლის ხე” და “ხე”). ნუთუ უწინ ასე ერთბაშად იცრუა ყველამ?! თანაც...

თუ ადამიანმა დიადი “ხის” არსი იცისო და ხშირად ფიქრობს ამაზე, თურმე მისი ველით გონებრივ ზე-განვითარებას განიცდის. ალბათ ამიტომ, უწინდელების ცნობიერებით ამ “ხე”-სთან იდეურ კონტაქტზე დამოკიდებულია კაცობრიობის სიცოცხლის, სიბრძნის, სულის სრულყოფის, სწორი აზროვნებისა და მაღალხარისხოვანი ზნეობის უნარი. თუ ასე არ არის, რატომ უწოდეს მას “სიცოცხლის ხე”, ან “ხე შემეცნებისა”, ანდა “სრულყოფის ხე”... და ა.შ. რადგან სივრცის ასეთი ფენომენის პროექციის ადგილი მიგნებულია ქართულ მიწაზე, არ გამოვრიცხავ, ეს იყო მედიცინის აქ დაარსების, რკინის პირველად დამუშავებისა და ჩვენებური სამივე ანბანის შექმნის მთავარი წყარო. გარდა ამისა, ცის დაფარული “ხის” გამოსხივება ადამიანის გენეტიკასაც ამდიდრებს და მუტაციის მიზეზია, რის გამოც საქართველო ნოვაციების მხრივ წარმოადგენდა ნებისმიერი ეპოქის გენერატორ სახელმწიფოსა და სულიერ იმპერიას; ეს შეინიშნება ახლაც.

1989 წელს დავიწყე ამ საკითხის საფუძვლიანი შესწავლა. რომელ უძველეს რელიგიურ ლიტერატურასაც გადავხედე, ყველგან როგორიღაცა ხეზე, კოსმიურ საყრდენზეა მინიშნება. უწინდელები მის ამბავს გვიამბობენ აღტაცებით, ადიდებენ, აქებენ ამ დიად “სუეტს” (სვეტს) და მოკრძალებით აღწერენ როგორც სივრცის უზენაეს გამოვლინებას. ე.ი. ადრეულ ეპოქებში იცოდნენ, რომ შავი და ცივი კოსმოსი – ორპოლუსიანი გიგანტი სფეროა და აქვს თავისი ცენტრალური “სიმი” (სვეტი). ახლა გაირკვა, ვინ იყვნენ და რას ეწირებოდნენ წარსულის ცნობილი “მესვეტეები”. ოღონდ, იმდენად საკრალური მოვლენა ყოფილა, ნებისმიერ ტექსტში იმ უხილავი “ღერძის” დედამიწასთან შეხების ადგილსამყოფელი ტაბუდადებულია.

ბიბლიური “სიცოცხლის ხის” ზემოთ ჩამოთვლილ სინონიმთა შინაარსით, კოსმიური ხე – ერთიანი სივრცის გრანდიოზული, გონებით დაუჯერებელი ზომებისა და ღვთაებრივი შესაძლებლობების მქონე უხილავი სვეტია, რომლის “ფესვები” დედამიწის სიღრმეში ქვესკნელამდე ეშვებაო, “ტოტები” კი სამყაროს შემოწერს, მის საზღვრებს სცილდება და აღწევს ხილული კოსმოსის მიღმა, პარალელური ზესივრცეების ფენებში. რასთან გვაქვს საქმე?! არც მეტი, არც ნაკლები: ამით ძველებმა აღწერეს სფერული სამყაროს ძალწირები, რასაც “ტოტები” უწოდეს, ერთიანი სივრცის ელექტრომაგნიტური სარტყელის ორი პოლუსის შემაერთებელ მთავარ შიდა “სიმს” კი – სვეტი – “დელმუნდო”, რის თაობაზე მეფე ვახტანგ VI-ც გვიამბობს. კერძოდ, რასაც ახლა წაიკითხავთ, ნამდვილად მოგხიბლავთ:

ერთ დღეს ვეცნობოდი ვახტანგ VI-ის სფერულ ასტრონომიას. აი, როგორ აღწერს ჩვენი ერთ-ერთი მეფე სამყაროს “ორ პოლს”, ანუ ორ პოლუსს (რ. ჩაგუნავას წიგნიდან “ვახტანგ ბაგრატიონის საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო მოღვაწეობა”. გამომც. “მეცნიერება”. 1990 წ. გვ. 18). ავტორი გვიამბობს... (მუქი შრიფტით აქცენტს ვაკეთებ მხოლოდ ვახტანგ VI-ის ფრაზებზე): “განხილულია ცის სფეროს სხვადასხვა საყრდენი წერტილები... ‘ამა ორსა პოლსა შინა არს ერთი ღერძი’, რომელიც სამყაროს ცენტრში, ‘შუაგულში გადის. ლატინნი უწოდებენ ასე: დელმუნდო’, ე.ი. სამყაროს ღერძს. ...პირველი წარმოდგენილია როგორც ‘წინწკალი ცისა, რომელ არს ჩვენს თავსა ზედან’ (ნავარაუდევია ძალწირების შეკოწიწების იქითა არეალი, ანუ ხილული მზე. – გ.ა.), ხოლო მეორე როგორც ‘ცის წინწკალი, რომელ არს სწორე ჩვენს ფეხს ქვეშე’”, – და მეფე მიუთითებს დაბლითა, დაფარულ მზეზე. საოცარია! არადა რამდენჯერ მითქვამს, აქაურები ზედ დავდივართ იმ ღვთაებრივ სავანეზე. და თუ ასეთი რამ ხდება დიდი სამყაროს მასშტაბით და იგი სფეროა, ვინაიდან მიკროსხეულები კოსმოსის ფორმასა და აღნაგობას იმეორებენ, მსგავსი რაღაც უნდა ხდებოდეს პაწაწინა ელემენტებშიც და გამოდის: ორი პოლუსი უნდა არსებობდეს უმარტივესი აღნაგობის სფეროშიც – წყალბადის ატომში, რომლებსაც მისი ელექტრონი და პროტონი წარმოადგენენ.

რადგან გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩვენი ასტრონომები ვერ ავიყოლიე, ვიდრე თანხა მეყო, წინაპართა სწავლების გადასამოწმებლად აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოში თავად მოვახერხე ხანმოკლე მოგზაურობა. მერე არაქართველი სპონსორები გამოჩნდნენ... სად არ ვიყავი, ვინ არ ვნახე, რა არ გადამხდა თავს! მას შემდეგ კი, როცა ამ საკითხით რუსეთის ერთ-ერთი ინსტიტუტი დაინტერესდა, გადაწყვიტეს, ქართველი არაპროფესიონალი მკვლევარის ეს ვარაუდი გადაემოწმებინათ. ჯერ მოსკოვში ჩამიყვანეს და ჩემი ეზოთერული ნაშრომის I, II, III ტომები გამოსცეს ერთ წიგნად, იქ ორ ტომად გამოდის. მერე რიგრიგობით შემოვიარეთ რამდენიმე იქაური ოლქი. სხვათაშორის, ვერც რუსეთის ცაა განებივრებული ღამის მნათობთა სიმრავლით. გავიდა ათეული წლები...

თუ არ მეშლება, 23 სახელმწიფოში ვარ ნამყოფი, საიდანაც სივრცის ასეთ უცნაურობას ვაკვირდები. ვარსკვლავების კრიზისი შევნიშნეთ აფრიკაშიც, საჰარას “ლიბიის უდაბნოდან”, მეუღლითურთ გახლდით იქ ამ საკითხით დაინტერესებულ ქართველ-ამერიკელ ქალბატონთან ერთად, მან დაგვაფინანსა. ფაქტია, არც ერთი ლამპიონი უდაბნოში არ არის; არც ნისლსა და ღრუბელს შეუშლია ხელი, წელიწადში ერთხელ წვიმს, იანვარში, ჩვენ კი მოსკოვიდან აგვისტოში ჩავედით. ანალოგიური სურათი დაფიქსირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქაური ჩაბნელებული არეებიდან ღამის ცაზე დავთვალეთ სულ რაღაც 70 ან 80 მნათობი. იმავე წლებში ამერიკიდან ტელეფონით შევეხმიანე ლონდონში ჩემს უფროს ვაჟიშვილს და ვთხოვე, ეს გადაემოწმებინა დაუსახლებელი ადგილიდან აუცილებლად ღამის უღრუბლო ამინდში, სადაც არანაირი განათება ლამპიონების სახით არ არის; გავაფრთხილე, არ უნდა მოჩანდეს მთვარეც. რამდენიმე დღეში მირეკავს: – მამა, ინგლისის თავზე ოდნავ ციმციმებს მხოლოდ რამდენიმე ათეული ვარსკვლავი!

არც ობსერვატორია ესაჭიროება ამის გადამოწმებას, არც – გაუგონარი ფული. ვინც ამ დღეებში საზღვარგარეთ მიდის, ტაქსით გავიდეს სიბნელეში და იქიდან ახედოს შუაღამის ცას. ან იქნებ სანაცნობო გყავთ სხვადასხვა სახელმწიფოებში, გადაურეკეთ და სთხოვეთ, დღესვე გახედონ ქალაქების გარეუბნიდან უმთვარეო და უღრუბლო ღამის ცას. არა უმეტეს, ასამდე სუსტად მოციმციმე ობიექტს დააფიქსირებენ შორეული უცხოეთის მიწიდან. აქეთ და აქეთ, აღმოსავლეთ ევროპაში ვარსკვლავთა ოდენობა ოდნავ მატულობს და ტელესკოპის გარეშე მოჩანს დაახლოებით 170-დან 200-მდე მნათობი. სულ ესაა! რაც შეეხება ქართული ცის შუაღამის თაღს, იოანე ბატონიშვილი გვამცნობს: აქედან შეუიარაღებელი თვალით მოჩანს 2600-მდე ვარსკვლავი! (იხ. “ხუმარსწავლა”. II ტ. გვ. 264).

თუ სივრცის დიადი “ხე” ქართულ ტერიტორიაზე პროექცირდება, რატომ თბილისიდან ვერ ვხედავთ ამდენივე ვარსკვლავს? ჯერ ერთი, ეს განპირობებულია ჩვენი დედაქალაქის განათებით და ცის ძლიერი დაბინძურებით, მეორეს მხრივ ამით აღსრულდა ბუნებაში არსებული “ორი ბოლოს მსგავსების კანონი”, ანუ ვარსკვლავთ სიუხვე არ აღიქმება შორიდან და ახლოდან. თბილისს გასცდები და... ჰოჲ, საოცრებავ: უღრუბლო და უნისლო ამინდში ღამით ციდან დაგცქერის სამიოდე ათასი კაშკაშა მოსიყვარულე მანათობელი ობიექტი. სხვაგან ასეთ რამეს ვერ ნახავთ. არადა, თუ მეცნიერთა განმარტებით “ვარსკვლავები – გავარვარებული აირისგან შემდგარი თვითმნათი სხეულებია”... (იხ. “ქართ. საბჭ. ენციკლოპედია”. I ტ. გვ. 305), ისინი ყველა შემთხვევაში თანაბრად უნდა ასხივებდნენ ჩვენი პლანეტის ნებისმიერ ჩაბნელებულ უღრუბლო რეგიონს. მაშ, რატომ არ ეფინება მათი გამონათება ერთნაირად დედამიწის შემობრუნების დროს საქართველოს, აფრიკასა და ამერიკას?! ე.ი. ვარსკვლავები არ არიან თვითმნათი ობიექტები, ასტრონომთა დასკვნები ამ მხრივაც მცდარია.

იმ წლებშივე გადავივსე ფიქრებით, რა სახის ხეა აღწერილი ძველთა ნაწერებში, რა საერთო აქვს ამას ვარსკვლავებთან, რატომ ჩანს საქართველოდან ყველაზე ბევრი მნათობი, ანდა რატომ დღემდე ვერავინ შენიშნა ეს. მიუხედავად იმისა, ფაქტი – ღამის ცა – სახეზეა, საზოგადოება ყველა შემთხვევაში მოითხოვს მეცნიერულ დასაბუთებას. კი ბატონო! გთავაზობთ ჩემს მიერ მომზადებული ინტერვიუს ფრაგმენტს ცის სპეციალისტთან, ტელეფონით გავესაუბრე და ჩავიწერე. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ვცრუობ და მისი კომენტარი ჩემი შეთხზულია, ჯერ ერთი, ეს კაცი ცოცხალია, ან დამიკავშირდით ნომრით 5-77 458-144, შევხვდეთ და ამ ჩანაწერს მოგასმენინებთ. მეცნიერთან გასაუბრების დროს გაირკვა: თურმე სივრცის ეს “ანომალია” ცნობილი ყოფილა ჩვენი და უცხოელი მკვლევარებისთვის, მაგრამ ეს რეალობა მათაც ქართული ატმოსფეროს გაიშვიათებით ახსნეს. ასტროფიზიკოსთა ლაბორატორიის ერთ-ერთმა პროფესიონალმა, ხანდაზმულმა ასტრონომმა ასეთი რამ აღიარა, მესაუბრა პროფესორი ვიქტორ ჯაფიაშვილი:

“...ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს, პეტერბურგიდან აბასთუმანში ჩამოიტანეს და იქვე ყანობილის მთაზე დადგეს პატარა ტელესკოპი, საიდანაც დაკვირვებებს აწარმოებდნენ ე.წ. ‘ჯერად ვარსკვლავებზე’. ამ დროს ორი ან სამი მნათობი იმყოფება ერთად. თუ ატმოსფეროს გამჭვირვალობა დაბალია და ხედვის უნარი შესუსტებულია, ისინი ერთმანეთს ერწყმიან და დასაშვებია, ეს რამდენიმე ვარსკვლავი დავინახოთ როგორც ერთი; თუ ხედვის კარგი გამჭვირვალობაა, შეიძლება მათ შორის გაიზომოს მანძილებიც. მაგრამ, საოცარი რა არის: სივრცის ასეთი სურათი მოჩანს მხოლოდ საქართველოდან! ეს ყველგან გამოქვეყნდა იმ წლებში და ამ ფაქტმა მიიპყრო მსოფლიოს ასტრონომთა ყურადღება – ამერიკელების, გერმანელების... უცხოელმა სპეციალისტებმა დაასკვნეს, რა კარგი პირობები ყოფილაო თბილისთან. სხვა განმარტება იმისა, რატომ ვხედავთ საქართველოდან შედარებით უამრავ ვარსკვლავს, მეცნიერულ ასტრონომიას არ აქვს”! აჰა, ხალხო, პროფესიონალი სწავლულის დასტურიც.

ფაქტია, პროფესორმა ვერ დამალა სიმართლე, რომ ქართული მიწიდან უფრო მეტი მნათობი მოჩანს ღამღამობით, რის გამოც XX საუკუნის დასაწყისში ვარსკვლავიერი ცის ფოტოგადაღების მიზნით უცხოელი სპეციალისტები აქ ჩამოდიოდნენ. საუბრისას ბატონ ვიქტორს ვკითხე, რამ განაპირობა აბასთუმნის განსაკუთრებულობა. მიპასუხა: “ჩვენი ობსერვატორია 1700 მეტრზეა ზღვის დონიდან. ამის გამო, იქ რომ ავდივართ, დანარჩენი ყველაზე გაჭუჭყიანებული სქელი ფენა რჩება ჩვენს ქვემოთ, ხოლო ზედა ფენა შედარებით გამჭვირვალეა”... რაც შეეხება მის დასკვნას, თითქოს ბევრი მნათობი მხოლოდ სიმაღლის გამო მოჩანს იქიდან, მცდარია! ველისციხეში ვარ დაბადებული და გაზრდილი, ალაზნის ველზე, წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ დაბლობს (!). თუმცა, როცა ჯარიდან დავბრუნდი... (რუსეთში ვიმსახურე და ორი წელი ვაკვირდებოდი იქაური ღამის თაღს), ვარსკვლავთა სიუხვე სწორედ ჩემი სოფლიდან დავაფიქსირე ახალგაზრდობაში. მაშ, რა შუაშია აქ აბასთუმნის სიმაღლე?! კაშკაშა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა მშვენივრად მოჩანს შავი ზღვის ქართული სანაპიროებიდანაც. ამრიგად, ჩვენგან რომ გაცილებით ბევრი მნათობი აღიქმება შუაღამით, მოდით, ამაზე მაინც ნუ ვიდავებთ, ეს დადასტურდა ოთხი კონტინენტის 23 სახელმწიფოდან! მაგრამ, საინტერესო ის არის, რატომ ხდება ეს, რაც აღწერილი მაქვს პირადი ხუთწიგნით, ვეებერთელა თემაა. როცა ეს შეკითხვაც დავუსვი პროფესორ ვიქტორ ჯაფიაშვილს, დედამიწის სხვა-რომელი რეგიონიდანაა შესაძლებელი 3000-მდე ვარსკვლავის დანახვა შეუიარაღებელი თვალით, მან დამისახელა ჩილეს ტერიტორია, კერძოდ, ანდების მთები. უკვე საჭიროა გრანტი ან სპონსორი, რათა ორი-სამი სანდო კაცის თანხლებით წავიდე იქაც და მათი ვარაუდი გადავამოწმო. ეს იყო მეცნიერთა კონცეფციები.

ციური “ხის” ღვთაებრივი უნარი რომ მხოლოდ ადამიანებს სცოდნოდათ უწინ, ვიღაცის ფანატიკურ ოცნებას მაინც მივაწერდი. საკვირველი ის გახლავთ, მხეცები როგორ გრძნობდნენ მის მადლს. წავიკითხოთ მცირე ტექსტი იოანე ბატონიშვილის წიგნიდან “ხუმარსწავლა” (I ტ. გვ. 102): “ეს ხეც მის საღმრთოს კვართის მოპოვების მიზეზი იყო და მოქცევისა ჩუენისა ნიშანი, რომელიცა იქმოდა სასწაულებსა ესრეთ, რომელ, ოდესაც დაჭრილი ნადირი შეეხებოდა ამა ხესა, განიკურნებოდა; აგრეთვე ავადმყოფნი, ანუ ფრინველნი მტკივნეულნი განიკურნებოდნენ”.

იქ, სადაც დედამიწაზე “სიცოცხლის ხე” პროექცირდება, აუცილებლად უნდა დაეარსებინათ მეფეთა და სულიერ მოძღვართა სხეულების სამუდამო განსასვენებელი. მიუხედავად იმისა, ასეთი ადგილი საქართველოშია და მეტაღერძის დიდებული ტაბუ ალბათ ჩვენმა ყოველმა მეფემ იცოდა, ზოგიერთი ვერ ბედავდა, მისი სხეული დაეკრძალათ კოსმიური სვეტის ეპიცენტრში. მაგალითი: ერთ-ერთ ძველქართულ ტექსტში ნათქვამია: “თავი შენი შეჰვედრე სუეტსა მას ზეგარდმოდიდებულსა და პატიოსანსა ჯუარსა ცათა შინა ჩინებულსა” (ეს ციტატა ვისესხე ჟურნალიდან “მნათობი”. 1991 წ. № 5. გვ. 132). იქვეა: “თვით მირიანი აქ არ დაკრძალულა არა იმიტომ, არ სურდა სასწაულთმოქმედი სვეტის სიახლოვეს ეპოვა სამუდამო განსასვენებელი, არამედ... ვერ გაბედა” (გვ. 133). ე.ი. დიადი სვეტის საკრალური საიდუმლო და ადგილსამყოფელი ჩვენში სცოდნიათ II-III საუკუნეში. მიუხედავად იმისა, ვინ-რომელი შეუშლიდა ხელს მეფეს, პირადი განსასვენებელი წინდაწინ დაეთქვა “სიცოცხლის ხე”-სთან ახლოს, ის უარს ამბობს, რათა გარდაცვალების მერე მისი სხეული დაკრძალონ კოსმიური ზე-მოვლენის შორიახლოს, ვერ გაბედაო. ნახეთ, რაოდენ დიდია ჩვენი წინაპრების მოკრძალება ცის სვეტისადმი. და მაინც...

მირიან მეფემ რატომ განაცხადა უარი, მისი მიცვალების შემდეგ წმიდა სვეტის სიახლოვეს დაკრძალვაზე? აი, რას ამბობს ამის შესახებ თავად მირიანი ვრცელ “ნინოს ცხოვრებაში” დაცულ მოგონებებში (იმავე გვერდიდან): “და აღვაშენე ზემოჲ ეკლესიაჲ თავისა ჩემისათვის ქვითა და ერისა სიმრავლითა, რამეთუ ქუემოსა ეკლესიასა ერქუა წმიდაჲ წმიდათაჲ და ყოლადვე ვერ ვიკადრებდი კართა მისთა განხუმად თვინიერ... რამეთუ შიში დიდი დაცემულ იყო ყოველსა ზედა კაცისა სუეტისა მისგან ცხოველისა. და ჰხედვიდა ყოველი კაცი სუეტსა მას ვითარცა ძალსა მისსა ღმრთისასა. ...და ვერ ვიკადრე წინაშე მისსა აღმოკუეთად მიწაჲ სამარედ ჩემდა, რათამცა დავსხენ ხორცნი ჩემნი მის წინაშე, რამეთუ მეშინოდენ მისგან ცოდვისა ოდენ მოქმედსა”. ვის ძალუძს, იკადროს და განაცხადოს, რომ ზენაარესთან დაკავშირებული არანაირი “სუეტი” საქართველოში არ არსებობს.

რა არის “სიცოცხლის ხე”? ეს რომ სამყაროს “ნერვული სისტემაა”, მოდით, ამას თავი დავანებოთ და გლეხური ენით აგიხსნით: თუ ძაფების იქითა ბოლოებს ყოველი ვარსკვლავიდან გამოვჭიმავთ ჩვენი მომართულებით, აქეთა ბოლოებს კი დედამიწაზე, ქართული მიწის ქვეშ არსებულ დაფარულ მზეს მივამაგრებთ, მივიღებთ გრანდიოზული ზომის ხისმაგვარ ქსელს. ახლა წარმოიდგინეთ, სივრცეში ვითომ გაჭიმული ძაფები – ზესინათლის უხილავი სხივებია... აი, რა არის ბიბლიური “სიცოცხლის ხე”, რომლის ერთიანი სხივების მესამედი (ოდენობით) პროექცირდება ხარაგოულის მთებში მიგნებულ ქვის ვეშაპზე. ვნახოთ, წმიდა ტექსტების ერთ-ერთმა ავტორმა რა იცოდა ამის შესახებ და, სიტყვას გაძლევთ, კიდევ ერთხელ მოიხიბლებით.

დიდმამათა უწყებით, ვარსკვლავიერი ცის მესამედი უშუალოდ უკავშირდება ქვის როგორიღაც ვეშაპს, რაც იოანემ სულში ყოფნისას ნახა და შემდეგ თავისი “გამოცხადებით” გვანიშნა. ეს უნდა წაგაკითხოთ აუცილებლად (12-3. ჩემი ხაზგასმით): “აჰა ვეშაპი დიდი... (4) და კუდი მისი მიითრევდა მესამედსა ვარსკულავთა ცისათა”! ახლა არ მითხრათ, მოციქულმა რომელიმე ოკეანეში მოლივლივე ნამდვილი ვეშაპი იხილა გამოცხადებისას და მასზე წერს. როგორ გეკადრებათ! იბადება საღი შეკითხვა: თუ დედამიწა სამყაროს ცენტრს არ წარმოადგენს, როგორ აღმოჩნდა როგორიღაცა “ვეშაპი” ვარსკვლავიერი ცის ეპიცენტრში?! აი, რა სახის ცოდნა შემოინახა ძველქართულმა ეზოთერულმა მეხსიერებამ. ქართველებმა რომ ეს გავახმაუროთ, კაცობრიობის მეცნიერული აზროვნება აყირავდება!

რაც შეეხება ლეგენდარულ ვეშაპს, ის ყოფილა ხელთნაკეთი მთა-ბანი, რითაც დღემდე დაკეტილია მთავარი ჩასასვლელი კავკასიის ქვეშ, თავად ეს ვეშაპი კი ეყრდნობა ლოდებით ნაგებ უდიდეს კუს. აი, ჩვენმა ბიჭებმა რას მიაგნეს ხარაგოულის მთებში 1989 წელს, ნუნისთან; თურმე რატომ აიკვიატეს ძველებმა, მთელი სფერული სივრცე კუს “ეყრდნობაო”! ჰო მაგრამ, სამყაროს იქითა მხრიდან რა სახის ზე-ენერგია შემოდის ჩვენკენ?! ის გახლავთ ზე-იქ დავანებული პლაზმა, რაც განმარტებულია აქვე, ამ საიტზე განთავსებულ სხვა სტატიებში (https://Esoteric-writer.webnode.com), ან ამ სურათს დახედეთ (ილუსტრაცია 3), შექმნილია გასული საუკუნეების ერთ-ერთი ჭკვიანი კოსმოლოგის მიერ, ვინც იცოდა და დაიჯერა, რომ ამ სამყაროს შემოსაზღვრავს არაამქვეყნიური ციალი. თუ ატყობთ, რა დონის მიგნებასთან გვაქვს საქმე, და 30 წლის განმავლობაში სავარძლებიდან ვერ ავწიე ჩვენი აკადემიკოსები, იქაურობა “პანსიონატს” დაამსგავსეს. არ ვიცოდე მაინც, ვისი ამორჩეულია ეს ხალხი და ვის ემსახურებიან. განა ამას დაუშვებს ბუნება, ეგეთი საქართველო განვითარდეს?! ამიტომ იკადრა მიშამ – “ჩასარეცხებიო”! სწორია!!!

აქვეა ამ სტატიის მე-4 ილუსტრაცია, თუმცა ეს არ გეგონოთ ჩვეულებრივი გლობუსი. ესაა სფერული სამყაროს მაკეტი, გაკეთებულია გასული საუკუნეების აღმოსავლეთში. ოღონდ, კარგად დააკვირდით: ავტორმა მისი გარსი რამდენიმე ადგილზე გახვრიტა და ამით გვანიშნა, რომ ვარსკვლავთა შრე – ამ სამყაროს ზე-უკანასკნელი ფენაა (ინახება თურქეთის ეროვნულ მუზეუმში, სტამბულში, პირადად ვნახე და დავაფიქსირე).

რატომ ვენდოთ ძველ სწავლებას ან – არაპროფესიონალი მკვლევარის დასკვნებს? ჩემზე ვამბობ. არც უნდა ენდოთ, მაგრამ მართალი ლოგიკა როგორ დავამარცხოთ?! მაგალითად, დავუშვათ, დღეის სწავლულთა აზროვნება უფრო საღია. ნახეთ, რა ხდება: მეცნიერების ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ სამყარო უსასრულოა, მეორენი კი მისი გაფართოების თეორიას აღიარებენ. მოილაპარაკონ მაინც, რას გვასულელებენ, ლაფსუსი და ასეთი?! თუ მათი პირველი ვერსიით სამყარო უსასრულოა, როგორ და რაში უნდა გაფართოვდეს იგი. მე რომ მეთქვა, მეცნიერებს შენიშვნა უნდა მოეცათ. და თუ სამყარო ფართოვდება, მას ჰქონია როგორიღაც საზღვარი. ამ შემთხვევაში კი, რა არის ჩვენი სამყაროს იქით? არ იციან. ამავე საიტზე მიდევს უაღრესად საინტერესო პოსტი სათაურით "სამყაროს იქითა დოკუმენტური კადრები", რომლებიც ნასა-ს სპეციალისტებმა დააფიქსირეს, თავადაც ხომ უცქერენ, მაგრამ აზრზე ვერ მოდიან რა არის!

ახლა ამავე საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ პირად დასკვნას და ვუპასუხებ მეორე შეკითხვას, რატომ რჩება ღამის ცის დამკვირვებელს ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ვარსკვლავები ქართულ მიწასთან უფრო ახლოსაა: ვთქვათ, ვიმყოფებით თეატრის დარბაზში. მიმდინარეობს წარმოდგენა. სცენაზე სიბნელეა. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორის გადაწყვეტილებით, სცენის გამნათებელმა მხოლოდ მთავარი გმირი უნდა შეანათოს. ამ დროს კულისებში მიფარებული მანათის რაკურსი შევიწროებულია ისე, როგორც ნაჩვენებია მე-5 ილუსტრაციაზე. დააკვირდით, მანათის სხივი ვიწროა. რა ჩავიფიქრე ამით... ჯერ შეკითხვა მაქვს მკითხველთან: თქვენი აზრით, ვის უფრო მეტი სინათლე დაეცემა ამ დროს? რასაკვირველია – მთავარ გმირს, თუმცა მანათის გამჭოლ სხივს აუცილებლად დაინახავს ყოველი მაყურებელიც, მაგრამ – სუსტად. სწორედ ეს ხდება დიდი მასშტაბებით ვარსკვლავებთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, ცის წყობის ცენტრალურ ობიექტს, სპექტაკლის წამყვანი მსახიობის ნაცვლად, ამ შემთხვევაში წარმოადგენს ქართული მიწა, რადგან ჩვენი ტერიტორია ყოფილა ყველა მნათობთა სხივების პროექციის ძირითადი არეალი! ამიტომაა, თუ დედამიწის სხვა რეგიონში იმყოფები, ვარსკვლავთა გამონათება სუსტია; როცა საქართველოდან აკვირდები, ისინი უფრო “ბევრია” და შედარებით კაშკაშა სინათლეს ასხივებენ.

ალბათ ჯერ გაუგებარია, რატომ მოჩანს აქედან ვარსკვლავები ახლოს, გეგონებათ თავს დაგყურებენ. მოდით, ისევ თეატრის დარბაზში გადავინაცვლოთ გონებით. ვინაიდან ამგვარი განათების დროს ვერ ადგენ, რა მანძილითაა დაცილებული სცენის ძლიერი მანათის სინათლე ნათურიდან სპექტაკლის მთავარ გმირამდე, იმიტომ რომ, ამ მომენტში რთულია განსაზღვრა იმისა, სხივის რომელი მონაკვეთიდან აითვალო მანძილი მსახიობამდე... (ის შუქი ხომ გრძელია), ვერაფრით დაადგენ, სინათლე ახლოსაა მასთან თუ შორს, ან რამდენი მეტრია “პროჟექტორსა” და მთავარ გმირს შორის. ფაქტობრივად, მანათის სხივი იწყება მანათში და წაგრძელებულია სცენამდე. მაგრამ, თუ მაყურებელი დაინტერესდება გაზომოს ეს, მას სრული გასაქანი აქვს შორიდან დაადგინოს მანძილი სხივის საწყისსა და სცენის სიბრტყეს შორის. ვგონებ ისევ გაუგებრად გითხარით. დავაზუსტებ...

ვთქვათ და უღრუბლო, უმთვარეო და უნისლო ღამეა. ვდგავართ საქართველოს რომელიმე დაუსახლებელ რეგიონში. ვინაიდან, წეღანდელი სცენის მანათის შევიწროებული რაკურსის მსგავსად, ნებისმიერი ვარსკვლავის პირდაპირი სხივი აქეთ, ქართული მიწის მომართულებით იხედება, მისი მკრთალი და წაგრძელებული მოციმციმე სინათლის მანძილის დადგენა წარმოუდგენელია, იმიტომ რომ გრძელია. მაგალითად, ჩვენ რომ, ჩემო მკითხველო, ძაფი გავჭიმოთ ჩვენს შორის, განა დასაშვებია იმის განსაზღვრება, რა მანძილია ძაფიდან თქვენამდე ან ჩემამდე? ე.ი. ძაფის რომელი მონაკვეთიდან დავადგინოთ ეს? აბსურდია! ანალოგიური რამ ხდება ვარსკვლავებთან მიმართებაშიც. რა არის რთული.

ახლა წარმოიდგინეთ იმყოფებით სადღაც იქ, დედამიწის სხვა რეგიონში, და აკვირდებით შუაღამის მოწმენდილ ცას. გთხოვთ, დამიჯეროთ, ისე როგორც თეატრის მაყურებელი ხედავს შორიდან მანათის ვიწრო სხივს, თუმცა ხედავს, ოღონდ – სუსტად, ვიდრე სპექტაკლის მთავარი გმირი, ასევე მკრთალად დაინახავთ ვარსკვლავთა იმ ნებისმიერ ჯგუფს, რომლებიც ცაში კაშკაშებენ. თანაც, რაკი უცხო ქვეყნიდან ვერ მოხვდებით ვერც ერთი ვარსკვლავის ცენტრალური სხივის ეპიცენტრში, იქიდან ყველა შემთხვევაში ყოველი მათგანი მოგეჩვენებათ შორს. ეს უკვე გადავამოწმე წლების მანძილზე და ექსპერიმენტულად დადასტურდა. დიახ, გესაუბრებით რეალური ფაქტებით!

ბოლოს და ბოლოს, ვის მოსაზრებას ვენდოთ?! ვთქვათ, ასტროფიზიკოსი სჯულით ქრისტეანია. დაუშვებელია, ამის გამო არაფრად ჩააგდოს ძველინდური რელიგიური სწავლება, სადაც უფალი-ღმერთი არჯუნას ეუბნება (წიგნიდან “შრიმად-ბჰაგავატამი”. 2-6-11. იხ. კომენტარი): “ამ სამყაროს, რომელიც ბრაჰმას სამფლობელოს წარმოადგენს, სფერული ფორმა აქვს”. აი, საღი პასუხი იმისა, როგორია შავი და ცივი კოსმიური სივრცე. რას ფიქრობთ, უზენაესის ცოდნას ვენდობი თუ აკადემიკოსთა მდაბიო დასკვნებს, რომლებიც, ჩემი აზრით, ქართული სამეცნიერო აზროვნების განვითარების მთავარ წინაღობას წარმოადგენენ.

რომელიმე მკითხველი გაღიზიანდება, რა მნიშვნელობა აქვს, სამყარო სფეროა თუ კუბი?! დაიცათ... ვიდრე ეს საკითხი არ ჩამოყალიბდება, მანამდე ვერ გაიგებთ, რამ უნდა წარმოშვას შორეულ სივრცეში ის ძლიერი სხივი, რამაც უახლოეს წლებში ერთ-ერთი ქართული მთა უნდა ჩაგლიჯოს. და რა მოხდება?! ამ თემაზე ვისაუბრე ერთ-ერთი ტელეგადაცემით (YouTube-ის საძიებელ სარკმელში ქართულად აკრიბეთ “გივი ალაზნისპირელი” და იქ დევს ეს ჩანაწერები), მაგრამ ახალი წლის წინა დღეებში სადღესასწაულო ლუკმა არ ჩავუმწარე ჩვენს მოსახლეობას და ყველაფერი არ ვთქვი. “ძველი აღთქმის” დიდი მასწავლებელი ეზრა ამის თაობაზე გვამცნობს (3, 10-54): “ვერ გაძლებს კაცის ხელით ნაგები შენობა იმ ადგილზე, სადაც უზენაესი ქალაქი უნდა გამოცხადდეს”! ნახეთ, რას გვპირდებიან, მერე ჩვენი დიდება იწყება! ოღონდ, ქართული მთების რა პარამეტრებს დააზიანებს ეს უნიკალური კატაკლიზმი, არ ვიცი, ერთი კაცი ვერ ვასწრებ ყველა ამ საკითხის თავმოყრას. მოკლედ, უნდა გაუძლოთ! – ესე იგი, დავიღუპებით??! – არავითარი! საჭიროა წინდაწინ გაითვალოთ, სად ჩაარტყამს ზესინათლე, რათა იმ რეგიონის მოსახლეობის ევაკუაცია მოასწროთ. იქნებ ხარაგოულის მთებია ნავარაუდევი, ქვის ვეშაპიც იქაა მიგნებული... ვერ გეტყვით! ლეგენდების მიხედვით, სამყარო ეყრდნობაო კუს და სამ ვეშაპს. ერთი ასეთი ნაგებობა ნამდვილად მიგნებულია სოფელ ნუნისთან, მაგრამ დღესაც არ ვიცი, სად მიმალეს დანარჩენი ორი. ან, მე რატომ უნდა ვიკვლევდე ამ საკითხს, როცა არსებობს საპატრიარქო და მეცნიერებათა აკადემია. რას აკეთებენ!

თუ კიდევ ერთი სამოქალაქო არეულობა დაიწყება ჩვენთან, სფერული სამყაროს ძალწირები მით უფრო დაიძაბება და ამით სივრცის სვეტის სისტემა აირევა. მიწისძვრებიო?! ეს ცოტაა! მოკლედ, თხრობას დავასრულებ იმით, რითაც დავიწყე. შუმერი იმ ეპოქიდან გვაფრთხილებს: “კოსმიური ხის ამოძირკვა – სამყაროს კატასტროფად, ცად და მიწად დამყარებული წესრიგის მოშლად და ქაოსის შემოტრიალებად არის დასახული”!

დავუშვათ, ცის მეცნიერებმა ჩემი ეს კონცეფცია გადაამოწმეს, დიდი ექსპერიმენტი ჩაატარეს და არ გაამართლა. ასეთი რამ დასაშვებია ორ შემთხვევაში: ან სხვა, ყალბ ფოტომასალას წარმოადგენენ, ანდა საერთაშორისო პოლიტიკური ელიტა დაფარავს სიმართლეს ერთი მოსაზრებით: მსოფლიო მზად არ არის ამ უდიდესი ნოვაციისთვის. შიშობენ, ძველქართული კოსმოგონიური აზროვნება პლანეტის სრულიად მოსახლეობას გააბითურებს!

*       *       *

(დასაწყისი ნახეთ: https://esoteric-writer.webnode.com/კიდევ-ერთი-დიდი-სენსაცია…/).

ამ თემაზე, თუ რა არის და სადაა „სვეტი-ცხოველი“, რაც შორეული წარსულის კოლხურ-იბერიული დიდი ცივილიზაციების რეალური მიზეზია, დავიწყეთ ვიდეოსაუბრების ჩაწერა სახელწოდებით „დაკარგული ბაბილონი“. მეორე ნაწილის ბმული აგერაა. დასაწყისში მცირე ხნით ჯერ წყალბადის ატომის ნოვაციურ სტრუქტურას განვმარტავ. ფილმი არ გადაახვიოთ, თორემ ვერაფერს მიხვდებით.

 
(მეორე ნაწილის ქართული ვერსია):
https://www.youtube.com/watch?v=XjCz9tfJJbU
(მეორე ნაწილის ინგლისური ვერსია):
https://www.youtube.com/watch?v=6ILQRjaWmug
(მეორე ნაწილის რუსული ვერსია):
https://www.youtube.com/watch?v=d-FpAqgRIBk
(ქართული ვერსია):
https://www.youtube.com/watch?v=XjCz9tfJJbU
(ინგლისური ვერსია):
https://www.youtube.com/watch?v=6ILQRjaWmug
(რუსული ვერსია):
https://www.youtube.com/watch?v=d-FpAqgRIBk
 

Contact

Esoteric writer 4, Energeticians Str. Zahesi
Tbilisi. Georgia. 0117
+995577458144 Alaznispireli@hotmail.com